30.07.2014
კახი გოგიჩაიშვილი დინამოს მთავარი მწვრთნელია

დღეს დინამო არენას მედია დარბაზში ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ დინამოს მთავარი მწვრთნელი- კახი გოგიჩაიშვილი წარადგინა და გუნდში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა. რომან ფიფიამ და კახი გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.

რომან ფიფია: მოგესალმებით. დღეს ცვლილებების შესახებ გვინდა გაცნობოთ დინამოს ქომაგებს და საზოგადოებას. დადგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დრო. მინდა წარმოგიდგინოთ დინამოს მთავარი მწვრთნელი- კახი გოგიჩაიშვილი. კახი არის ნამდვილი დინამოელი. ცოტათი გვიან, მაგრამ ვუბრუნდებით იმ ტრადიციებს და  ღირებულებებს, რომელსაც უნდა ატარებდეს დინამო. დავგეგმეთ გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ამდენი წლის მანძილზე ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ აქტობესთან ასე არ გვეთამაშა. გუნდს ჰქონდა შექმნილი ქართული ფეხბურთის დღევანდელ რეალობასთან შედარებით არაადეკვატურად საუკეთესო ყოფითი პირობები. პირადად ჩემი მოთმინება დასრულდა. ვაახალგაზრდავებთ გუნდს. უნდა მივცეთ საშალება დინამოს და ამ ახალგაზრდებს, რომ შეთამაშდნენ და არ დადგეს ის დღეები, როდესაც სულ ვფიქრობთ რაღაცის ცვლილებაზე. დინამოში ითამაშებენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, ვინც დინამოსთვის დადებენ სულს და გულს. ეს ცვლილებები მარტო ატქობესთან მარცხის გამო არ ხდება. 16 გუნდა ჩემპიონატზე გადასვლაც ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. უმნიშვნელოვანესი თასი მოიპოვეს კახის ხელმძღვანელობით ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გერმანიაში. ასეთი სულისკვეთებით, რომ ეთამაშა მთავარ გუნდს დღევანდელი შედეგი არ გვექნებოდა. ვინც იქნება ღირსეული ის ნახავს თავის ადგილს დინამოში.

გუნდში უცხოელებიდან დარჩა მხოლოდ ჩისკო. სპორტულმა მენეჯერმა- ირაკლი ვაშაკიძემ დატოვა პოსტი. ახლო მომავალში არ ვაპირებთ ამ რგოლის შევსებას. მინდა ეს იყოს კახის პრეროგატივა და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტოს ვინ მოვა და ვინ წავა. მინდა მივცე ახალგაზრდებს საშუალება და იმედი. ლორიაც არ დარჩება კლუბში. კარგი მეკარეა და ვფიქრობ სხვა კლუბში უკეთ გააგრძელებს კარიერას. მიხალ ბილეკთან ჩვენ შევთანხმდით, მოვრიგდით და დავშორდით. ამიერიდან დინამოში იქნება დაბალი ხელფასები და მაღალი პრემიები.   

კახი გოგიჩაიშვილი:  მადლობა პრეზიდენტს დიდი ნდობისთვის. ვაცნობიერებ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთება გვიწევს. დინამომ შეცვალა კურსი და მოგვიწევს ახალი გუნდის მშენებლობა. უნდა შევქმნათ ბრძოლისუნარიანი გუნდი. გუნდიდან წავიდნენ ლორია, ხურცილავა, ხიდეშელი, დოსოუდილი, კვირკველია, გორგიაშვილი, გარსია, გრიგალაშვილი, ჯორდა, მერებაშვილი, მარცვალაძე და ვუო. დინამოში ითამაშებს ის ვინც  უკეთ იქნება მომზადებული და დადებს სულს და გულს მოედანზე. უახლოეს დღეებში ზუსტად მეცოდინება განათხოვრებული ფეხბურთელების შესახებ. ჩემპიონატი რამდენიმე დღეში იწყება და პირველ რიგში მთავარი იქნება გუნდის შეთამაშება. დახმარებას გამიწევენ სულიკო დავითაშვილი, ზურაბ ქვაჩახია და გელა ჭანტურია. ამ ეტაპზე ფიზმომზადების კუთხით- ბონდო გოცირიძე იმუშავებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018