• Geo
  • Eng
11.04.2020
ბაქარ ქარდავა: “ბევრი დრო გაცდა, სეზონის ორ წრედ ჩატარება კარგი ვარიანტი იქნება”

კორონავირუსის პამდემიის შედეგად, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, საფეხბურთო სამყაროშიც პაუზაა. საინტერესოა, ასეთ პერიოდში როგორ ვარჯიშობენ და ინარჩუნებენ ფორმას ფეხბურთელები. ამ და სხვა საკითზებზე “დინამო თბილისის” ნახევარმცველ ბაქარ ქარდავას ვესაუბრეთ.

როგორ შეიცვალა საფეხბურთო რეჟიმი კორონავირუსის გამო. როგორია სახლში მომზადების პროცესი?

სიმართლე გითხრათ, განსხვავება დიდი არ არის, რადგან აქამდეც ყოველდღიურად ვვარჯიშობდი. უბრალოდ, ახლა ამას სახლის პირობებში ვაკეთებ. გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა სპეციალური პროგრამა შეგვიდგინა, რომლის დახმარებითაც ვასრულებ სავარჯიშიოებს და ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას. ვცდილობ ბუნებაშიც, არახახლმრავალ ტერიტორიაზე გასვლას. ასევე, როცა კარგი ამინდია, ოჯახის წევრებთან ერთად ვსეირნობ.

დინამოში” გადმოსვლამდე “ცხინვალში” ძალიან წარმატებული პერიოდი გქონდა, მაგრამ შემდეგ იყო ტრავმა, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა. როგორია ახლა შენი მდგომარეობა?

“ცხინვალში” მართლაც გამორჩეული პერიოდი გავატარე. ამ კლუბში გადავდგი პირველი პროფესიონალური ნაბიჯები, ვითამაშე ევროტურნირების შესარჩევ ეტაპზე. სამწუხაროდ, მქონდა ტრავმა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. მწყობრში ვარ და როგორც კი აქტიური საფეხბურთო ცხოვრება განახლდება, ვეცდები გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.

წინა სეზონი “დინამოსთვის” გამორჩეული იყო, როგორ გაიხსენებ და რას უნდა ველოდეთ წელს?

სასიხარულოა, რომ წინა სეზონი ტიტულით დავასრულეთ. ევროტურნირებზეც ცუდად არ გამოვსულვართ და “ფეიენოორდთან” რომ ცოტა გაგვმართლებოდა, მოგებაც შეიძლებოდა.

ჩვენ “დინამო” ვართ. ამ კლუბში აგერ უკვე მეოთხე წელია ვარ და ყოველთვის ჩვენი მიზანი ყველა ტიტულის მოგება და ევროსარბიელზე წარმატებაა. თანაც წელს მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რადგან ტიტული უნდა დავიცვათ.

ჩისკოსთან გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებ. როგორი მწვრთნელია?

ძალიან კარგად იწყებს და იმედი მაქვს წარმატებული მწვრთნელი გახდება. მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონები გავხდით, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ამავე დროს, გუნდში დიდი კონკურენცია იყო და შესაბამისად, ყველა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელმა თავისი საქმე ზუსტად იცოდა.

ჩისკო ურთიერთობაშიც ძალიან გახსნილი იყო. ფეხბურთელებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა და ჩვენს შორის კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა. იყო თანასწორი ყველას მიმართ და არ გამოარჩევდა ფეხბურთელებს ერთმანეთისგან.

ზამთარში “დინამოში” ახალი მწვრთნელი მოვიდა და შემადგენლობაც შეიცვალა. როგორია ამჟამად მდგომარეობა გუნდში?

გუნდში ბევრი ახალწვეულია და შესათამაშებლად გარკვეული დრო გვჭირდება. რაც შეეხება კახა ჩხეტიანს, მე მასთან აქამდე არ მიმუშავია, მაგრამ ვიცი, რომ წარმატებულია და იმედია “დინამოს” წინსვლაშიც დაემხარება.

“დინამომ” ორ ტურში 2 ქულა მოიპოვა. როგორ შეაფასებ ამ ორ შეხვედრას?

“თელავთან” დაძაბული მატჩი ჩავატარეთ. სეზონის პირველი შეხვედრა იყო და დაძაბულობა თან ახლდა. მე წითელი ბარათი მივიღე, მაგრამ შეიძლებოდა, რომ მსაჯს მეორე ყვითელი ბარათი არ მოეცა, რადგან სიმულაციის მიზნით არ წავქცეულვარ.

რაც შეეხება ბათუმის “დინამოსთან” მატჩს, აქ უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ამას მარტივი მიზეზი აქვს: სამი თავდამსხმელი ტრავმირებული გვყავდა და ის ფეხბურთელები, რომელთა უშუალო მოვალეობაც გოლის გატანაა, მოედანზე არ ყოფილან.

როგორია ამჟამად გუნდის თავდამსხმელების მდგომარეობა? ზაფხულში თუ აპირებს “დინამო” გაძლიერებას?

როგორც მე ვიცი, ყველა მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა, ფორმაშია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. იმედია სეზონი მალე განახლდება და ერთად ვარჯიშს მოვახერხებთ.

გუნდში დიდი კონკურენციია და ყველა პოზიციაზე რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი გვყავს. ეს მწვრთნელების გადასაწყვეტია, თუ თვლიან, რომ სიახლე საჭიროა, ალბათ დაიმატებენ ფეხბურთელებს.

ეროვნული ლიგის შეჩერება გუნდებისთვის ევროტურნირებამდე ფორმაში შესვლისთვის ალბათ ხელშემშლელი იქნება.

ცხადია, ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დაგვჭირდება. თუმცა, სხვა ქვეყნებშიც ეს მდგომარეობაა და იმედია საბოლოოდ ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.

შენი აზრით რა ფორმატით უნდა გაგრძელდეს ეროვნული ლიგა?

ვინაიდან ამდენი დრო გაცდა, თანაც ევროტურნირები და თასიც სათამაშო გვაქვს, ალბათ სეზონის ორ წრედ ჩატარება ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება.

იმედი მაქვს, ყველანი ჯანმრთელად ვიქნებით და საფეხბურთო ცხოვრება მალე განახლდება.

 

 

11.04.20 live.ge

https://bit.ly/3a0N5pD

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024