11/1/2011
დილა VS დინამო - საპასუხო მატჩი (EN)

მიმდინარე სეზონში დინამო და დილა ერთმანეთს უკვე მესამედ დაუპირისპირდებიან. დღემდე გამართული ორივე მატჩი დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. ოთხშაბათს გასამართი შეხვედრა კი დინამო – დილას 2011 წლის დაპირისპირების კულმინაცია იქნება. 1/4 ფინალში გასასვლელად დილას საკუთარ მოედანზე ფრეც აძლევს ხელს, დინამოს კი აუცილებლად მოგება ესაჭიროება.

მას შემდეგ რაც თბილისში სათასო ფრეს მიაღწიეს გორელებს თამაში არ მოუგიათ – მეტიც, დილას წარუმატებელ გამოსვლას გუნდის თავკაცის, გიორგი ცეცაძის პოსტიდან დათხოვნა მოჰყვა. ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი წაგებული შეხვედრა და ერთადერთი საშინაო ფრე ვიტ ჯორჯიასთან. ასეთი გახლავთ დილას მონაგარი მას შემდეგ, რაც მიმდინარე სეზონში უკანასკნელად ითამაშა დინამოს წინააღმდეგ. 28 სექტემბრის შემდეგ დილამ ჯერ რუსთავის მეტალურგთან უმაღლესი ლიგის VIII ტურის შეხვედრა 1:3  წააგო, შემდეგ საკუთარ მოედანზე დამარცხდა ზუგდიდის ბაიასთან –  0:2.
მეგრულ მარცხს გორელთათვის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები მოჰყვა. დილა მიყოლებთ უშუალო კონკურენტებს დაუპირისპირდა. 22 ოქტომბერს დილა სტუმრად გაგრას გაეჯიბრა, 26 ოქტომბერს კი ცხინვალის სპარტაკს უმასპინძლა. ოთხღიანი ინტერვალში გორელებმა ორი მეტად პრინციპული მატჩი გამართეს. თუმცა ორივე მათგანში ერთნაირი ანგარიშით 1:2 წააგეს.
ჩვენთან შეხვედრამდე დილამ ხასიათის მცირედით გამოსწორება მაინც მოახერხა. რამაზ სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ პირველ   შეხვედრაში გორელებმა ქართლის სტადიონზე ვიტ ჯორჯიას უმასპინძლეს და ფრედ 1:1 ითამაშეს.
საგულისხმოა, რომ დილას ზედიზედ მეექვსე შეხვედრაა მეტოქეთა კარში პირველს გოლი ვერა და ვერ გააქვს. მეტიც – უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში, ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ათი ბურთი მიიღო საკუთარ კარში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართული დინამოსა და დილას ურთიერთშეხვედრები წლების მანძილზე ჩვენი გუნდის კარნახით მიმდინარეობს. 42 ჩატარებული შეხვედრიდან ჩვენმა გუნდმა გორელები 39–ჯერ დაამარცხა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
რაც შეეხება სათასო დაპირისპირებას დინამო დილას უკვე მესამედ  დაუპირისპირპირდება. Oრრაუნდიან ორთაბრძოლებში ორჯერვე დინამოელებმა იმარჯვეს.
მიმდინარე სეზონის პირველი სათასო შეხვედრა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ – ბასაზე ფრედ 2:2 დასრულდა. ჯიღაურისა და კახელიშვილის გოლებს გორელთა მხრიდან ჯოჯუამ და ჩაგელიშვილმა უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი დილა – დინამოს 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.
გორის დილას სავარაუდო შემადგენლობა: მერლანი – გველესიანი, ქარქუზაშვილი, მაჭავარიანი, ლომიძე – ახალკაცი, პ.ხორგუაშვილი, ნოზაძე, რაჟამაშვილი, ჯოჯუა – თოდუა 
გასულ სეზონში საქართველოს თასზე
გასულ სეზონში დილა პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა თასის გათამაშებას. მაშინ, ჯერ კიდევ პირველ ლიგაში მოთამაშე დილა, ასევე პირველ ლიგელ ლოკომოტივთან დამარცხდა.  დილამ პენალტების სერიაში წააგო თბილისურ გუნდთან 3:4 და გათამაშებას გამოეთიშა.
დინამო თბილისმა საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშება გასულ სეზონშიც პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყო. ჩვენმა გუნდმა სტუმრად საჩხერის ჩიხურა დაამრცხა 4:0, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონთან – გაგრასთან ორ რაუნდიან დაპირისპრებაში (2:1, 1:2) პენალტებით წააგო 2:4 და გათამაშებას დაემშვიდობა.
გორის დილას რიგებში მოთამაშე ოლეგ გველესიანი, ბექა შეყრილაძე და ვაჟა ნემსაძე სხვადასხვა დროს ჩვენი გუნდის ღირსებას იცავდნენ. მეტიც 2007/2008 წლების სეზონში ოლეგ გველესიანი, რომელსაც დინამოს მაისურით 2007 წლიდან 2009 წლამდე 26 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში სამი გოლიც აქვს გატანილი, დინამოსთან ერთად, საქართველოს ჩემპიონის ტიტულსაც დაეპატრონა. დილა – დინამოს დაპირისპირება 2 ნოემბერს, ქართლის სტადიონზე 14:00–ზე დაიწყება. ტრადიციულად შეხვედრის ტექსტური LIVE - სთვის თვალ–ყურის დევნება ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024