• Geo
  • Eng
08.10.2020
დავით სხირტლაძე: როცა თბილისის დინამოს მიზნებზეა ლაპარაკი, ჩემპიონობის გარდა, სხვა რაზე უნდა ილაპარაკო?!.

27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" რომ ითამაშებს, "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ "ორჰუსში" აქვს გატარებული. იქვე თამაშობდა "სილკებორგში", მერე ტრნავის (სლოვაკეთი) "სპარტაკში", ლატვიურ "რიგასა" და პოლონურ "არკაში". ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში.

დავით სხირტლაძემ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე იზრუნებენ.

 

"ლელო" სხირტლაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის.

 

- რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის "დინამოს" ფეხბურთელობა?

- რა თქმა უნდა, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში დაბადებული და გაზრდილი ყველა ბიჭისთვის, ჩემი აზრით, ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის ეს უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად დიდი პატივიცაა. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, იყო "დინამოს" ფეხბურთელი და ისიც ვიცი, რომ ამ ნდობას გამართლება სჭირდება.

- მიზნად რა გაქვთ?

- ჩემი მთავარი მიზანია, გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ძალიან მინდა, რომ ეს ასე მოხდეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს დასახული ამოცანების გადაჭრაში დავეხმარო.

- მთავარი მიზანი ჩემპიონობაა?

- რა თქმა უნდა, ასეა. მართალია, პირველ ადგილზე არ ვართ კონკრეტულ მომენტში, მაგრამ დაკარგული ქულებით ლიდერები ვართ. მარტივი გამოსათვლელია, რომ თუ ყველა დარჩენილი თამაშის მოგებას შევძლებთ, "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდება. საერთოდ, როცა თბილისის "დინამოზე" ვსაუბრობთ, რთულად წარმომიდგენია, ჩემპიონობის გარდა სხვა რამეზე ილაპარაკო. თანაც, მიმდინარე სეზონში ერთადერთი მიზანიღა გვამოძრავებს - სწორედაც ჩემპიონობა!

- ეს მაინც უნდა გკითხოთ: თბილისის "დინამოს" ბოლოდროინდელ, ძალიან მტკივნეულ მარცხზე რას იტყოდით?..

- ამ დროს მე კარანტინში ვიყავი. რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, რაც მოხდა, მაგრამ არც ის ივარგებს, რომ ყურები ჩამოვყაროთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "დინამო" ჩემპიონი გახდეს.

- ასეთი ხანმოკლე კონტრაქტი რატომ გაფორმდა?

- სეზონის დასრულების შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ მის გახანგრძლივებაზე. ჯერ ჩამთავრდეს ჩემპიონატი. ვნახოთ, რამდენად დიდ სარგებლობას მოვუტან გუნდს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ "დინამოში" კარგად ჩავეწერო.

- უკეთესი არ იქნებოდა, კლუბთან კონტრაქტი წლევანდელი ევროთასების დაწყებამდე გაგეფორმებინათ?

- მაშინ არ ყოფილა რეალური საუბარი ჩვენს შორის. ეს ახლა მოხდა და, როგორც ხედავთ, უკვე "დინამოში" ვარ.

- ისე გამოვიდა, რომ თქვენი კარიერის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში არასოდეს გითამაშიათ...

- გასაკვირი კია, მაგრამ მართლაც ასეა. რასაც ვუყურებ და რაც სხვებისგან მესმის, არ არის საქართველოს ეროვნული ლიგა მარტივად სათამაშო ჩემპიონატი. ჩემი აზრით, დამეხმარება ის გამოცდილება, რომელიც უცხოეთში მივიღე. მართლაც მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა "დინამოს" შემადგენლობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დებიუტი მექნება.

- თქვენ არაერთ უცხოურ კლუბში გითამაშიათ. როგორ ფიქრობთ, სად გაატარეთ საუკეთესო პერიოდი? "სილკებორგში" ხომ არა?..

- სტატისტიკის მხრივ თუ მივუდგებით, ეს მართლაც ასეა. "სილკებორგის" შემადგენლობაში ხშირად ვთამაშობდი და გოლებიც გამქონდა... სწორედ ამ გუნდთან ერთად ვითამაშე დანიის თასის ფინალში... მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო ტრნავის "სპარტაკში" გატარებული პერიოდი. ამ გუნდის შემადგენლობაში ვითამაშე ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე და ცუდი მატჩები ნამდვილად არ მქონია. ვეთამაშეთ არაერთ ძლიერ გუნდს, მათ შორის, თურქულ "ფენერბაჰჩეს"... პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ იმ შეხვედრებმა ბევრი მომცა, როგორც ფეხბურთელს. გამოცდილება მივიღე, თუ რა მოთხოვნებია იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ითამაშო.

- და ბოლოს, საქართველოს ნაკრებზეც. თქვენ უკვე გითამაშიათ ქვეყნის ეროვნულ გუნდში და, ცხადია, თუნდაც "დინამოში" წარმატებით გამოსვლა ნაკრებში დაბრუნების წინაპირობაც შეიძლება იყოს...

- ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა! ჩემთვის ყველა წამი გამორჩეულია, რომელიც ეროვნულ გუნდში გამიტარებია... სხვა რა გითხრათ... მე ცდასა და მონდომებას არ დავაკლებ, დანარჩენი გამოჩნდება...

 

 

გაზეთი ლელო 08/10/20

https://bit.ly/33Mixbh

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024