01.02.2019
დინამომ სპარტაკთანაც ფრედ ითამაშა

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს და მიჯრით მეორედ ითამაშეს ფრედ. ჩვენს გუნდს მეტოქეობა სერბულმა სპარტაკ სუბოტიცამ გაუწია. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ გადაუღებელმა წვიმებმა თვისი კვალი სათამაშო მოედანსაც დაამჩნია და შეხვედრა მეტად ხისტი გამოდგა. მატჩში ლუკა ქაფიანიძემ და ანტონიო როხანომ მცირე ტრავმების გამო ვერ იასპარეზეს. თავად შეხვედრა სერბების უპირატესობით დაიწყო და პირველ 15 წუთში მეტოქემ სამი სახიფათო მომენტი შექმნდა ჩვენი გუნდის კართან. პირველ შემთხვევაში დმიტრო ივანისენიამ განმუხტა სიტუაცია, ორჯერ კი კარი აშკარა ხიფათისგან ესპანელმა გოლკიპერმა ხოსე პერალესმა იხსნა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და თბილისელებმაც მწვავედ შეუტიეს. აღსანიშნავია გუჯა რუხაიას შორი მანძილიდან გასროლილი და ლევან შენგელიას ტექნიკური საჯარიმო დარტყმა. შენგელიას დარტყმული ბურთი მეტოქის მეკარემ ბოლო წამს მოიგერია. ტაიმის ბოლომდე გუნდებმა რამდენიმე მეტ-ნაკლებად საფითო მომენტი გაცვალეს. მეორე ტაიმის დებიუტი უკვე თბილისელთა აქტიურობით დაიწყო და პირველ 10 წუთში ფრან კარბიას და ლევან შენგელიას შეეძლოთ თავის გამოჩენა. ესპანელმა შემტევმა მახვილი კუთხიდან გაისროლა, მაგრამ არაზუსტად, დამატებაზე კი ლევან შენგელია თამაშობდა ტექნიკურად, რასაც ბოლო წამს მასზე უხეშობა მოჰყვა, თუმცა მსაჯმა შეხვედრის გაგრძელება ბრძანა. ცოტახანში კარბიას მიერ თავით გაგზავნილი ბურთი ოდნავ აცდა ბალკანელთა კარს. 56- ე წუთზე მეტოქემ დინამოს დაცვაში დაშვებული შეცდომით ისარგებლა და ანგარიში ჯენიჩმა გახსნა. დარჩენილ პერიოდში დინამო ბევრს უტევდა, მეტოქე კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშს, თუმცა ბოლო წუთამდე არაფერი შეცვლილა. შეხვედრის ბოლოს დინამოელთა მორიგ შეტევას კი გიორგი კუხიანიძის ტექნიკური დარტყმა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას თბილისელები ბოსნიურ შიროკი ბრეგთან 5 თებერვალს ჩაატარებენ.

 

დინამო თბილისი 1:1 სპარტაკი სუბოტიცა

გოლი: 0:1 ჯენიჩი 56’  1:1 კუხიანიძე 90’

დინამო: პერალესი (სიკაჩი 46), რუხაია (გაბიტაშვილი 75), კობოური (აბდელი 54), მონხილი (ძოწენიძე 56), იაშვილი, ივანისენია (ქარდავა 60), პაპავა(კუხიანიძე 46), შენგელია (ნინუა 69), შულაია (ერგემლიძე 65), კუტალია (ზარია 46), კარბია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019