• Geo
  • Eng
27.03.2019
ინტერვიუ ჩისკოსთან: საქართველო ჩემთვის მეორე სამშობლოა

თბილისის დინამო ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო

თბილისის “დინამომ” საამსეზონოდ გულშემატკივარს ახალი პროექტი შესთავაზა - არაერთი ლეგიონერით და საკუთარი საფეხბურთო აკადემიის აღზრდილებით. ამ პროექტის სათავეში ჩისკო მუნიოსი დგას - ახალი “დინამოს” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი, რომლის თამაშსაც დღესაც აღტაცებით იხსენებენ თბილისური გრანდის ქომაგები...

ეროვნული ლიგის სტარტი ახალ “დინამოს” ცოტა არათანაბარი კი გამოუვიდა, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უკეთესობა ჩანს. “ლელომ” ჩისკოს ინტერვიუ ჩამოართვა. ვფიქრობთ, ეს საუბარი საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის...

- რამდენიმე წლით უკან დავიხიოთ და გავიხსენოთ ის დრო, როცა თბილისის “დინამოში” მიხვედით. როგორ მოხდა ეს? თქვენ წლების განმავლობაში იყავით “დინამოს” ლიდერი. რას იხსენებთ მაშინდელი დროიდან ყველაზე ტკბილად და რაზე გწყდებათ გული?

- მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერა ესპანეთში გავატარე და არაერთი ტიტულიც მოვიგე. იმ დროს ვიფიქრე, რომ დადგა დრო, როცა შეიძლებოდა გარემოს შეცვლა და ახალი გამოწვევების მიღება. ამიტომ, ის შეთავაზება, რომელიც “დინამოდან” მივიღე, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რომან ფიფიას პროექტი, რომელიც მაშინ კეთდებოდა, ჩემთვის იყო ძალიან მიმზიდველი. თავისი როლი ითამაშა გუნდის სახელმა. ჩემთვის მოტივაცია იყო ევროთასებზე ასპარეზობა. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ბევრი არ მიფიქრია.

- როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა მაშინდელ გუნდს საიმისოდ, რომ უფრო წარმატებით ეთამაშა ევროთასებზე?

- ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების გახსენება არც ისე მარტივია, რადგან “დინამოში” ყველა შესაძლო ტიტული მოვიგე და არაერთი ლამაზი თამაშიც მქონდა. ყველა ეს მომენტი ძალიან კარგად მახსენდება. ცუდზე კი რა შემიძლია ვთქვა... რა თქმა უნდა, ყველას გახსოვთ “სტიაუასთან” გაფუჭებული 11-მეტრიანი. ეს ფეხბურთია და ასეთი რამეები ხდება. ამ მომენტმა ძალიან ბევრი მასწავლა ცხოვრებაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კლუბში იქნებოდა ეს თუ ზოგადად, მეგობრები გვერდში დამიდგნენ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ მაშინ დაგვაკლდა, იყო იღბალი, რაც ყოველთვის არის ნებისმიერი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. თუნდაც, ის მომენტი ავიღოთ, როცა “ტოტენჰემი” ამოგვივიდა წილისყრაში. თავიდანვე თითქმის განწირულები ვიყავით, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთ გუნდებს მივუახლოვდეთ სათამაშო დონით.

- როცა “დინამოდან” წასვლის გადაწყვეტილება მიიღეთ, გჯეროდათ, რომ დაბრუნდებოდით?

- მე ასე ვიტყოდი: ადგილი, სადაც თავს ბედნიერად გრძნობ და ყველაფერი მოგწონს, არ შეიძლება, ისე ცივად დაგრჩეს გულში, რომ შემდეგ ამაზე აღარ იფიქრო. როცა წავედი “დინამოდან”, დიახ, მაშინვე გულში მქონდა, რომ ოდესმე დავბრუნდებოდი. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ურთიერთობა რომან ფიფიასთან. მადლობა მას იმისთვის, რომ “ვალენსიას” შემდეგ კარიერის გაგრძელების საუკეთესო შესაძლებლობა მომცა. მე აქ ყველაფერი მივიღე. ასევე, მადლობა იმისთვის, რომ დღეს ასეთი ნდობა გამომიცხადა - მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ვარ. გასაგებია, რომ მწვრთნელი ერთ დღეს მოდის და ერთ დღესაც მიდის, მაგრამ ყველაფერი, რაც იყო აქამდე და არის ახლა, ჩემთვის არის ბოლომდე მისაღები.

