• Geo
  • Eng
18.07.2021
ჩვენი მეტოქე - მაქაბი ჰაიფა

დინამო თბილისი უეფას კონფერენს ლიგის სადებიუტო მატჩს მაქაბი ჰაიფას წინააღმდეგ ჩაატარებს. აღნიშნული გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი თბილისში 22 ივლისს გაიმართება და 20.30 დაიწყება.

მაქაბი ჰაიფა 1913 წელს დაარსდა და ისრაელის ფეხბურთის ერთ-ერთ ტიტულოვან წევრად ითვლება.

საშინაო მატჩებს მაქაბი მშობლიურ ქალაქში მდებარე სემი ოფერის სახელობის 30 000- იან სტადიონზე მართავს. კლუბი 1955 წლიდიან კირიატ ელიეზერის სტადიონზე ასპარეზობდა, ბოლო მატჩი კი ხსენებულ არენაზე 2014 წელს თელ ავიველ თანაკლუბელთან გამართა. ხაიფაელთა საკლუბო ფერებად თეთრი და მწვანე ითვლება. საფეხბურთო მაქაბი ჰაიფას სპორტულ კლუბს წარმოადგენს, სადაც ფეხბურთის გარდა ასევე კალათბურთის, ცურვის, ძალოსნობის, ჩოგბურთის, ფრენბურთის, წყალბურთის, ჰოკეის, კრივის და ა.შ. სექციებია გაერთიანებული.

მაქაბი ჰაიფა ისრაელის 13 გზის ჩემპიონია. პირველად ჰაიფას გუნდი 1983/84 სეზონის გამარჯვებული გახდა, წელს კი მაქაბიმ ათწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა ოქროს მედლები. ქვეყნის თასი გუნდმა 6- ჯერ (ბოლოს 2016 წელს) მოიპოვა. ტოტოს თასი მაქაბიმ 4- ჯერ (1994, 2003, 2006, 2008) აღმართა, ხოლო ისრაელის სუპერთასი 3- ჯერ (1962, 1985, 1989) მოიპოვა. მაქაბიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ 2002/03 და 2009/10 წლებში იასპარეზა. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი ჰაიფას გუნდმა ასევე ორჯერ 2011/12 და 2013/14 წლებში მოსინჯა ძალები.

შარშანდელი სეზონიდან გუნდს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - 41 წლის ბარაკ ბახარი წვრთნის. ჰაიფას კლუბში იგი ჰაპოელ ბეერშევაში გატარებული საკმაოდ წარმატებული ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ მოხვდა. ჯამში როგორც მწვრთნელს ბახარს 4 საჩემპიონო ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. საფეხბურთო კარიერა ბარაკ ბახარს ძირითადად კირიატ შმონას ირონში აქვს გატარებული, მანამდე კი ფეთაჰ ტიკვას ჰაპოელის ღირსებას იცავდა.

მაქაბი ჰაიფას რგებში 2009/12 წლებში საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი ასპარეზობდა, ხოლო მთავარი მწვრთნელის ასისტენტად  გიორგი დარასელია მუშაობდა.

მაქაბი დინამოს დარად კონფერენს ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ გადმოერთო. მაქაბი ალმათის კაირათს შეხვდა და ხაიფაში გამართულ პაექრობისას 1-1 დაუზავდა. ალმათიში ჩატარებული მატჩი მასპინძლებმა 2-0 მოიგეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024