• Geo
  • Eng
25.12.2017
კიტეიშვილი: "ტორპედოსთან" თამაშის შემდეგ 2 კვირა კოშმარები მესიზმრებოდა"

ოთარ კიტეიშვილი დღესდღეობით ერთ–ერთი მთავარი ფეხბურთელია, რომლის იმედიც ქართველ გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს. 21 წლის ნახევარმცველი თბილისის "დინამოსა" და საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრების კაპიტანია.

 

კიტეიშვილისთვის 2017 წელი საკმაოდ საინტერესო გამოდგა - თბილისის "დინამოს" კაპიტანი გახდა, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, მაგრამ იყო უიღბლობებიც, თანაც როგორი. 3–4 თვე ტრავმის გამო იუქმა და ბოლოს, ეროვნული ლიგის საჩემპიონო მატჩში გადამწყვეტი დარტყმა გააცუდა, მაგრამ იგი ძალიან იმედისმომცემი მოთამაშეა და ყველაფერი წინ აქვს.

 

ახალგაზრდა მოთამაშე ამჟამად ინდივიდუალურად ემზადება თბილისის "დინამოს" ბაზაზე და როგორც თავად ამბობს, ახლა თბილისური გუნდის ფეხბურთელად ითვლება და არ იცის, მომავალში რა მოხდება.

 

Adjarasport–მა ოთარ კიტეიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაიწერა და 21 წლის შუახაზელი ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.

 

დასრულდა 2017 წელი შენთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც. როგორ შეაფასებდი?

–საკმაოდ საინტერესო წელი იყო, ბევრი ცვლილებით. პირველ ყოვლისა, მსურს ჩემპიონატს შევეხო, ახალი ფორმატი იყო ეროვნული ლიგის, რომელმაც, ვფიქრობ, გაამართლა. მისასალმებელია ის, რომ აბსოლუტურად ყველა მატჩის ტრანსლიაცია ხდება. ასევე, ბევრი ინფრასტრუქტურა და სტადიონები კეთდება. ჩემპიონატმაც გაამართლა, ბოლო ტურამდე დაძაბული იყო და ზედა ნაწილში მთელი წლის განმავლობაში მჭიდროდ იყვნენ გუნდები და ბოლო დაპირისპირებაში გამოვლინდა ჩემპიონის ვინაობა.

 ამას გარდა, კარგი წელი იყო საქართელოს ეროვნული ნაკრებისთვისაც, რადგან მშვენიერი მატჩები ჩავატარეთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ შედეგი არ იყო. იმედი მაქვს, მომდევნო ციკლებში ხარისხი რეზულტატზეც აისახება.

 

–2017 წლის ყველაზე ბედნიერი და ცუდი პროფესიული მომენტი...

–ალბათ, ცუდს უფრო გავიხსენებდი - "ტორპედოსთან“ გაცუდებულ პენალტს და ბოლო თამაშში დაკარგულ ჩემპიონობას, როცა მთელი სეზონი წინ ვიყავით. რაც შეეხება ბედნიერი წუთს, ასეთი საქართველოს ჩემპიონობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა და 2017 წელმა ცუდი მოგონება დატოვა.

ვიცი, საკმაოდ მძიმე სასაუბროა, მაგრამ თუ შეგიძლია, გაიხსენე "ტორპედოსთანგაცუდებული პენალტი...

–ძალიან ემოციური მომენტი იყო, არც მახსოვს კარგად. ის ვიცოდი, რომ თერთმეტმეტრიანი უნდა დამერტყა, ოდნავ შუაში, რათა მეკარეს ფეხით არ ეთამაშა, ეს არ გამომივიდა და კვასხვაძემ ბურთი მოიგერია. იმ მომენტის შემდეგ რამდენიმე დღე შოკიდან ვერ გამოვდიოდი. “ტორპედოსთან“ თამაშის შემდეგ ბევრი სიზმარი მესიზმრებოდა, დაძინება არ მინდოდა, სპეციალურად არ ვიძინებდი 2 კვირა სულ კოშმარებს ვხედავდი და სპეციალურად, 5–6 საათზე ვიძინებდი დილით, მაგრამ ეს საშინელი მოგონება თავს მაინც არ მანებებდა.

 

იყო თუ არა კონკრეტული ადამიანი, ვინც "ტორპედოსთანგაცუდებული პენალტის შემდეგ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარა?

–კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ძალიან ბევრი ადამიანი იყო. შეიძლება, ზოგს არც სიამოვნებდეს მსგავსი მომენტის შემდეგ ამდენი ნუგეში, მაგრამ ერთი ცუდი კომენტარიც არ შემხვედრია ჩემს მიმართ, პირიქით, ყველა გვერდით მედგა, რამაც გამაძლიერა ბევრად.

 

როინ კვასხვაძე გესაუბრა ამ სიტუაციის შემდეგ?

–კი, დამირეკა და მითხრა, რომ ცხოვრება გრძელდება და ეს პენალტი ლატარეასავით იყოო, რადგან შესაძლოა, ნებისმიერს მოსვლოდაო, გამამხნევა ძალიან და ესეც დამეხმარა.

 

კახა კაჭარავა?

–კი და საკმაოდ თბილად. ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს. შეიძლება, სტადიონიდან ჩანს, რომ მკაცრია და ბრაზიანი, მაგრამ ვფიქრობ, ეს პირიქითაა. ურთიერთობაში ყოველთვის გახსნილია და ცდილობს ფეხბურთელებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს.

 

რატომ დაარტყი პენალტი შენ? ვარჯიშებზე ამუშავებდი თერთმეტმეტრიანებს?

–თითქმის ყველა ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდი და პენალტების დარტყმაზე ვვარჯიშობდი, თანაც გამომდიოდა კიდევაც. ამას გარდა, წინა ტურებში მიქელთაძეს და თოთაძესაც აუღო მეკარემ. ალბათ, რაღაც დავაკელით ჩვენც, პირადად მეც და იმიტომ მოხდა ასე.

 

კახი კაჭარავა სეზონის წინ ამბობდა, რომ ახლა კიტეიშვილი ერთადერთი ფეხბურთელია გუნდში, რომელიც უცხოეოთში სათამაშოდ მზად არისო. კარგი გუნდები არ გიწვევდნენ თუ შენი სურვილით დარჩი "დინამოში“?

–საკმაოდ კარგი გუნდები მიწვევდნენ, მაგრამ მეორე წრეში "შუქურასთან“(4:1) მატჩში მძიმე ტრავმა მივიღე და დაახლოებით 3–4 თვე ჩამივარდა, შემდეგ შეკრების გავლაც ვეღარ მოვახერხე და ამის გამო ევროპულ გუნდში გადასვლა ვერ მოვახერხე.

 

დიდი პაუზის შემდეგ, "ტორპედოსთან“(1:1) პრინციპულ მატჩში დაბრუნდი და საკმაოდ კარგადაც. გაგიჭირდა?

–რა თქმა უნდა, ფიზიკურად თავიდან გამიჭირდა, მაგრამ იმ პერიოდში ისე მოწყურებული ვიყავი თამაშს, რომ კახი კაჭარავამ სასტარტო შემადგენლობაში დამაყენა, როცა გუნდთან ერთად ვარჯიში 3 დღის დაწყებული მქონდა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. მთელი მეოთხე წრე გამიჭირდა ფიზიკურად, ეს ბოლო წუთებშიც საკმაოდ მეტყობოდა.

 

ამბობენ, რომ ფეხბურთელისთვის აუცილებელია საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლა უცხოეთში, რათა სანაკრებო დონე დააკმაყოფილოს. შენ როგორ ფიქრობ?

–ვფიქრობ, ეროვნული ლიგის დონე სანაკრებო დონესთან შედარებით დაბალია და ფეხბურთელი ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში უნდა გაიზარდოს, ხოლო სხვა ევროპულ ქვეყნებში სადაც შედარებით მაღალი დონეა, 3–4 ძლიერი გუნდი ერთმანეთს უპირისპირდება და შენც მზად ხარ ნაკრებში სათამაშოდ. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ ამის საშუალება არ გვაქვს და იმედი მაქვს, სიტუაცია მალე შეიცვლება.

როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრებს რა აკლია დიდი ფორუმის დასკვნით ეტაპზე სათამაშოდ?

–გასულ შესარჩევ ციკლში გამოჩნდა, რომ ფეხბურთის თამაში ღირსეულად შეგვიძლია, დიდ ნაკრებებს ტოლსწორად ვეთამაშეთ და ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. ალბათ, ცოტა გამართლებაც, მომენტების რეალიზებაც. მიუხედავად იმისა, რომ მოგების გარეშე დავამთავრეთ ციკლი, ხარისხი მაღალი იყო, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

 

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში კიდევ 2 წელი იმუშავებს. როგორ შეაფასებდი ამ გადაწყვეტილებას და როგორია სლოვაკი სპეციალისტი შენი თვალით?

