ესპანურ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი მზადების მეორე ეტაპზე გადავიდა. ჩვენი გუნდი მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში Football Impact Cup 2012–ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ხსენებულ ტურნირზე თბილისელთა პირველი მეტოქე პოლონური კრაკოვია იქნება, რომელიც ეკსტრაკლასაში შთამბეჭდავი შედეგებით ვერ გამოირჩევა და მეტიც, ელიტიდან გავარდნის კანდიდატიც არის.
მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:
2011/2012 წლების სეზონის მეორე ნახევარს როგორც დინამო, ისე კრაკოვია განსხვავებული მიზნებით ეგებებიან. ჩვენი გუნდი ტრადიციულად ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას, პოლონური კრაკოვია კი გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევასა და ეკსტრაკლასაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება.
მწვრთნელი და გუნდი:
კრაკოვიას მიმდინარე სეზონში უკვე მეორე მთავარი მწვრთნელი ჰყავს. პოლონეთის ჩემპიონატის დაწყებიდან შვიდი ტურის თავზე კრაკოველებმა გუნდის უკრაინელი თავკაცი, იური შატალოვი არასახარბიელო შედეგების გამო დაითხოვეს, მისმა გაწვრთნილმა კოლექტივმა შვიდი მატჩიდან მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. შატალოვის ნაცვლად გუნდში სამუშაოდ დარიუშ პასიეკა იქნა მოწვეული. კრაკოვიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარიუშ პასიეკას შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, მისმა გაწვრთნილმა კოლექტივმა პირველივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და გუნდის ერთგულ გულშემატკივარს ნანატრი გამარჯვებაც უსახსოვრა. ეკსტრაკლასას გასავარდნ ზონაში მყოფი კრაკოვია მეორე წრეს ჩატარებული 17 თამაშში მოპოვებული 14 ქულით ხვდება. უახლოეს კონკურენტს კი ერთი ქულით ჩამორჩება.
სუსტი და ძლიერი მხარეები:
პოლონური გუნდის მთავარი ძალა გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მებრძოლი ნახევარდაცვაა. მეტოქე გუნდის რიგებში მოთამაშე ალექსის ვისნაკოვსს ჩვენი გუნდისა და ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას წინააღმდეგ ერთხელ უკვე აქვს ნათამაშები. მან დინამო არენაზე გამართული საქართველო – ლატვიის შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. პოლონური გუნდის სუსტ წერტილს შეტევის წინა ხაზი წარმოადგენს, მიმდინარე სეზონში ცხრა გატანილი გოლიდან კრაკოვიას თავდამსხმელთა ანგარიშზე მხოლოდ და მხოლოდ ორი ბურთია.
ისტორია და დღევანდელობა:
1906 წელს დაარსებული კრაკოვია პოლონეთის უპირველესი და უძველესი გუნდი გახლავთ. 1910 წელს ავსტრიის მთავრობის დახმარებით კრაკოვია დარეგისტრირდა ოფიციალურ საფეხბურთო კლუბად და ამავე წელს იგი ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის წევრი გახდა. 1912 წლამდე გუნდს არ გააჩნდა საშიანაო არენა, მაგრამ ბევრი მცედელობის შედეგად 1912 წლის 31 მარტს გაიხსნა "კრაკოვიას" პირველი სტადიონი. 1912 წელსვე კლუბმა შეიძინა იოზეფ კალუჟა ("კრაკოვიას" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი) და ავსტრიის თასის გათამაშების გამარჯვებულიც გახდა. 1913 წელს კრაკოვიამ გალიციის თასის გათამაშებაზეც იმარჯვა. უშუალოდ კრაკოვიასთან არის დაკავშირებული პოლონეთის ეროვნული ჩემპიონატის დაარსებაც. კრაკოველთა უდიდესი ძალისხმევის შედეგად ჯერ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, შემდეგ კი პოლონეთში პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა და 1921 წელს ისტორიული გათამაშების გამარჯვებული გახდა. პოლონეთის ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულმა უკანასკნელად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული შორეულ 1948 წელს მოიგო. ჩვენი მომავალი მეტოქე ევროთასებზე ასპარეზობის გამოცდილებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. კრაკოველებმა 2008 წელს პირველად და უკანასკნელად იასპარეზეს ინტერტოტოს თასის გათამაშებაზე და ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშნენ. პოლონელებმა ბელორუსულ სილიგორსკის შახტარს ვერაფერი დაუპირისპირეს და ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდნენ.
მეტოქე და ჩვენ:
დინამო თბილისი პოლონურ კრაკოვიას Football Impact Cup 2012-ის ფარგლებში პირველად დაუპირისპირდება, აქამდე ჩვენი გუნდი ეკსტრაკლასას უძველეს გუნდს არც ოფიციალურ და არც ამხანაგურ შეხვედრაში არ გაჯიბრებია, თუმცა კრაკოვიასთვის ყველაზე უხერხულ და პრინციპულ მეტოქესთან მოპოვებული გამარჯვება მართლაც რომ აღნიშვნას იმსახურებს. 2004 წელს დინამომ კრაკოვის ვისლა თბილისში 2:1 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5:5) და უეფას თასის ჯგუფური ეტაპის საგზურიც მოიპოვა. კრაკოვიასგან განსხვავებით, დინამოს პოლონურ გუნდებთან თამაშის გამოცდილება გააჩნია, თანაც ჩვენს გუნდს პოლონურ კლუბებთან დადებითი ბალანსი აქვს. 1982 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე დინამო ვარშავის ლეგიას ორჯერ დაუპირისპირდა შინ და გარეთ – დინამოელებმა ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგეს. თბილისელები ევროთასებზე ორჯერ გადაეყარნენ პოლონურ კლუბებს – დინამოელებმა ოთხიდან სამ შეხვედრაში პოლონური გუნდების დამარცხება მოახერხეს, ასე რომ წითელ–თეთრთა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი გუნდისთვის დაუძლეველ ბარიერს ნამდვილად არ წარმოადგენენ.
კრაკოვიას სავარაუდო შემადგენლობა:
კაშმარეკი – სტრუნა, ჟიტკო, ნიკიელი, კოსანოვიჩი – ვისნაკოვსი, ნტიბაზონკიზა, სუვოროვი, ბარტჩაკი – ნიდზელანი, ვან დერ ბიზენი.
დასასრულს შეგახსენებთ, რომ კრაკოვიასა და დინამოს დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის ტექტური LIVE-ს ხილვა ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.