09.11.2019
დინამომ რუსთავშიც იმარჯვა

დღეს რუსთავში 34- ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდა. ამვე ტურში ბათუმის დინამომ ბოლნისის სიონს აჯობა, რის შემდეგაც თბილისელებს საჩემპიონო მარათონში აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ. ასევე მოგებაზე გახლდათ მოტივირებული რუსთაველთა გუნდი, რომელიც გადათამაშების ზონაში იმყოფება და მათთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. მატჩის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ უკომპრომისო ბრძოლა გაჩაღდებოდა. პირველ ტაიმში დინამომ დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა, თუმცა სტუმრებმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. ორ მომენტში ლევან კუტალია ამწვავებდა თამაშს. ტაიმის შუაში გიორგი ქიმაძის, ნოდარ ქავთარაძის და ლევან კუტალიას კომბინაციას შეიძლება რეალური საგოლე ვუწოდოთ, თუმცა მეკარესთან ერთი ერთზე აღმოჩენილმა ბომბარდირმა ზუსტად დარტყმა ვერ შეძლო. ამის მერეც დინამოელები ბევრს უტევდნენ, თუმცა უშედეგოდ. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმაც გაიბრძოლეს და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა დინამოელებმა მალევე მოახერხეს უპირატესობის დაბრუნება და 76- ე წუთზე საგოლე კომბინაციაც წამოიწყეს. ნიკა ნინუამ შორი და ზუსტი გადაცემით საჯარიმოში შერბენილი გიორგი ზარია მონახა, რომელმაც ერთი შეხებით აჯობა მეკარეს, ბურთი ნოდარ ქავთარაძეს გადააწოდა და ანგარიშიც გაიხსნა. დინამოელებმა კიდევ უმატეს შეტევებს და შეხვედრის ბოლოსკენ არფან დაფეს გადაცემით თავისი სადებიუტო გოლი მიჰაილო შიშკამ გაიტანა. დინამომ ორბურთიანი სხვაობით მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 24 ნემბერს გორში დილასთან გამართავს.

 

რუსთავი  0:2  დინამო

გოლი: 0:1 ნ. ქავთარაძე 76’  0:2 შიშკა 89’

გაფრთხილება: ქიმაძე 28’

 

რუსთავი: კულუა, კაპანაძე, ლაცაბიძე, ნოზაძე, ვასაძე, სილაგაძე, გუჯაბიძე, ქოჩლაძე, ბაირამოვი (პავლოვი 64), ბუგულოვი (სიჭინავა 79), ბ. ქავთარაძე

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (ზარია 70), პაპავა, ნ. ქავთარაძე (შიშკა 87), ნინუა, კუხიანიძე (დაფე 60), ქიმაძე, კუტალია

 

მსაჯი: ტ. რუხაია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019