- იმ დროს, როცა აღარ იყავით “დინამოში”, თუ ადევნებდით თვალს ამ გუნდის თამაშებს?

- წარმოუდგენელია, დაივიწყო ის გარემო და მეგობრები, რომლებიც გყავდა კლუბში. “დინამოს” არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია. ყველა მატჩის შედეგით ვინტერესდებოდი. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ იმ კლუბებში, სადაც მითამაშია, “ვალენსიასა” და ბეტისში”, მყავს არაერთი მეგობარი და ვიცი, როგორ განიცდიან ისინი მათ შედეგებს. “დინამო” ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო.

- როდის დაიწყეთ ფიქრი მწვრთნელობაზე და როგორ მიდის თქვენი სამწვრთნელო განათლების საქმე?

- ბოლო პერიოდში, როცა ვთამაშობდი, ხშირად ვფიქრობდი ამაზე. ერთი კატეგორია ფეხბურთელებისა იღლება, როცა ასრულებს კარიერას და ცდილობს, მთელი დრო მხოლოდ ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში გაატაროს. ეს სრულიად გასაგებია, რადგან, როცა ფეხბურთს თამაშობ, ოჯახსა და მეგობრებთან იშვიათად ხარ... არის მეორე კატეგორიაც, რომელსაც უთუოდ სჭირდება ის ადრენალინი, რომელიც არის ფეხბურთში და მის გარეშე ყოფნა არ შეუძლია. მე ალბათ მეორე კატეგორიას მივეკუთვნები. თან, ძალიან მომწონს გადაწყვეტილებები, რომელსაც შეუძლია, გუნდს ბევრი რამ შემატოს თამაშისა და მზადების პროცესში. მოკლედ, ეს ნამდვილად ჩემი საქმეა...

- თუ არის მწვრთნელი, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დაამჩნია თქვენს საფეხბურთო გემოვნებას?

- ასე კონკრეტულად რომელიმე მათგანის გამოყოფა გამიჭირდება. ყველას აქვს თავისი სტილი, გემოვნება, შეხედულება... მწვრთნელი დამოკიდებულია იმ გუნდზე, რომელსაც წვრთნის, და მეტოქეზე. დღეს ბევრი ლაპარაკობს პეპ გვარდიოლაზე, მის სამწვრთნელო ფენომენზე... მეც შემიძლია, ვთქვა, რომ გენიალური მწვრთნელია. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, თუ რა ფეხბურთელები ჰყავს მას გუნდში. მაგრამ არიან მწვრთნელები, რომლებიც მუშაობენ არცთუ ვარსკვლავური მონაცემების ფეხბურთელებთან.

- დაბრუნება “დინამოში” - როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და როგორ მიდიოდა მოლაპარაკების პროცესი?

- შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკება ძალიან სწრაფად წარიმართა. პირველივე საუბრისა და შეთავაზების მიღების შემდეგ ამ პროექტს დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ალბათ, უფრო მეტი მოლაპარაკება ჩემს მეუღლესთან დამჭირდა (იცინის).

- უფრო მეტი ვთქვათ “დინამოს” ახალ პროექტზე. რაზეა ის გათვლილი და რა შედეგი უნდა დადგეს, წარმატებულად რომ ჩაითვალოს?

- ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს და მე მესმის, რომ ყველას აინტერესებს საბოლოო შედეგი. ამ შედეგამდე მისასვლელად ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი პროცესი - შრომა და გზა, რომელიც უნდა გავიაროთ. გვექნება შეცდომებიც. ამისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ამ შეცდომებზეც უნდა ვისწავლოთ და ვიფიქროთ წინსვლაზე. არაერთი ახალი ფეხბურთელი გვყავს. მათ აუცილებლად სჭირდებათ დრო და რაღაც ეტაპი გარემოსთან შესაგუებლად. ვეთანხმები აზრს, რომ მთავარი არის შედეგი, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, დიახ, სწორედაც დროა საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად გააძლიერეს “დინამო” ლეგიონერებმა?

