17.03.2017
დინამო - დილა | მატჩამდე

შაბათს, 18 მარტს ეროვნული ლიგის მესამე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა დინამო არენაზე 14.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. დასრულებული სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები ირგუნა სუპერთასის ფინალში, სადაც 0:1 დამარცხდა დინამოსთან.

 

 

მწვრთნელი და დილა

2017 წლის იანვარში გორის დილამ ახალი მთავარი მწვრთნელი- ზივ არიე წარადგინა. 45 წლის ფეხბურთის სპეციალისტი ისრაელიდანაა და მანამდე სამშობლოში თელ ავივის მაქაბის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი გახლდათ. დილამ მისი ხელმძღვანელობით თურქეთში გაიარა შეკრება.

 

 

დინამომდე

გორელებმა მიმდინარე პირველობაზე უკვე გამართეს ორი შეხვედრა. დილამ ჯერ ჩიხურასთან ითამაშა უგოლო ფრე, ხოლო შემდეგ ბათუმის დინამოსთან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 0:1. საქართველოს თასის 1/16 ფინალში გორელებმა სამგურალი 2 დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.