–ძალიან კარგი დამოკიდებულებაა აქვს ჩემთან, შესანიშნავი ადამიანი და ასეთივე მწვრთნელია, რომელიც ყოველთვის ცდილობს ფეხბურთელებთან კომუნიკაბელური იყოს და ახლო კავშირი ჰქონდეს. მიხარია, რომ დარჩება და ეროვნულ ნაკრებში გააგრძელებს მუშაობას.

 

რაში ხედავ ქართული ფეხბურთის გამოსავალს?

–ასე ერთბაშად და ერთს ვერ ვიტყვი, ბევრი რამე უნდა მოხდეს ამისთვის, მაგრამ ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ ყველამ უნდა გააკეთოს რაღაც, ვისაც ესმის ფეხბურთი, ეს იქნება ფეხბურთელი, მწვრთნელი, აგენტი, გულშემატკივარი თუ ფედერაციაში მომუშავენი, მათ ერთი აზრი უნდა შეიმუშავონ და ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს. ფეხბურთელმა სწორი მომზადებით, ფედერაციამ სტადიონების მშენებლობით, ფანებმა მოედანზე სიარულით და ა.შ

 

ქართველი გულშემატკივარი გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის მხარში უდგას ქართულ გუნდებს. მოლდოვასთან "დინამო არენაგაივსო, 19–წლამდელთა გადამწყვეტ მატჩზე "მიხეილ მესხიგაივსო და კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება, მაგრამ არასასურველი შედეგი დაფიქსირდა. იქნებ, ქართველ ფეხბურთელებს სავსე მოედანზე თამაშის დროს ზეწოლა და წნეხი აქვთ?

–ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სავსე მოედანზე თამაში დამატებითი მოტივაციაა და მიხარია, რომ ნაკრების თამაშებზე გულშემატკივარი სულ დადის და ასევე, სასიხარულოა, რომ 19 წლის ბიჭებს მხარში დაუდგენ გადამწყვეტ მომენტში და სტადიონზე ვიყავი მეც. ჩემთვის პირადად ეს მოტივაციას, ემოციას და ჟინს მიორმაგებს.

 შეიძლება, საქართველოს ჩემპიონატში და რამდენიმე ქვეყანაში ჩვენი ბიჭები საკლუბო დონეზე მიუჩვევლები რომ არიან თითქმის ცარიელ სტადიონზე თამაშს, შემდეგ სავსე მოედანზე ზეწოლა იყოს, მაგრამ ალბათ, ყველა ფეხბურთელი ისურვებს, რომ ტრიბუნები ყოველთვის სავსე იყოს.

-შენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლიდერი გუნდიდან საშუალო დონის ევროპული ჩემპიონატის შუაადგილოსან გუნდში უნდა მიდიოდეს ფეხბურთელი?

–საქართველოს ჩემპიონატის დონე არ აძლევს ფეხბურთელს იმის საშუალებას, მინიმუმ ფინანსურად იყოს დაკმაყოფილებული. შეიძლება, ეროვნული ლიგის საჩემპიონო გუნდში თამაშობდე, მაგრამ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც არამარტო ფინანსურად, კარიერისთვისაც მომგებიანი იქნება. ამას გარდა, ფეხბურთელი ასეთ კლუბში კიდევ იმიტომ მიდის, რომ იგივე დანია, ბელგია და მსგავსი ქვეყნები ტრამპლინისთვის და დიდ კლუბებში მოსახვედრად უფრო გეხმარება, ვიდრე პირდაპირ საქართველოდან გრანდში მოხვდე.

 

ფიფიამ "დინამოსგაახალგაზრდავება გადაწყვიტა. მიესალმები ამას?

–ვფიქრობ, სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდას "დინამოს“ მთავარ გუნდში თამაშის საშუალება ეძლევა. თავადაც არ ვარ დიდი, 21 წლის ვარ და მიხარია მსგავსი ფაქტები. მივესალმები ამ გეზს, მაგრამ აუცილებელია ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანაც, რომელთაც თუნდაც ევროპაში ნათამაშებიც აქვს და მათი სინთეზი უნდა მოხდეს. მარტო ახალგაზრდებით რთულია წარმატების მიღწევა. ალბათ, სწორედ გამოცდილება დაგვაკლდა ტიტულის მოგებისთვის.

 

http://sport.adjara.com/items/2087374

adjarasport 25/12/2017

საბა საპანაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024