05.11.2014
დინამო თბილისი vs დინამო ბათუმი - მატჩამდე

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი სახლში, ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს. გუნდების დაპირისპირება დინამო არენაზე 17.00 საათზე დაიწყება. ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი ტრადიციულად მატჩის როგორც ტექსტურ, ასევე ვიდეო რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის ბათუმელები საშინაო შეხვედრებს ქობულეთში ჩელე არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევროასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა.

 

 

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

მიმდინარე წლის მარტიდან აჭარული კლუბის მთავარი მწვრთნელად- ლევან ხომერიკი დაინიშნა. პირველი ლიგა გუნდმა მეორე ადგილზე დაასრულა და უმაღლესი ლიგის საგზური მიიღო. მიმდინარე გათამაშებაში ბათუმელები 11 ჩატარებული შეხვედრიდან დაგროვებული 14 ქულით, გათამაშების ცხრილის მე- 11 ადგილზე იმყოფებიან.

 

 

დინამომდე

ბათუმის დინამომ სეზონი რუსთავის მეტალურგთან მარცხით გახსნა 1:2. ამას ზღვისპირელებმა ზედიზედ სამი გამარჯვება მიაყოლეს. ორი ჩემპიონატში და ერთიც თასზე. შესაბამისად ფოთის კოლხეთთან და დილასთან 1:0 და ჭიათურასთან 5:0. შემდეგ მონაცვლეობით მარცხი და გამარჯვება ვიტ ჯორჯიასთან და მერანთან 0:2 და 3:1. ცხინვალის სპარტაკთან განცდილი მარცხი 0:1 და ფრე ქუთაისის ტორპედოსთან 2:2. ბათუმელებმა შემდეგი ორი თამაში წააგეს. თასზე ჭიათურასთან 0:2 და ჩემპიონატში სამტრედიასთან 0:2. იმავე ანგარიშით იმარჯვეს ზღვისპირელებმა ზუგდიდთან, რასაც მოჰყვა მარცხი გურიასთან 0:1. ბოლო მატჩი ბათუმელებმა საყაიმო ანგარიშით დაამთავრეს- 0:0 ჩიხურასთან.

 

 

დინამო თბ VS დინამო ბთ  – ურთიერთშეხვედრები

ორ დინამოს შორის ჩატარებული ყოველი მატჩი ტრადიციულად უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი შეხვედრა კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 46– ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 45 მატჩიდან, 33-ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 7 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 5 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 101/41 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ– ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთ–ხუთჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. აჩის ჰეთ–თრიქს შოთის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოიემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: კობახიძემ და აკირემმა დუბლებით, ხუციშვილმა, სპასოევიჩმა და ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2 წლის წინ 11 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:3 დასრულდა. იმ შეხვედრაში ჯაბა დვალმა და ჩისკომ დუბლი შეასრულეს, ერთი გოლიც ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი- ნიკოლოზ ჭანტურია ვერ იასპარეზებს. ნიკამ ყვითელი ბარათების ლიმიტს გადააჭარბა.

 

 

დინამო თბ VS დინამო ბთ  – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 6 ნოემბერს თბილისში, დინამო არენაზე ბათუმის დინამოს წინააღმდეგ გამართავს– ირაკლი კვირიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას . ფიფია და კაკაბაძე გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი გლუშჩუკი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ირაკლი კვირიკაშვილს მატჩი არ უმსაჯია. ბოლო შეხვედრა კი, რომელიც მან განსაჯა 2 ნოემბერს გამართული- მერანი 1:0 შუქურა გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ირაკლი კვირიკაშვილიმა ხუთჯერ უჩვენა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი და ერთხელაც მსაჯმა წითელი ბარათი გამოიყენა.

 

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამინაშვილი - ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მგელაძე, ჩირიკაშვილი - მუჯირი, შონია, თევდორაძე, მახარაძე, დიასამიძე - ტატანაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018