• Geo
  • Eng
18.05.2021
გიორგი პაპავა: სამწუხაროდ, ჩემპიონატის დონე არ მატულობს!.. ნაკრები? მე მაქვს ამბიცია...

თბილისის "დინამოს" კაპიტანი გიორგი პაპავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია - ლიდერის თვისებებით დაჯილდოვებული ფეხბურთელი, ვისაც საყრდენ ნახევარმცველად ვიცნობთ, მაგრამ როცა საქმეს დასჭირდა, დაცვაშიც დადგა და იქაც ერთობ საიმედოდ ითამაშა...

ყველაფერთან ერთად პაპავა ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. "ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს. მოგეხსენებათ, თბილისური კლუბი ბათუმის "დინამოსთან" ერთად ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატს...

სხვაობა საკმაოდ დიდია, მაგრამ...

 

- ბოლო ორ სეზონს თუ გადავხედავთ, საჩემპიონო ბრძოლა ძირითადად თბილისისა და ბათუმის "დინამოებს" შორის მიმდინარეობდა. ამ სეზონშიც, ალბათ, ასე იქნება, მაგრამ მაინც ნუ ვიჩქარებთ. სხვაობა ამ დროისთვის საკმაოდ დიდია, მაგრამ ჯერ სათამაშოც ძალიან ბევრია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "ლოკომოტივი" და "დილაც" კარგი გუნდები არიან.

თბილისის "დინამო" ბოლომდე იბრძოლებს ტიტულისთვის! კი, დავმარცხდით ბათუმის "დინამოსთან", მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. დარწმუნებული ვარ, ზაფხულში ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება და დავიმატებთ მოთამაშეებს იმ პოზიციებზე, რომლებზეც ამის საჭიროებაა.

ის სულით დინამოელია!

- გიორგი ნემსაძის თაობაზე პირველ რიგში იმის თქმა შემიძლია, რომ ის სულით დინამოელია! ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ის ამ გუნდში გაიზარდა, ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, მერე დაბრუნდა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა გუნდს კაპიტნის რანგში.

ნემსაძის ხელში "დინამო" ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდია. ეს ალბათ გარედანაც ჩანს. შეიძლება, კონკრეტულ თამაშში რაღაც არ გამოგვივიდეს ტაქტიკური თვალსაზრისით, მაგრამ გუნდი ბრძოლისუნარიანობას არასოდეს კარგავს და ეს უდავოდ მისასალმებელია.

ამასთან, ტაქტიკური თვალსაზრისით, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. დროის გასვლასთან ერთად "დინამო" კიდევ უფრო შეთამაშდება, უფრო ძლიერი გუნდი გახდება. ამაში ბოლომდე დარწმუნებული ვარ. "დინამო" სულ პირველ ნომრად თამაშს ცდილობს და ესეც მისასალმებელია.

ეს თაობა ძალიან ნიჭიერია, ბევრის მიღწევა შეუძლია...

- ჩვენთან ახლა არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია. თავის დროზე, წლების წინ, მეც ამ ასაკში ვიყავი, როცა "დინამოს" ძირითად გუნდში დამაწინაურეს. პირდაპირ ვიტყვი - ეს თაობა ძალიან ნიჭიერია და, ჩემი ღრმა რწმენით, ბევრსაც მიაღწევს. მათ იციან, რომ ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომონ.

იყო დრო, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ამხელა შანსი არ ეძლეოდათ "დინამოში". ახლა საქმე სულ სხვანაირად არის. თვე არ გავა, დუბლშემადგენლობიდან ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშე არ დაგვემატოს. ეს ძალიან კარგია. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის მომავალია!

ჯანო უზომოდ მოტივირებულია...

- ჯანო ანანიძე არის ძალიან მოტივირებული და ძალიან სერიოზულად უნდა, რომ დიდ ფეხბურთში დაბრუნდეს და თქვას თავისი სიტყვა... რაც შეეხება ტრავმას, მეც მქონდა ჯვარედინი იოგების პრობლემა. ჯანოს შემთხვევაში, ხრტილია გასასუფთავებელი და ყოველგვარი პრობლემის გარეშე, წესით და რიგით, ერთ თვეში უნდა შეუერთდეს გუნდს. ეს არ არის ისეთი ტრავმა, რომ ძალიან შეუშალოს ხელი.

მჯერა, ჩემპიონთა ლიგაში ჯანო "დინამოს" ძალიან დაეხმარება. 70-80 პროცენტითაც რომ იყოს ფორმაში, ეს მაინც ასე იქნება. ყველამ ვიცით, რა შეუძლია მას მინდორზე, რამხელა გამოცდილება აქვს!..

