11/23/2011
გულვერდ თომაშვილი – ზესტაფონში ამჯერადაც მოსაგებად მივდივართ (EN)

ბოლო ტურის შეხვედრაში ტორპედოსთან, გულვერდ თომაშვილი მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. გულვერდი მთელი მატჩის მანძილზე თავისი უშუალო – დაცვითი ფუნქციების შესრულებასთან ერთად, ხშირად ერთვებოდა შეტევებში. მან გოლის გატანაც შეძლო და შეხვედრის  ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც იყო.

გულვერდ თომაშვილი – მოხარული ვარ, რომ ტორპედოსთან მნიშვნელოვანი თამაშის მოგება მოვახერხეთ. უზომოდ გახარებული ვიყავი, როდესაც პრინციპული მეტოქის კარში გავიტანე. შეხვედრის წინ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა, რამაზ მუმლაძემ მითხრა, თავით გაიტან გოლსო და  ახდა კიდეც მისი წინასწარმეტყველება. ვფიქრობ, დინამომ კლასიკო მაღალ დონეზე ჩაატარა. მაქსიმალურად შევასრულეთ ყველა ის დავალება, რომელიც მატჩის წინ ალექს გარსიასგან მივიღეთ. ტორპედოსთან მოგების შემდეგ გუნდმა საკუთარი ძალების კიდევ უფრო ირწმუნა და ახლა ზესტაფონთან თამაშისთვის  სრული მობილიზაციით ვემზადებით.  წინ უამრავი თამაში გვაქვს, პირველადგილოსანთან ჩამორჩენა ამ ეტაპზე არაფერს ნიშნავს, მთავარია მოკლე დროში მოვახერხოთ სხვაობის აღმოფხვრა. სატურნირო ცხრილში პოზიციების გამოსწორება ზესტაფონშივე უნდა დავიწყოთ და უშუალო კონკურენტთან ბრძოლაში გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ. ზესტაფონი ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია ჩვენს ჩემპიონატში, ნამდვილად არ არის იოლი  მათთან გასვლაზე თამაში.  როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოსაგებად მივდივართ, წაგების უფლება აღარ გვაქვს და ამას თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებთ. მეტოქის რიგებიდან გელაშვილს, აფციაურს და დვალს გამოვარჩევდი. ზესტაფონელები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და სწორედ ამ კომპონენტში არიან ძლიერები. სამწუხაროდ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ლევან კაკუბავა გამოგვაკლდა. ლევანი ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა არის და ბიჭებს ძალიან დაგვაკლდება. არცერთ ფეხბურთელს არ ვუსურვებ ისეთი სირთულის ტრავმის მიღებას, როგორიც დღეს დილის ვარჯიშზე ლევან კაკუბავამ მიიღო. მთელი გუნდი მის გვერდით ვართ და ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024