- მე ასე ვერ დავყოფ. მჯერა ჩემი გუნდის და არასოდეს დამიყვია გუნდი ადგილობრივებად და ლეგიონერებად. ჩემთვის მთავარია, ყველა ფეხბურთელი, ვინც არის გუნდში, ბოლომდე იხარჯებოდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა ტალანტია ის. მთავარია, ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უთუოდ გვექნება შედეგი.

- თუ იყო დაგეგმილი რაღაც ტრანსფერი, რომლის ჩაშლამაც გული ძალიან დაგწყვიტათ?

- არ ყოფილა ასეთი ტრანსფერი. მბაპესთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას და ბოლო წამს ჩაგვეშალა, რადგან თანხა გაზარდა (იცინის).

- როგორ შეაფასებდით “დინამოს” სტარტს საქართველოს ჩემპიონატში?

- ჩვენ მშვენიერი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ თურქეთში, ჩამოვედით თბილისში და დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი. მივიღეთ ალიყური და ეს მოხდა ძალიან კარგ დროს. ეს რომ ყოფილიყო სეზონის ბოლოს, რთული ვითარება იქნებოდა. ახლა კი ყველამ ჩაიხედა საკუთარ თავში და დარწმუნდა, რომ ეს არის ჩემპიონატი და ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. მე მჯერა ჩემი გუნდის. მჯერა, რომ მყავს ისეთი ბიჭები, რომლებიც კარგ გუნდს შექმნიან. გნებავთ, “სიონთან” წაგება რომ ავიღოთ, იყო 11-მეტრიანი, წითელი ბარათი და ამის შემდეგ გუნდი ვეღარ გადაეწყო. მანამდე არაერთი მომენტი გავანიავეთ. მერე იყო მარცხი ბათუმის “დინამოსთან”. აუცილებელია მომხდარის შეჯერება და საუკეთესო გამოსავლის ნახვა.

- რა შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენზე საქართველოს ჩემპიონატი და რომელ ესპანურ დივიზიონს შეადარებდით მას?

- ჩემთვის ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და შედარება. არ ვიცი, შეიძლება ვთქვა, რომ მეორე დივიზიონს შევადარებდი. ალბათ, რამდენიმე ქართული კლუბი მოახერხებდა იქ თამაშს... 100 პროცენტით გულწრფელად გეუბნებით - საკმაოდ დაძაბული და რთულად სათამაშოა საქართველოს ჩემპიონატი. ასევე მინდა აღვნიშნო ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა. მოედნები უკეთესია. ჩვენთვის მისაღებ გარემოში გვიწევს თამაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა არის მიმდინარე სეზონში “დინამოს” მიზანი?

- ყველა ფეხბურთელი და თანამშრომელი, ვინც მუშაობს “დინამოში”, უნდა აცნობიერებდეს, რომ ის საუკეთესო კლუბს წარმოადგენს. ჩვენი მიზნები და თამასა მუდამ მაღლაა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ვარჯიშზე ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯოს. ჩვენი მიზანია ყველა თამაშის მოგება და ყოველი მოგებული თამაშის შემდეგ - მომავალი თამაშიც მოსაგებია.

- საინტერესოა თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ჩვენს კულტურასა და სამზარეულოზე...

- ყველაფერი ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მიყვარს ამ ქვეყანაში. ასე რომ არ ყოფილიყო, არც დავბრუნდებოდი. პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველო და თბილისი ჩემთვის მეორე სამშობლოა. აქ ყველაფერი მომწონს. ეს ფეხბურთელობის დროინდელ ინტერვიუებშიც არაერთხელ აღმინიშნავს. რაც შეეხება სამზარეულოს, მე ნამდვილად ვარ ის ადამიანი, ვისაც გემრიელად ჭამა უყვარს. ქართული სამზარეულოთი აღფრთოვანებული ვართ, მეც და ჩემი ოჯახიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
https://bit.ly/2TCiuGv
27.03.19
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024