• Geo
  • Eng
26.03.2019
ასაკობრივმა ნაკრებებმა კიდევ ერთხელ იმარჯვეს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გია ცეცაძის გუნდმა გორში ამჯერად ისრაელს უმასპინძლა და მეტოქეს 2:1 აჯობა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილმა ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო გიორგი არაბიძამ შედეგიანი თერთმეტმეტრიანით ჩვენი ნაკრების გამარჯვება დააფიქსირა. დინამოელთაგან შეხვედრაში დავით კობოურმა და ნიკა ნინუამ იასპარეზეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ჯვაროსნებმა სლოვენიას დიდი ანგარიშით 3:0 მოუგეს.

მაკედონიაში დასრულებულ განვითარების თასზე საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა საუდის არაბეთს 3:1 მოუგო. ზურა ხიზანიშვილის გუნდმა მანამდე მასპინძლებთან 0:2 წააგო, ხოლო პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანს ორი უპასუხო გოლით აჯობა და საბოლოოდ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. ჭაბუკთა ნაკრებში დინამოს აკადემიიდან ჯადული იობაშვილმა, გიორგი აბუაშვილმა, საბა ხვადაგიანმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი ჩხეტიანმა და ზაურ სიჭინავამ იასპარეზეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024