• Geo
  • Eng
12.09.2020
გამარჯვება ბათუმელებთან და დაბრუნებული პირველი ადგილი

ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში შედგა. შეხვედრა ბათუმში უნდა გამართულიყო, თუმცა აჭარაში არსებულმა ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ ამას ხელი შეუშალა. დინამო ბათუმმა დინამო თბილისს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.

მოქმედი ჩემპიონისა და ვიცე ჩემპიონის შეხვედრა მოლოდინისამებრ საინტერესოდ წარიმართა. შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელები ერთი ქულით უსწრებდნენ დედაქალაქელებს. დედაქალაქელთა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე გადანაცვლება იხილა გულშემატკივარმა. ჩისკო მუნიოსმა ძირითადში ფილიპ ორშულა და გიორგი ზარია გაამწესა. ფორვარდის პოზიციაზე კი გიორგი გაბედავამ დაიკავა ადგილი. შეიძლება ითქვას, რომ გადანაცვლებამ გაამართლა. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი ნოდარ ქავთარაძის შეტევის მარცხენა ფრთიდან მწვავე ჩაწოდებას მოჰყვა, ბურთს გიორგი გაბედავა ბოლო წამს ვერ შეწვდა. ცოტახანში ბაქარ ქარდავას შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი ბათუმელთა კარის ხარიხამ მოიგერია. დედაქალაქელებმა უმატეს შეტევებს და 38- ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. მოედნის ცენტრში ფილიპ ორშულამ ითამაშა კარგად, ერთი შეხებით ბურთი გიორგი გაბედავას გააყოლა, ფორვარდმა კი დაახლოებით 25 მეტრიდან გაისროლა და ბურთი მიხეილ ალავიძის კარის ცხრიანში გაახვია და ლურჯი ფორმით თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა. ტაიმის დასარულს ასევე ცხრიანში, ასევე ძლიერი დარტმით და თითქმის იმავე ადგილიდან უკვე ბაქარ ქარდავამ გაისროლა და თბილისელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმი 7 წუთის დაწყებული გახლდათ, როდესაც გიორგი ზარიამ მეტოქის საჯარიმოს მისდგომებთან მიიღო ბურთი, ცრუ მოძრაობით ჩამიოცილა ერთი მეტოქე და ტექნიკური დარტყმით მესამედ აიღო ალავიძის კარი 0-3. მასპნძლებმა ორჯერ მიიღეს თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულების უფლება. პირველ ჯერზე ჯაბა ჯიღაურის დარტყმული როინ კვასხვაძემ კუთხურზე უკუაგდო, მეორედ შეხვედრის ბოლოს ვალერიან თევდორაძის დარტყმულს კი შეწვდა დედაქალაქელთა გოლკიპერი, თუმცა გოლი მაინც გავიდა და საბოლოოდ თბილისელებმა 3-1 აჯობეს ზღვისპირელებს, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ და უელსელებთან შეხვედრისთვის მოემზადებიან.

 

 

დინამო ბათუმი 1-3 დინამო თბილისი

 

გოლი: 0-1 გაბედავა 38’  0-2 ქარდავა 45’  0-3 ზარია 52’  1-3 თევდორაძე (პენ) 89’

გაფრთხილება: ქავთარაძე 72’  გონსალვესი 77’  კუცია 87’

 

დინამო ბათუმი: ალავიძე, ჩალაძე, ტეიდი, მანჯგალაძე, კობახიძე, მამუჩაშვილი, ჯიღაური, ობოაბონა, გონსალვესი, რეინალდუ, ნიქაბაძე

დინამო თბილისი: კვასხვაძე, იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე, ქარდავა, პაპავა, ორშულა, ქავთარაძე, ზარია, გაბედავა

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020