• Geo
  • Eng
11.10.2019
დინამომ აჭარის თასზე მესამე ადგილი აიღო

6-10 ოქტომბერს ბათუმმა 14 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. აჭარის თასზე 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას: დინამო ბათუმი, დინამო თბილისი, საბურთალო, სფფ, ვალენსია (ესპანეთი), პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია), ბაბელსბერგი (გერმანია) და ესპანური საფეხბურთო სკოლა (ემირატები). ვალერი გაგუას გუნდმა ტურნირი სფფ- თან სათამაშო უპირატესობის მიუხედავად უგოლო ყაიმით გახსნა. მეორე მატჩში დინამოელები ვალენსიას შეხვდნენ. მატჩი ესპანელებმა 2:0 მოიგეს. მესამე შეხვედრაში ჩვენს გუნდს ნახევარფინალის საგზური მოსაპოვებლად გერმანულ ბაბელსბერგთან დიდი ანგარიშით გამარჯვება აძლევდა ხელს. დინამოელებმა დასახული ამოცანა გადაჭარბებით შეასრულეს და მეტოქე 10:0 დაჯაბნეს. დუბლი თავის ანგარიშზე ნინიძემ, ფარცვანიამ და უკლებამ შეასრულეს. დანარჩენი გოლები გიუნაშვილმა, პარკაძემ, შეროზიამ და ფეიქრიშვილმა გაიტანეს. თბილისელები ნახევარფინალში პსვ ეინდჰოვენს დაუპირისპირდნენ. ვალერი გაგუას შეგირდები შეხვედრის პირველივე წუთებიდან აქტიურად ჩაერთნენ თამაშში და შეიძლება ითქვას, რომ მოპოვებული სათამაშო ინიციატივა შეხვედრის ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან, თუმცა ჰოლანდიელები საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და რამდენიმე ეპიზოდში ჩვენი კარი დათო იობაშვილმა იხსნა. პირველ ტაიმში კი დედაქალაქელებს რამდენჯერმე მართებდათ გოლის გატანა, ბოლო ეპიზოდში კი შემტევებს სიზუსტე აკლდებოდათ. მეორე ნახევრის დებიუტში ეინდჰოვენმა მოახერხა გოლის გატანა. დინამოელებმა კი შეტევებს უმატეს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გიორგი სურმავას ჩაწოდებულ საჯარიმოს მეტოქის კარის აღება მოჰყვა. მატჩი 1:1 დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტმები სტუმრებმა უკეთ შეასრულეს და ხუთივე მცდელობა გამოიყენეს, დინამომ კი ოთხი გოლი გაიტანა. ამრიგად თბილისელები ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად საბურთალოს შეხვდნენ. დინამოელებმა შეხვედრის დებიუტში მოახერხეს გოლის გატანა, ზუსტი დარტყმით თავი გიორგი ფარცვანიამ გამოიჩინა. საბოლოოდ კი არაერთი მცდელობის მიუხედავად აღარაფერი შეცვლილა და ფარცვანიას გოლი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. გათამაშების გამარჯვებული პსვ ეინდჰოვენი გახდა, ჰოლანდიელებმა ვალენსიას ფინალში 2:0 აჯობეს. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული დინამოელმა გაბრიელ სიგუამ მიიღო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024