02.06.2014
დინამოს მწვრთნელად მიხალ ბილეკი დაინიშნა

სკ დინამო თბილისის მწვრთნელად ჩეხი ფეხბურთის სპეციალისტი- მიხალ ბილეკი იმუშავებს. ბილეკი თბილისში 6 ივნისს ჩამოვა და სამუშაოს შეუდგება.

სამწვრთნელო კარიერამდე მიხალ ბილეკი ფეხბურთელი გახლდათ. ნახევარმცველი ასპარეზობდა პრაღის სპარტაში, ხების რუდა გვეზდაში, რეალ ბეტისში, ჟიჟკოვის ვიქტორიაში და ტეპლიცეში. იყო ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ნაკრების წევრი.

სამწვრთნელო მოღვაწეობა კი მიხალ ბილეკმა ტეპლიცეში დაიწყო. შემდეგ კოსტა რიკის კარტახინესში მუშაობდა. იყო ჩეხეთის 19 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი. შემდეგ წლებში ბლშანის ხმელში და ვიქტორია პლზენში მოღვაწეობდა. წვრთნიდა პრაღის სპარტას და რუჟომბეროკს. ბოლო 4 წელი ბილეკი ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ და ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გაიყვანა.

როგორც მწვრთნელი არის ჩეხეთის 2006/07 სეზონის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ასევე 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მფლობელი 2003 წელს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018