12.10.2015
ნიკა ჭანტურია: არავითარი შიში!

თბილისის "დინამოს" ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია მინდორს თითქმის 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. მან ბოლო 20 წუთი ითამაშა თბილისის "ლოკომოტივთან" მოგებულ (3:1) საკონტროლო შეხვედრაში...

ჭანტურია იმ თაობის ყოჩია, პატარა ასაკიდანვე რომ შეაჩვია გამარჯვებას ქართველი გულშემატკივარი და, ალბათ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი იმედია. ესეც არ იყოს, მისებრ სასიამოვნო და საინტერესო რესპონდენტი ჩვენს ფეხბურთში დღეს სანთლითაა საძებარი...

- ნიკა, გილოცავთ დაბრუნებას! ელოდით, რომ "ლოკომოტივთან" შეხვედრაში ითამაშებდით?
- უკვე მერვე თვე დაიწყო, რაც ტრავმა ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ მაძლევდა. ვიცოდი, რომ ამ ამხანაგურ მატჩში 20-25 წუთი უნდა მეთამაშა. გულახდილად გეტყვით - ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ეს დაბრუნება...

რაც შეეხება კონდიციებს, ამხელა პაუზის შემდეგ რთულია, გახვიდე მინდორზე და შენთვის ოპტიმალური თამაში აჩვენო. სურვილი არის, მაგრამ რეალობა სხვაა. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი დავრჩი ჩემი თამაშით, მაგრამ აუცილებლად მოვუმატებ. რაც მთავარია, იმ 20 წუთში, რაც მინდორზე გავატარე, არანაირი დისკომფორტი არ მქონია. თანაც, ვგრძნობ მწვრთნელის დიდ ნდობასა და ხალხის სიყვარულს. დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული.

- შეიძლება არ იყოს სასიამოვნო გასახსენებელი, მაგრამ მაინც - მოუყევით გულშემატკივარს, რაც გადაიტანეთ...
- ძალიან სერიოზული ტრავმა იყო - ჯვარედინი იოგები და ლატერალური მენისკი მქონდა გაგლეჯილი. მარტში დავშავდი, "ზესტაფონთან" თამაშის დროს... მატჩის დასრულებამდე სულ რაღაც 10 წუთი რჩებოდა...

- რეაბილიტაციის პროცესი როგორ წარიმართა?
- მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის "დინამოს". კლუბი ბოლომდე დამიდგა გვერდით და მისი დამსახურებაა, მინდორს რომ დავუბრუნდი. სარეაბილიტაციო პერიოდი გერმანიაში გავიარე. უმაღლეს დონეზე იყო იქ ყველაფერი.

- ზოგადად, მძიმე ტრავმა შიშის სინდრომს ტოვებს. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
- "ლოკომოტივთან" მატჩში რამდენჯერმე მომიწია ორთაბრძოლებში შესვლა და უნდა გითხრათ, რომ არანაირი შიში არ მქონია. ეგაა, ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, თუმცა ეს ლოგიკურია.

- ზოგიერთ ქართულ მინდორზე თქვენი თამაში საშიში ხომ არ არის?
- ვისაც ჩემნაირი ტრავმა აქვს ან ჰქონია, სასურველია, რაც შეიძლება, მაღალი ხარისხის ხელოვნურ მინდორზე ითამაშოს. საქართველოში ასეთი ბევრი არ არის, მაგრამ ამაზე ნუ ვიწუწუნებთ. რა მოცემულობაც გვაქვს, იმის გათვალისწინებით უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი. ყველა მატჩს "დინამო არენაზე" ხომ ვერ ჩავატარებთ?

- ტრიბუნიდან არ გიჭირდათ ფეხბურთის ყურება?
- ძალიან. ფეხბურთელისთვის ეს ყველაზე რთული მომენტია. როცა ხედავ, რომ შენი თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებენ შენი საყვარელი კლუბის წარმატებისთვის და შენ ვერაფრით ეხმარები, ძალაუნებურად ცუდ ხასიათზე დგები... ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი ტრავმა, მაგრამ რას ვიზამთ - ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

როცა ფეხბურთს ირჩევ პროფესიად, საამისოდ მზად უნდა იყო.

- მოდით, დადებითი მარცვალიც ვიპოვოთ ყოველივე ამაში - თქვენ მეტი დრო გრჩებოდათ ოჯახისთვის, მეგობრებისთვის...
- თავიდან, სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, მართლა ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა. გაფიქრებაც კი რთული იყო იმისი, რომ ამდენ ხანს ვერ ვითამაშებდი. მერე ოპერაცია გავიკეთე, სარეაბილიტაციო პერიოდი დაიწყო და ჩვენი გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელ ივო ვუჩეტიჩთან ვემზადებოდი. მან თითქმის შეუძლებელი შეძლო - ასეთი ტრავმის შემდეგ არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელი 9-12 თვეს ისვენებს. ოჯახისა და მეგობრებისთვის შედარებით მეტი დრო კი მრჩებოდა, მაგრამ მაინც დაკავებული ვიყავი.

