• Geo
  • Eng
10.07.2019
სკოლის გუნდები შეკრებაზე

1 ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით მარტვილის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზას საზაფხულო შეკრებით დინამოს სკოლის 2 ასაკობრივი ჯგუფი სტუმრობდა. სპორტული, ტურისტული და საგანმანათლებლო ვოიაჟით მარტვილში დინამოს სკოლის 2009 (მწვრთნელი ვახტანგ კვარაცხელია) და 2011 (მწვრთნელი დავით კაცია) წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდი იმყოფებოდა. საწვრთნელ-სავარჯიშო პროცესის გარდა გუნდების შეკრება ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების მონახულებითაც გახლდათ დატვირთული. მოზარდებმა მარტვილის ტაძარი, ნოქალაქევის ციხესიმაგრე, მარტვილის კანიონი, სალხინოში მდებარე დადიანების სასახლე და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს. დინამოელებმა მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოედანზე სენაკის, აბაშის, ხობის და ზუგდიდის გუნდებთან საწვრთნელი მატჩებიც ჩაატარეს.

დღეიდან საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპი იწყება. მარტვილს ჩვენი საფეხბურთო სკოლის 2007 წელს დაბადებულთა გუნდი ესტუმრება (მწვრთნელი კახა გოგოლაძე). 18 ივლისიდან კი მესამე ეტაპი აიღებს სტარტს. შეკრებაზე ზურა ელიავას დამოძღვრილი 2008 წელს დაბადებულთა გუნდი გაემგზავრება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024