ისინი შინ არიან...

- ყველა ლეგიონერმა იცის და გულწრფელად იტყვიან ამას, რომ ჰკითხოთ: ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში! ასეთი შეგრძნება აქვთ და სრულიად სამართლიანადაც, კარგი ბიჭები არიან, კარგი ფეხბურთელები...

აი, ზორან მარუშიჩი რომ ავიღოთ, ხშირად გააქვს, კარგი საგოლე ალღოც აქვს... მომენტები კიდევ უფრო ხშირად ექმნება და, დარწმუნებული ვარ, გოლების მხრივ კიდევ უფრო მოუმატებს.

ფაბიან სპორკსლედეს კარგი კარიერა აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობდა. მერე გარკვეული წყვეტა ჰქონდა, მაგრამ ახლა უმატებს და მალე კიდევ უფრო კარგ ფორმაში იქნება. ძალიან კარგია მილან რადინიც...

დინამო ჩემპიონთა ლიგაში ბოლომდე იბრძოლებს

- რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. იმედი გვაქვს ყველას, რომ კარგი წილისყრა იქნება ჩვენთვის. ამასთან, დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირისთვის "დინამო" კიდევ უფრო გაძლიერდება.

წინა სეზონში გვქონდა კარგი წილისყრა, მაგრამ... მე მაინც მგონია, რომ საჭიროა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება, თუ გვინდა, რომ მაღალი შედეგები გვქონდეს ასეთ ტურნირებზე.

სამწუხაროა, მაგრამ... დონე არ მატულობს...

- ბათუმის სტადიონზე რა ატმოსფეროც იყო ამ ბოლო მატჩებში, ყველამ ვნახეთ და ეს ძალიან კარგია. მაყურებელი ფეხბურთს ალამაზებს. იმედი მაქვს, გადამდები იქნება ეს მაგალითი და მაყურებელი საქართველოს სხვა ქალაქებშიც მივა თამაშების სანახავად. თუნდაც, თბილისში.

აი, ბათუმის "დინამოს" ხომ ვეთამაშეთ თბილისშიც, მაგრამ ბათუმში სულ სხვანაირი მატჩი გამოვიდა. თბილისში და ბათუმში ხომ ერთი და იგივე ფეხბურთელები იყვნენ მინდორზე? აი, რა სხვაობას იძლევა მაყურებელი!..

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატის დონეს, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ, ჩემი აზრით, წინ ვერ მივდივართ. ნამდვილად გამიჭირდება ზუსტი მიზეზის დასახელება, თუ რატომ ხდება ასე. უბრალოდ, ფაქტი ჯიუტია...

ჩემთვის მთავარია, გუნდს გამოვადგე...

- მიმდინარე სეზონში, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, დაცვაში დამწიეს. ყველამ იცის, საყრდენი ნახევარმცველი ვარ და ყველაზე მეტად ამ ამპლუაში შემიძლია გამოვადგე გუნდს, მაგრამ საკადრო პრობლემები გვქონდა და სამწვრთნელო შტაბმა ასეთი გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო მიიღო.

მზად ვარ, იქ ვითამაშო, სადაც გუნდის ინტერესებს დასჭირდება. საიმონ ბენიო გამოჯანმრთელდა და, ალბათ, მომავალში ის ითამაშებს ცენტრალურ მცველად, მე კი ნახევარდაცვაში ავიწევ.

მაშინ ჩემი ოცნება ახდა...

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჯერ კიდევ წლების წინ ვითამაშე. გუნდს მაშინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა. შოტლანდიასთან ვითამაშე და ეს ჩემთვის ოცნების ახდენა იყო.

ორი წელია, "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი ვხდები და სისტემატურად ვთამაშობ. რა თქმა უნდა, მაქვს იმის ამბიცია, რომ ვითამაშო საქართველოს ნაკრებში. ჩემი საქმე შრომა და თამაშია. დანარჩენს კი ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს.

ეს ძალიან კარგია...

- ვილი სანიოლი საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებს რომ სისტემატურად ესწრება, ეს ძალიან კარგია. მნიშვნელოვანია, რომ ის პატივს სცემს საქართველოს ჩემპიონატს და ეს ჩვენს პირველობაზე მოთამაშე ფეხბურთელების მოტივაციაზე დადებითად აისახება.

ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში 4-5 ფეხბურთელი სისტემატურად უნდა იყოს გამოძახებული. ეს დიდი სტიმული იქნება ყველასთვის.

 

 

გაზეთი ლელო 18.05.2021

https://bit.ly/3fbgeUR

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024