• Geo
  • Eng
01.05.2018
ვახტანგ იაგორაშვილი: ჩვენთან ისევ იზრდებიან ახალი ჩაკვეტაძეები

თბილისის "დინამოს" აკადემიამ მესამედ უმასპინძლა ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს, რომელიც კვლავ ძალიან საინტერესოდ წარიმართა და "ესპანიოლის" გამარჯვებით დასრულდა.

კარგი შთაბეჭდილება დატოვა "დინამოს" აკადემიის გუნდმა, რომელმაც მხოლოდ ფინალური მატჩი დათმო ესპანელებთან...

"ლელო" დინამოელთა მთავარ მწვრთნელს, ვახტანგ იაგორაშვილს დაუკავშირდა და ტურნირის შეჯამება სთხოვა...

- რა თქმა უნდა, ეს ტურნირი ძალიან დიდი გამოცდილებაა ჩვენი ფეხბურთელებისთვის. სულ სხვაა, როცა საშუალება გეძლევა, საკუთარი ძალა მოსინჯო ევროპის წამყვანი საფეხბურთო აკადემიის აღზრდილებთან. რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოცდილებაა ჩვენთვისაც - მწვრთნელებისთვისაც. კარგად დავინახეთ, რაზე უნდა გავამახვილოთ მომავალში უფრო მეტი ყურადღება.

- მაინც, რაში უნდა დავეწიოთ ევროპელებს?

- მხოლოდ ფინალიც კი საფუძვლიან მასალას იძლევა მსჯელობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ გუნდურ ფეხბურთს, მაგრამ "ესპანიოლთან" მატჩმა გვიჩვენა, რომ ამ კომპონენტზე კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

თავადაც ნახავდით, როგორი გუნდური ფეხბურთი ითამაშა "ესპანიოლმა", ოღონდ, ნახავდით იმასაც, რომ ისინი სულაც არ გამორიცხავენ ინდივიდუალიზმს. უბრალოდ, ორივე ეს კომპონენტი ძალიან კარგად არის შეხამებული ერთმანეთთან.

- როგორ ფიქრობთ, არიან თქვენს გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მალე თამამად შეაღებენ დიდი "დინამოს" კარს?

- რა თქმა უნდა, არიან. ჩემი აზრით, 2-3 ფეხბურთელი ახლავე შეიძლება დასახელდეს, თუმცა, თქვენი ნებართვით, გვარების დასახელებისგან ახლა თავს შევიკავებ. თავადაც ხვდებით, ეს ისეთი ასაკია, შეიძლება, ამან მაინცდამაინც კარგად არ იმოქმედოს ბიჭებზე.

- ეს მართლაც რთული ასაკია, არადა, ევროპაში შედარებით ნაკლებად მტკივნეულია ბავშვებისთვის ეს სირთულე...

- ამ შემთხვევაში, ფეხბურთელს უკვე უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება და შეგნება, რომ მან თავი მიუძღვნა ფეხბურთს და ის მთლიანად მას ეკუთვნის. მხოლოდ საათნახევრიანი ვარჯიშით ფონს ვერ გახვალ.

ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა ფეხბურთელთან, მათ მშობლებთან... ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არაფერი გამოგვეპაროს. მართლაც რთული ასაკია და თან ჩვენი მენტალიტეტის თავისებურებებიც უნდა გავითვალისწინოთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის შედეგი?

- შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთში, თუმცა შედარებით პატარა ასაკში ეს ფაქტორი არ უნდა იყოს წინა პლანზე, ამ ასაკში კი ფეხბურთელმა გამარჯვება უკვე უნდა ისწავლოს. მოგებულ თამაშში ყალიბდება ფეხბურთელის ხასიათი, მწვრთნელიც ძალიან იზრდება ამ დროს... წაგებული თამაშებიც ნაყოფიერ მასალას იძლევა განსჯისთვის.

- "დინამოს" აკადემიამ უკვე მოგვცა პირველი "მოსავალი". საყოველთაო აზრით, გამორჩეული "პროდუქტი" გიორგი ჩაკვეტაძეა. კიდევ იზრდებიან აკადემიაში ახალი ჩაკვეტაძეები?

- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გიპასუხებთ, რომ იზრდებიან. მთელი ჩვენი ძალისხმევა, აკადემიის დამლაგებლიდან დაწყებული, ხელმძღვანელობით დამთავრებული, იქითკენაა მიმართული, რომ ეს ზრდა არ შეჩერდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
01.05.2018    ალეკო კაკაურიძე
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024