• Geo
  • Eng
30.01.2020
პირველი შეკრება დასრულდა

დინამოელებმა პირველ თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი კრაკოვის ვისლასთან ჩაატარეს. სპარინგი საინტერესოდ და ორმხრივი შეტევებით წარიმართა. დინამოელთა დაცვის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილმა და გუნდის ახალწვეულმა საიმონ ბენიომ დაიკავეს ადგილი, შეტევაში კი ლევან მჭედლიძე გაისარჯა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე მიილია, თუმცა შეიძლება აღინიშნოს, რომ დინამოელთა სრული სათამაშო უპირატესობით გამოიხატა. ტაიმის შუაში ნიკა ნინუას თავურს ოდნავ სიზუსტე დააკლდა. მომდევნო შეტევაში ისევ ნინუას მოჭრილი დარტყმული და ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა კრაკოველთა კარს. მეორე ნახევარში კახა ჩხეტიანმა ცვლილებებს მიმართა, ოპონენტმა კი შეტევას უმატა. მე- 60 წუთზე ბუკსამ თბილისელთა დაცვის ხაზის შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში. ექვსიოდე წუთში თორნიკე კაპანაძე წააქციეს საჯარიმოში, თერთმეტმეტრიანი კი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და სტატუს ქვო აღადგინა. ცოტახანში პენალტი უკვე დინამოს კარში დაინიშნა. თავის შანსი არც გამოცდილმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ გუშვა ხელიდან. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და მათ სწრაფ კომბინაციას ტექნიკური დარტყმით გიორგი მოისწრაფიშვილი აგვირგვინებდა, ვისლას მეკარემ ბურთი ბოლო წამს მოიგერია კუთხურზე. 86- ე წუთზე ნოდარ იაშვილის ჩაწოდებულს ანზორ მექვაბიშვილმა შეაგება თავი და დინამომ კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში 2-2. შეხვედრის ბოლოს პოლონელებმა საჯარიმო მოაწოდეს, ბურთს პირველი და სილვა ჰებერტი დაუხვდა და გოლიც გაიტანა. საპასუხოდ დინამომ სწრაფი შეტევა განახორციელა, სანდრო კალანდაძემ სახიფათოდ ჩააწოდა საჯარიმოში, ბურთზე მიმავალი თორნიკე ახვლედიანი კი ძალისმიერი ილეთით ჩამოიცილა მცველმა, თუმცა მსაჯის სასტვენმა მატჩის დასრულება აუწყა. დინამომ პირველი შეკრება დაასრულა. მეორე თურქული შეკრება კი 3 თებერვლიდან დაიწყება.

 

დინამო 2-3 ვისლა

დინამო: მიგინეიშვილი, ტრუბოჩკინი, ლოჩოშვილი, ბენიო, კობოური, ნინუა, პაპავა, ქარდავა, კუხიანიძე, ქიმაძე, მჭედლიძე

მეორე ნახევარში შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, იაშვილი, სანდოხაძე, ჯანგიძე, კალანდაძე, კუცია, ზარია, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, კაპანაძე, ბუღრიძე, ახვლედიანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024