- რას იტყვით თანამედროვე "დინამოზე"?
- ქართველებს ერთი თვისება გვაქვს - დღესვე გვინდა ვიხილოთ იმ საქმის ნაყოფი, რომელსაც ვაკეთებთ. "დინამო" სწორ გზაზე დგას და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მწვრთნელი, გვყავს მისაბაძი ფეხბურთელი - გამოცდილი ალექსანდრე იაშვილი, ვინც მინდორზეც და მის მიღმაც სამაგალითოა ჩვენთვის; გვყვანან პერსპექტიული ფეხბურთელები... ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

- ესპანეთთან დამარცხების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამშაბათს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესტონეთს უმასპინძლებს. იდეაში, თქვენ ამ ნაკრების ლიდერთაგანი უნდა ყოფილიყავით, რომ არა ტრავმა. ალბათ, ბიჭებს ესტონელებთან შეხვედრაში ტრიბუნიდან გაამხნევებთ...
- რა თქმა უნდა, სტადიონზე ვიქნები. ესპანეთთან შეხვედრაში შეგვეძლო თუნდაც ქულის აღება. მეორე ტაიმში წინაც გავედით საბა ლობჟანიძის გოლით, მაგრამ მერე რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ...

ესტონეთთან მატჩში კი უკან დასახევი გზა მოჭრილია. თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ევროშესარჩევის პლეი ოფში მოხვედრის შანსი, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მჯერა, ეს შეგვიძლია.

- თქვენი თაობა აშკარად გამორჩეული იყო და თავიდანვე გამარჯვებებს შეგვაჩვია. ახალგაზრდული ნაკრების ბირთვს დღეს ეს ბიჭები შეადგენენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მათი პროგრესი არ მიდის სასურველი ტემპით. რას უნდა დაბრალდეს ეს? - ასაკის თავისებურებას, პროფესიონალიზმის ნაკლებობას, ზოგადად, გარემოს თუ კიდევ სხვა მიზეზია? თქვენ ეს კითხვა ყველაზე ნაკლებად გეხებათ, მაგრამ მაინც...
- მესმის კითხვის არსი. თემა საინტერესოა და ვეცდები, ამომწურავი პასუხი გაგცეთ. დავიწყებ იმით, რომ მე ვერ დავდგები ჩემი თაობისგან განცალკევებით და სულაც არ მივიჩნევ ჩემს თავს სრულყოფილ, შემდგარ პროფესიონალად, თუმცა კი მივილტვი ამისკენ. ჩვენ ტოლ-სწორად ვეთამაშებოდით გრანდებს და ახლა ვხედავთ, რომ ჩვენსა და მათ შორის სხვაობა არის. ჩემი აზრით, ვერ დავაბრალებთ ამას ერთ კონკრეტულ რამეს. შეგვიძლია გარემოს ფაქტორი მოვიყვანოთ. არის ხოლმე იმედგაცრუების მომენტი, როცა რაღაც არ გამოდის - თუნდაც, სასურველ გუნდში მოხვედრა ან ძირითადში თამაში...

რა თქმა უნდა, მეტი პროფესიონალიზმი გვმართებს, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ მე ყველას ვიცნობ ჩემი თაობის ბიჭებს, ყველასთან ვმეგობრობ და ვიცი, რომ მათი 90 პროცენტი ფეხბურთით ცხოვრობს. ეს კია, რომ ისეთი ბიჭები არიან დღეს ჩაკარგულები, რომ არ უნდა იყვნენ ასეთ მდგომარეობაში.

ალბათ, ნდობის ფაქტორიც არის. გარემო ტყუილად არ ვახსენე. გახსოვთ, ჩვენმა ნაკრებმა საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში რომ ჩატოვა? ყველამ კარგად ვიცით, სად არის ახლა იმ გუნდის ლიდერი ანტონი მარსიალი. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერად ყალიბდება. ჩვენი ნაკრებიდან კი ზოგიერთი საერთოდ აღარ თამაშობს ფეხბურთს...

- მარსიალთან გითამაშიათ. ის ადრეც ასეთი ძლიერი იყო?
- მარსიალის წინააღმდეგ ორჯერ ვითამაშეთ - ჯერ ვასილ მაისურაძის, მერე კი გია ცეცაძის ნაკრებში. ის მაშინ საფრანგეთის ნაკრებში ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ დიდი კი არა, მგონი, საერთოდ არ იყო უფსკრული ჩვენს ბიჭებსა და მას შორის.

საქართველოს ორივე ფორმაციის ნაკრები გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა. არ მიყვარს არავის გამოყოფა, მაგრამ ჩვენი გუნდის გამორჩეული ინდივიდუალისტები, ვთქვათ, გიორგი აბურჯანია და ალეკო მზევაშვილი, მარსიალს ბევრით არ ჩამორჩებოდნენ და საკითხავია, საერთოდ, ჩამორჩებოდნენ კი რამეში?..

sportall.ge    ალეკო კაკაურიძე

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/83840-nika-tcanturia-aravithari-shishi.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019