• Geo
  • Eng
03.07.2018
ინტერვიუ კახა კაჭარავასთან: არ მინდა ისეთი ლეგიონერი, რომელიც სკამზე იჯდება

სულ მალე თბილისის "დინამოს" ევროპალიგაზე მოუწევს ასპარეზობა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მოწინააღმდეგე სლოვაკური "დუნაისკა სტრედა" იქნება. რა თქმა უნდა, როცა საქმე "დინამოს" ეხება, ქართველი გულშემატკივრების მოლოდინი ყოველთვის განსაკუთრებულია.

"დინამოს" საინტერესო, ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს კარგი მწვრთნელით. ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ევროპული ტურნირების წინ აუცილებელი იქნება გაძლიერება. გუშინ "ლელო" დინამოელთა თავკაცს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა...

- ბატონო კახა, როცა საქმე ეხება "დინამოს", თავისთავად ცხადია, რომ ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ. რას უნდა ველოდოთ "დინამოსგან" მომავალ ევროთასებზე?

- მართალი ხართ, ასეთი მოლოდინი ყოველთვის არის "დინამოსთან" მიმართებაში. გასაგებია, რომ ჩვენი გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში. ვიცით, რომ არც ერთი თამაში არ იქნება იოლი, მაგრამ ჩვენ განწყობილი ვართ ბოლომდე საბრძოლველად.

- წილისყრის შემდეგ ათ დღეზე მეტი გავიდა. რა შეგიძლიათ, გვითხრათ "დუნაისკა სტრედას" თაობაზე? რითი არის გამორჩეული ეს კლუბი?

- რა თქმა უნდა, ვუყურე "დუნაისკა სტრედას" არაერთ მატჩს. თამაშობენ 5-3-2 სისტემით. მათი მძლავრი იარაღია კონტრშეტევები. ბოლომდე იბრძვიან და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობენ. ჰყავთ იტალიელი მწვრთნელი და იტალიელებს კი, ზოგადად, ძალიან კარგად აქვთ დახვეწილი ეს სათამაშო სქემა.

- კითხვა, რომელზე პასუხიც ყველას ძალიან აინტერესებს. ევროთასების დაწყებამდე თუ იგეგმება "დინამოს" გაძლიერება? იქნებ, კონკრეტული კანდიდატურებიც დაასახელოთ...

- ამ მხრივ, მიდის მუშაობა. ჩვენ არაერთ ფეხბურთელთან გვქონდა მოლაპარაკება. ზოგიერთზე ჩვენვე ვთქვით უარი, ზოგმაც თავად იუარა... აქ მხოლოდ ფინანსები არ არის გადამწყვეტი. ვინც ამ საქმეშია ჩახედული, იცის, რომ ფეხბურთელი ხშირად აქცევს ყურადღებას ნიუანსებს - ჩემპიონატის დონეს, სხვა ფაქტორებს...

ზოგადად, ჩვენ სწორი კურსი ავიღეთ ამ ორი წლის წინ. უნდა ჩამოიყვანო ისეთი ლეგიონერი, რომელიც გუნდს რეალურად გააძლიერებს. არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც უარს იტყვის გუნდის გაძლიერებაზე და არც მე ვარ ასეთი.

უბრალოდ, არ მიმაჩნია სწორად ისეთი ლეგიონერის ჩამოყვანა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე დაჯდება. არადა, ამის მაგალითი ჩვენ უკვე მრავლად გვქონდა. ისიც ვიცით ყველამ, რომ სასწაული ფეხბურთელი ძნელად თუ ჩამოვა საქართველოში.

ასე რომ, დიდი დაკვირვება სჭირდება უცხოელის მოყვანას. ის ქართველ ფეხბურთელზე მაღლა უნდა იდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მირჩევნია, შანსი ქართველებს მიეცეს.

მეორე მხრივ, ყველამ კარგად ვიცით, რომ გუნდს სჭირდება გაძლიერება და როგორც გითხარით, ვმუშაობთ ამ საკითხზე. გვაქვს სურვილი, კვლავ ვიხილოთ ჩვენს გუნდში მცველი გიორგი გველესიანი.

მოგეხსენებათ, ბოლოს ის ირანის ჩემპიონატში თამაშობდა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზეც მოუწია თამაშმა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ არის ფეხბურთელების დამატების შანსი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ - მთავარია, მათ მოისურვონ ჩვენთან თამაში. საქმე მხოლოდ ფინანსებში არ არის.

- როგორ ფიქრობთ, "დუნაისკა სტრედასთან" თამაშამდე მცირე დროში ფეხბურთელები თუ მოასწრებენ ახალ გარემოსთან ადაპტაციას? შეძლებენ კი ისინი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას?

- რა თქმა უნდა, არის ეს მომენტიც, მაგრამ დაკვირვების გარეშე ძალიან ძნელია დასკვნა გამოიტანო. უნდა კარგად დაფიქრდე და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

- ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ცალკე უნდა გკითხოთ. ძირითადი გუნდის განაცხადში უკვე გამოჩნდნენ გიორგი ზარია და ლუკა ქაფიანიძე. კიდევ ვინ რჩება "დინამოს" ლაზარეთში?

- ზარიამ და ქაფიანიძემ ახლახან დაიწყეს ვარჯიში. იმავე ზარიას დიდი ხანია არ უთამაშია. მახარებს ისიც, რომ ბაქარ ქარდავამ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად. ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან ისინი. დიდი იმედი მაქვს, აკაკი შულაიაც სრულ მზადყოფნაში იქნება. ჯერ კი ჩვენი მთავარი საფიქრალი გორის "დილასთან" უპრინციპულესი მატჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
3.07.18   ალეკო კაკაურიძე
https://bit.ly/2lOStFx
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024