03.11.2019
გამარჯვება და დაბრუნებული პირველი ადგილი

დინამო არენაზე ეროვნული ჩემპიონატის 33- ე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ ტორპედოს უმასპინძლა. მნიშვნელოვანი დაპირისპირება სტუმართა აქტიურობით და უშედეგო სახიფათო შეტევით დაიწყო. საპასუხოდ დედაქალაქელთა შეტევაც აღსანიშნავია, ნოდარ იაშვილის ჩაწოდების შემდეგ, ნოდარ ქავთარაძემ ხელსაყრელ სიტუაციაში ბურთი ვერ შეიმაგრა. ამის შემდეგ თამაშმა მოედნის ცენტრში გადაინაცვლა, მე- 15 წუთზე კი ნიკა ნინუას შორეული დარტყმა ზევიდან გადაცდა ტორპედოს კარს. მე- 18 წუთზე დინამო გაშვებულ გოლს გადაურჩა, გრიგოლ დოლიძის დარტყმული ოდნავ აცდა ხოსე პერალესის კარს. ორიოდე წუთში კი თბილისელებმა ანგარიში გახსნეს. ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ლევან კუტალია გამოეხმაურა და 1:0. მომდევნო შეტევაში გიორგი კუხიანიძის თავური ოდნავ აცდა სტუმართა კარს. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს. მატჩის 34- ე წუთზე ხოსე პერალესმა მოედნის ცენტრში გიორგი ქიმაძეს ხელით უპასა, ქიმაძემ სისწრაფეში გიორგი კუხიანიძე მოძებნა, ამ უკანასკნელის ზუსტი გადაცემა კი ჩემპიონატის ბომბარდირმა შეირგო და მე- 19 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმი დინამოელთა შეტევებით განახლდა, ნოდარ ქავთარაძის სახიფათო დარტყმული კი ლევან შოვნაძემ მოიგერია. შოვნაძემ ცოტახანში გიორგი კუხიანიძის დარტყმული კუთხურზე უკუაგდო. 63- ე წუთზე თბილისელთა კარი ცოტნე მოსიაშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ძელმა იხსნა. მომდევნო შეტევაში კი უკვე ხოსე პერალესმა გამოავლინა თავისი კლასი და თორნიკე კაპანაძეს ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო. ლევან კუტალიას 86- ე წუთზე არფან დაფეს გადაცემის შემდეგ ჰეთ თრიქის შესრულება შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. სტუმრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა და მატჩიც დედაქალაქელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. დინამო თბილისმა ამ მოგებით 66 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი რუსთავში 9 ნოემბერს გამართავს.

 

დინამო  2:1  ტორპედო

 

გოლი: 1:0 კუტალია 20’  2:0 კუტალია 34’  2:1 კიკნაძე 90+4’

გაფრთხილება: პაპავა 28’  ქავთარაძე 88’

 

დინამო: პერალესი, იაშვილი, მონხილი, კობოური, კაპლიენკო (მჭედლიძე 69, დაფე 80)), პაპავა, ქავთარაძე, კუხიანიძე, ნინუა (ზარია 62), ქიმაძე, კუტალია

ტორპედო: შოვნაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, მოსიაშვილი, ფონიავა (იონანიძე 83), კაპანაძე, ნადარაია, ციცქიშვილი, დოლიძე (ჩოგაძე 62), გრიგალაშვილი (კიკნაძე 83), ჩუკვურა

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019