14.11.2017
დინამოელები ასაკობრივ ნაკრებებში

დღეს საქართველოს სამმა ასაკობრივმა ნაკრებმა ჩაატარა მატჩები. ახალგაზრდულმა შემადგენლობამ ევროშესარჩევის მორიგ შეხვედრაში ლიტვას უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩში ჩვენი გუნდის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა (ნაკრების კაპიტანი), მარჯვენა შემტევმა აკაკი შულაიამ და ფორვარდმა ბექა მიქელთაძემ მიიღეს მონაწილეობა. გოლი კი ჩაბრაძისა და კიტეიშვილის აქტიურობას მოჰყვა, რის შემდეგაც ლიტველმა ფეხბურთელმა საკუთარი კარი დალაშქრა. სათადარიგო სკამზე გახლდათ დავით კობოური.

საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ალბანეთის 21 წლამდე ნაკრებს უმასპინძლა. ვასილ მაისურაძის გუნდმა დიდი უპირატესობით წარმართა შეხვედრა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა მეტოქე. გოლები სპანდერაშვილმა და ბუღრიძემ გაიტანეს, მესამე ბურთი კი ავტო გოლით გავიდა. ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი 19 წლამდელთა გუნდის ნახევარმცველმა ფირუზ გაბიტაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ბოლო მატჩი საფრანგეთთან ჩაატარა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ჩვენი გუნდის მცველმა ლევან ხარაბაძემ გაიტანა, ხოლო ნიკა ნინუამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მათ გარდა ნაკრების შემადგენლობაში ზურაბ დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ბექა ქავთარაძემ იასპარეზეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017