• Geo
  • Eng
15.06.2018
ინტერვიუ ოთარ კიტეიშვილთან: უკეთაც შემეძლო... ეს ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი სტიმულია

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის დასაწყისში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა მალტასა და ლუქსემბურგთან.

ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის გარჯა იდეალურისგან შორს იყო და ამას ყველა აღიარებს. სამაგიეროდ, იყო ერთი ფეხბურთელი, ვისმა თამაშმაც, ალბათ, ყველა კმაყოფილი დაგვტოვა...

ოთარ კიტეიშვილს ვგულისხმობთ, ვინც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმაც გამოარჩია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთა ლიგისთვის თბილისის "დინამოს" ლიდერი ნაკრების სრულფასოვანი წევრი იქნება.

ამას გარდა, სულ მალე თბილისის "დინამო" ევროპალიგაზე ითამაშებს და რა გასაკვირია, რომ კიტეიშვილისა აქაც გვეიმედება. შემთხვევითი არ არის, რომ მისით ევროპაშიც დაინტერესდნენ, განსაკუთრებით - ესპანეთში. "ლელო" ამაზეც წერდა, თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ კიტეიშვილი არსად წავა მანამ, სანამ თბილისის "დინამო" წლევანდელ ევროტურნირში ითამაშებს...

მას ბოლო სანაკრებო მატჩებსა და საკუთარ მომავალზე ვკითხეთ...

- თავდაპირველად, ბოლო ორი სანაკრებო მატჩის შეფასება უნდა გთხოვოთ...

- ეს მატჩები მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ არაერთი ახალი ფეხბურთელი გამოიძახეს საქართველოს ნაკრებში და მწვრთნელებმა ისინი საქმეში ნახეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს თამაშს, არ ვარ უკმაყოფილო. ვლადიმირ ვაისმაც დადებითად ილაპარაკა ჩემზე და ეს ძალიან დიდი სტიმულია. მაგრამ ერთიცაა, რომ ფეხბურთელი ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს უნდა იყო საკუთარი თავით. მეც მიმაჩნია და ბევრსაც დარჩებოდა იმის განცდა, რომ მეტი შემეძლო. როცა მშვიდ გონებაზე უყურებ და იხსენებ ყველაფერს, უფრო იოლია ანალიზის გაკეთება.

- ვაისმა მართლაც ძალიან თბილად ილაპარაკა თქვენზე. პირისპირ თუ გითხრათ ეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა?

- ხანმოკლე და ზოგადი საუბარი გვქონდა. ვაისმა მითხრა, რომ კმაყოფილი იყო ჩემი თამაშით. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი სტიმულია და ნიშნავს იმას, რომ კიდევ მეტი და მეტი უნდა მოვთხოვო საკუთარ თავს.

- როგორ ფიქრობთ, რა იყო ლუქსემბურგთან მარცხის მიზეზი?

- ალბათ, ისევ და ისევ საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი პროცენტი. ზოგადად, ეს პრობლემა ქართულ ფეხბურთში მძაფრად დგას. დამეთანხმებით, ალბათ - თუნდაც ლუქსემბურგელთა გოლამდე არაერთი მომენტი გვქონდა და რომ გაგვეტანა, უთუოდ მოვიგებდით.

- ზოგადად, ახალბედა ფეხბურთელისთვის ცოტა რთულია გუნდში დამკვიდრება. ნაკრებში თქვენი ადაპტაციის პროცესი როგორ მიდის?

- საბედნიეროდ, საქართველოს დღევანდელი ნაკრები არის ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი. გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა - ეს არის ერთი დიდი ოჯახი. ბიჭებმა ისე მიმიღეს და მათგან იმხელა სითბო ვიგრძენი, ადაპტაციის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართა.

- მალე ერთა ლიგა დაიწყება. როგორია თქვენი განწყობა?

- ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ფავორიტი თუ ხარ, ეს უშუალოდ მინდორზე უნდა დაამტკიცო. ერთა ლიგა ჩვენი შანსია და ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა ტურნირს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ სექტემბრისთვის თითოეული ჩვენგანი ოპტიმალურ ფორმაში იყოს.

- ამასობაში, მნიშვნელოვანი მატჩები კარს მოადგა თბილისის "დინამოსაც". გუნდი ახალგაზრდულია და გამოცდილება აკლია. არის იმის იმედი, რომ გუნდი ღირსეულად დაიცავს საქართველოს სახელს?

- გვაქვს რწმენა, რომ შეგვიძლია, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. განსაკუთრებულია ჩვენი მოლოდინი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გულშემატკივარი გავახაროთ.

- საიდუმლო არ არის, რომ თქვენ მიმართ სერიოზული ინტერესია უცხოეთიდან...

- ამ ეტაპზე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ "დინამოსთან" ერთად ევროთასებზე ღირსეულად ვითამაშო. ესაა ჩემი მიზანი და მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული.

მეც მსმენია უცხოეთიდან ინტერესზე, მაგრამ კონკრეტული წინადადება რასაც ჰქვია, ასეთი ჯერ არ არის. ევროთასების შემდეგ მივუბრუნდებით ამ საკითხს კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს, მეც მინდა, რომ ძლიერი ჩემპიონატის ამბიციურ კლუბში მოვსინჯო ძალა, მაგრამ ჯერ მხოლოდ მოახლოებულ ევროთასებზე ვფიქრობ.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024