• Geo
  • Eng
04.04.2018
'დინამოს' ახალი თაობა - ვინ არის 18 წლის ლევან ხარაბაძე, რომელმაც უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო

საქართველოს ჩემპიონატში ერთი ძალიან საინტერესო ფეხბურთელი გამოჩნდა. ბოლო დროს თბილისის "დინამო" გვანებივრებს მართლაც საინტერესო ბიჭებით და ისიც იმ აკადემიიდანაა, ბოლო წლებში კარგ ფეხბურთელებს რომ უზრდის საქართველოს.

ლევან ხარაბაძე ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ ისე თამაშობს, დაღვინებული, ჩამოყალიბებული ოსტატი გეგონებათ. ასე ითამაშა მან ქუთაისის "ტორპედოსთან" და, ზოგადად, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, თამასა დაბლა არ დაუშვია.

რაღა დავმალო, ამ ფეხბურთელს ჯერ კიდევ "დინამოს" ასაკობრივი გუნდებიდან ვაკვირდები და პირდაპირ უნდა დავწერო: მას დიდი მომავალი აქვს და ახლა მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რას და როგორ იზამს - ბურთიც აქვს, მოედანიც და ზრდის საშუალებაც.

არ შეიძლება, არ გაგიხარდეს: "დინამოდან" ერთმანეთის მიყოლებით კი მიდიან წამყვანი ფეხბურთელები, მაგრამ მათ ადგილზე სხვები მოდიან და ჯაჭვი როგორღაც არ ირღვევა. მერე, მწვრთნელიც ისეთია, ახალგაზრდა უკეთესს რომ ვერ ინატრებს - კახა კაჭარავას უყვარს პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა.

ხარაბაძეს კი მართლა კოჭებში ეტყობა, რომ დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მთავარია, ბევრი იშრომოს, საქმეს მუდამ კვალში მიჰყვეს და ფეხბურთელის ცხოვრებით იცხოვროს.

შეძლებს? მაშინ ყველაფერი გამოუვა. თუ ვერა და, საქართველოში დაკარგული ტალანტებით ვერავის გააკვირვებ. ჯობია, შეძლოს - ქართულ ფეხბურთს არ აქვს დასაკარგი და გასაფლანგი ნიჭი.

ეს წერილიცა და ქომაგის ქებაც გაცემული ავანსია, რომელსაც გამართლება სჭირდება...

 

https://bit.ly/2Gxghq9

03.04.2018 გაზეთი ლელო

ალეკო კაკაურიძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024