• Geo
  • Eng
21.07.2021
ურთიერთშეხვედრები ისრაელის გუნდებთან

დინამო თბილისს ისრაელის გუნდებთან ოფიციალური საერთაშორისო მატჩი აქამდე არ ჩაუტარებია და მაქაბი ჰაიფასთან პაექრობა სადებიუტო იქნება.

რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს 2016 წელს დინამო თბილისი მაქაბი ჰაიფას ავსტრიულ შეკრებაზე შეხვდა. 29 ივნისს ბიშოფსხოფენში ჩატარებული მატჩი თბილისელებმა 2-0 მოიგეს. გოლები გიორგი ქვილითაიამ და ოთარ კიტეიშვილმა გაიტანეს.

1989 წლის ბოლოს დინამოელებმა ისრაელში ტურნე გამართეს და ოთხი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. 28 ნოემბერს მაქაბი ჰაიფასთან დავით ყიფიანის გუნდმა თემურ ქეცბაიას გოლით 1-0 იმარჯვა. მომდევნო დღეს დინამო ნაზარეთის ჰაპოელს შეხვდა და დიდი ანგარიშით 5-1 დაჯაბნა მეტოქე. გია ჯიშკარიანმა ჰაპოელს სამი გოლი გაუტანა. თითოჯერ თავი გიორგი დარასელიამ და ზაზა რევიშვილმა გამოიჩინეს. 5 დეკემბერს თელ ავივის მაქაბისტან მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. გოლი თემურ ქეცბაიას ანგარიშზეა, ხოლო 6 დეკემბერს დინამო ისრაელის კლუბების ნაკრებს შეხვდა და 2-1 მოიგო. გოლები გელა კეტაშვილის და თემურ ქეცბაიას ზუსტ დარტყმებს მოჰყვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021