• Geo
  • Eng
19.04.2021
ლუკა გაგნიძე: ...ეს ჩემს თამაშზე არანაირად არ მოქმედებს და არც მომავალში იმოქმედებს!..

გიორგი ნემსაძის ფორმაციის თბილისის "დინამოს" თამაში ვისაც უნახავს, დაგვეთანხმება: 18 წლის ლუკა გაგნიძე უკვე ჩამოყალიბდა გუნდის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად. ლუკა თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, სულ გამწვავებაზე ფიქრობს, მაგრად მუშაობს მინდორზე და არც გოლები ეშლება...

ცოტა ხნის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, რომ გაგნიძე "იუვენტუსისა" და სერია A-ს სხვა გრანდების სკაუტთა სიაშია. მოკლედ, საქართველოს ჩემპიონატში ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. ვეცდებით, ლუკა უფრო ახლოს გავაცნოთ მკითხველს.

პირველი ნაბიჯები

 

- 7 წლის ვიყავი, ქუთაისის "ტორპედოს" ასაკობრივ გუნდში რომ დავიწყე ფეხბურთის თამაში. იქ სამი წელი დავრჩი. 10 წლის ვიყავი, თამაში გვქონდა "საბურთალოს" ასაკობრივ გუნდთან. როგორც შემდეგ გაირკვა, იმ თამაშს სელექციონერები ესწრებოდნენ... 11 წლიდან "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში ვარ. ასეთი იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში.

აკადემიამ ყველაფერი მომცა

- "დინამოს" აკადემიაში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ფეხბურთელად ჩამოყალიბდე. მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა იმაში, რომ მე დღეს "დინამოს" პირველი გუნდის ფეხბურთელი ვარ. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, მქონდა ტრავმა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეს რწმენა ძალიან მაძლიერებდა.

გუნდში შესანიშნავი გარემოა

- თანამედროვე "დინამოზე" მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. გუნდში შესანიშნავი გარემოა შექმნილი. ეს თუნდაც იქედან ჩანს, რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და სამწვრთნელო შტაბი თუ გამოცდილი მოთამაშეები ყველანაირად გვერდით უდგანან მათ.

გრანდები? ეს ჩემზე არ მოქმედებს!

- რა თქმა უნდა, მეც შევიტყვე, რაც მედიაში დაიწერა - იტალიური გრანდების ინტერესს ვგულისხმობ. პირდაპირ ვიტყვი, ეს ჩემზე, ჩემს თამაშზე არანაირად არ მოქმედებს და არც იმოქმედებს. მე ზუსტად ვიცი, რომ იმ მიზნების მისაღწევად, რაც მაქვს დასახული, ბევრი უნდა ვიშრომო. გამოწვევები კი საკმარისზე მეტია - საქართველოს ჩემპიონატი, თასი... "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაზე უწევს ასპარეზობა... მე ამ გუნდის ფეხბურთელი ვარ და მის წარმატებაზე ვფიქრობ.

რეჟიმის მეგობარი

- რეჟიმი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია. თანამედროვე ფეხბურთში პრაქტიკულად შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ რეჟიმს არ იცავ. შრომა არ მეზარება. ნაკლი ყველას აქვს და მე გამონაკლისი როგორ ვიქნები? ვმუშაობ ყველანაირი ნაკლის აღმოფხვრაზე, თუნდაც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე...

ჯერ ყველაფერი წინაა...

- თბილისის "დინამომ" პირველი წრე მოიგო, მაგრამ კარგად ყველამ ვიცით, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის. როცა "დინამოს" მიზნებს ეხება საქმე, ჩემპიონობის გარდა სხვა არაფერზე შეიძლება იყოს ლაპარაკი... რაც შეეხება ჩვენს ჩემპიონატს, მიმაჩნია, რომ არის პროგრესი. ჩემთვის თვალშისაცემი იყო სხვაობა ტემპში, როცა გადავედი ბავშვთა ფეხბურთიდან დიდ ფეხბურთში.

საფეხბურთო გემოვნება და მიზნები

- ჩემი საყვარელი გუნდი მადრიდის "რეალია", ფეხბურთელი - კრიშტიანო რონალდო. ნაკრებს რაც შეეხება, გამორჩევით არცერთ უცხოურ ნაკრებს არ ვქომაგობ, საქართველოს ნაკრების თამაშებს ველოდები დიდი ინტერესით და მაგრად განვიცდი... კარგი ახალგაზრდა თაობაა დღეს ქართულ ფეხბურთში. იმედი მაქვს, გავახარებთ გულშემატკივარს. ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ. სადღეისოდ, ჩემი მიზანი "დინამოსთან" ერთად წარმატების მიღწევაა, ოცნება და მიზანი კი საქართველოს ნაკრებში თამაშია...

 

გაზეთი ლელო. 19.04.21

https://bit.ly/3sBLtMo

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024