15.04.2018
მარცხი საბურთალოსთან

დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. მატჩი პირველივე წუთებიდან დინამოელთა შეტევებით დაიწყო. რამდენჯერმე თამაში აკაკი შულაიამ, გიორგი ივანიშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა გაამწვავეს, მაგრამ უშედეგოდ. მე- 17 წუთზე სტუმრებს რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ. ნოდარ იაშვილის ჩაწოდებულ ბურთს დიმიტრი ტატანაშვილი დახვდა, რომელმაც ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა. საპასუხოდ აკაკი შულაია ამწვავებდა თამაშს მეტოქის საჯარიმოში, ბოლო მომენტში კი დარტყმა არ გამოუვიდა. 25- ე წუთზე კი ლაზარე კუპატაძემ იხსნა თავისი კარი აკაკი შულაიას უძლიერესი დარტყმულის შემდეგ, მანამდე კი გიორგი ივანიშვილის სოლო რეიდია აღსანიშნავი, ჩვენი გუნდის 21 ნომერი რამდენიმე მეტოქეს გაცდა და ისე შევიდა მეტოქის საჯარიმოში, რასაც შულაიაზე გადაცემა მოჰყვა. პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ერთხელ გადაარჩინა კუპატაძემ საბურთალოს კარი. ამჯერად დავით კობოური მაღალ ნახტომში თავით არტყავდა. პირველი ტაიმი დინამოს სრული სათამაშო უპირატესობით მორჩა. მეორე ნახევარი ისევ მასპინძელთა შეტევებით განახლდა და ამჯერად ბუდუ ზივზივაძეს მართებდა ანგარიშის გახსნა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა არაზუსტად დაარტყა. მატჩის მესამოცე წუთზე დინამოელთა რიგებში თამაზ ბაბუნაძის დებიუტი შედგა, ახალგაზრდული გუნდის ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძე შეცვალა.  დინამომ უმატა შეტევებს, სამაგიეროდ კი გოლი საკუთარ კარში მიიღო. გორგიაშვილის დარტყმული ძელს მოხვდა და ისე გავიდა კარში. საბურთალოს კიპერმა კიდევ ერთხელ მეოთხმოცე წუთზე იხსნა კარი, მან თამაზ ბაბუნაძეს ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო. 86 - ე წუთზე ლევან ხარაბაძის ჩაწოდებულს მიხეილ ერგემლიძე თავური დარტყმით აგვირგვინებდა, ბურთი ისევ აცდა სტუმართა კარს. საბოლოოდ დინამოს მასირებულ შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და მატჩი 0:1 დასრულდა. მეშვიდე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი 21 აპრილს ბოლნისის სიონთან ჩაატარებს.

 

დინამო  0:1  საბურთალო

 

გოლი: 0:1 გორგიაშვილი 61’

გაფრთხილება: გორგიაშვილი 28’  მამუჩაშვილი 54’  ხარაბაძე 78’ ტერა 80’ 

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია (ერგემლიძე 84), ნინუა, შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ძალამიძე 73), ზივზივაძე (ბაბუნაძე 60)

საბურთალო: კუპატაძე, ლაკვეხელიანი (ნადარაია 67), რეხვიაშვილი, მარგველაშვილი, იაშვილი, მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, ტატანაშვილი (კოხრეიძე 55), დიასამიძე (ტერა 59), ვოლკოვი, გონსალვეში

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018