01.05.2014
რომან ფიფია: გადავწყვიტე, სათქმელი ახლავე ვთქვა

საქმეს ისეთი პირი უჩანს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა ერთი წლით გადაიდება, მერე კი ორი ლიგა, პირველი და უმაღლესი, მხოლოდ სპორტული პრინციპით დაკომპლექტდება. 

ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს თბილისის "დინამოს" პრეზიდენტირომან ფიფია და მის აზრს სხვა კლუბებშიც ეთანხმებიან... 

ეთანხმებიან და, ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ ქვეყნის პირველი კლუბის პრეზიდენტმა მისი კოლეგები იქით დაარწმუნა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა 2015/16 წლების სეზონიდან იქნებოდა უპრიანი, ვიდრე მომავალი სეზონიდანვე. 

მომავალი სეზონისთვის კი ეროვნული ჩემპიონატი, შესაძლოა, ისევ პროფესიული ფეხბურთის ლიგამ (მისი ხელახლა ამოქმედების საკითხიც აქტიურად განიხილება) ჩაატაროს და გაფართოებულ ფორმატზე გადასვლა უფრო გაიოლდეს. 

მოკლედ, ახლა უკვე ძალიან დიდია იმის შანსი, რომ უმაღლესში გუნდების რაოდენობა უცვლელი დარჩეს და მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ გაიზარდოს. 

უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლები, რომლებიც 29 აპრილს "დინამოს" ბაზაზე შეიკრიბნენ, ახლა სწორედ ჩემპიონატის ასეთ მოდელზე მუშაობენ და სახელმწიფო კანცელარიაში ფეხბურთის განვითარების პროგრამას სწორედ რომან ფიფიას ხელით წარადგენენ. 

თავად "დინამოს" პრეზიდენტი კი დღეს "ლელოს" ფურცლებზე იტყვის თავის სათქმელს...

- საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მომავალში ვაპირებდი, - დაიწყო ბატონმა რომანმა, - მაგრამ რადგანაც ეს საკითხი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი გახდა, გადავწყვიტე, სათქმელი ახლავე ვთქვა, მით უმეტეს, რომ ჩემმა კოლეგებმა უკვე ისაუბრეს ჩვენი შეხვედრების შესახებ... 

დიახ, უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელები შევხვდით ერთმანეთს და გუნდების რაოდენობის გაზრდაზე ვიმსჯელეთ. იყო ეპიზოდები, როცა ჩვენი საუბარი მწვავდებოდა, მაგრამ მთლიანობაში, გულახდილი შეხვედრა გამოვიდა და ყველა კმაყოფილი დარჩა. 

ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 გუნდის მონაწილეობას 16-ის თამაში სჯობს, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა გუნდებს გამართული ინფრასტრუქტურა აქვთ და მეტოქე გუნდის სათანადოდ მასპინძლობა შეუძლიათ. აი, ამ საკითხებზე იყო საუბარი. 

მეორე დღეს კლუბების ხელმძღვანელები ისევ შევხვდით ერთმანეთს და ჩვენი აზრების საბოლოოდ შეჯერება ვცადეთ. 

შევთანხმდით, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიასთან არსებულ ქვეკომისიას უახლოეს სხდომაზე იმ ვარიანტს წარვუდგენ, რომელიც სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ნაშრომისგან განსხვავებულია. ის უმაღლესი ლიგის კლუბების ერთობლივი ნამუშევარია და ვფიქრობ, რეალობასთან ყველაზე ახლოს არის. 

ჩემი აზრით, ამოსავალი სპორტული პრინციპის დაცვაა. უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდამდე სპორტული პრინციპი უნდა დავიცვათ - როგორც უმაღლესი ლიგის, ასევე პირველი ლიგის კლუბებთან მიმართებაში. შესაძლებელია, 16-გუნდიან ფორმატზე ერთი სეზონის შემდეგ, ანუ 2015/16 წლების სეზონიდან გადავიდეთ. ერთი წლის განმავლობაში კი კლუბებმა, უეფას რეგულაციების შესაბამისად, ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგონ. 

ამ დღეებში უმაღლესი ლიგის გუნდებს კიდევ გვექნება კონსულტაციები ამ თემებზე და იმედი მაქვს, ეს მიდგომა ყველასთვის მისაღები იქნება. 

შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას პროფლიგის აღდგენის თხოვნითა და შესაბამისი დოკუმენტაციით მივმართავთ და მომავალში ჩემპიონატი სწორედ კლუბების ორგანიზებით ჩატარდება. ავირჩევთ პროფლიგის პრეზიდენტს და შევქმნით შესაბამის სტრუქტურებს ჩემპიონატის ჩასატარებლად. ფედერაციასაც ნაკრებებისთვის მეტი დრო დარჩება. 

- როგორც ვიცით, "ზესტაფონის" წარმომადგენელი თქვენ მიერ ნახსენებ შეხვედრებს არ დასწრებია. ეს კლუბი თანახმაა იმ ვარიანტზე, რომელზეც ახლა საუბრობთ?
- ეს ისეთი ლოგიკური ვარიანტია, რომელიც "ზესტაფონმაც" უნდა გაითვალისწინოს და იმედი გვაქვს, ეს კლუბი წინააღმდეგი არ იქნება.

- სახელმწიფო თუ არის თანახმა ასეთი ვარიანტის დაფინანსებაზე?
- ჯერ ვიტყვი, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რასაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან ვგრძნობთ. ეს კი, დამეთანხმებით, საქმის უკეთ საკეთებლად დამატებით სტიმულს გვაძლევს. 

ჩვენ სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარებისა და ინდუსტრიად გადაქცევის ხუთწლიან პროექტს შევთავაზებთ, სადაც იქნება აღნიშნული, რომ სახელმწიფო დახმარების მეოთხე-მეხუთე წელიწადს კლუბებში უკვე კერძო ინვესტორებიც უნდა შევიდნენ და ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის ინვესტიცია განახორციელონ. სახელმწიფო კი, როცა კერძო სექტორიდან ფეხბურთით დაინტერესებას დაინახავს, ჩვენკენ თავადაც მეტი შემხვედრი ნაბიჯით წამოვა. 

- თუ უმაღლესი ლიგა 16-გუნდიან ჩემპიონატზე 2015/16 წლების სეზონიდან გადავა, მომავალი სეზონის განმავლობაში კლუბებს რისი გაკეთება მოუწევთ?
- პირველ ყოვლისა, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბის საშინაო სარბიელზე ბუნებრივსაფარიანი მოედანი უნდა გაკეთდეს. სტადიონებზე ფეხბურთის სათამაშო პირობები უნდა იყოს, გასახდელებში კი, ელემენტარულად, ფეხბურთელს მატჩის შემდეგ შხაპის მიღების საშუალება ჰქონდეს. 

სტადიონებზე იმ პირობების შექმნას ვითხოვთ, რომელიც უეფას ლიცენზირების პროგრამით ისედაც არის გათვალისწინებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროგრამა ყველგან არ სრულდება. 

ერთი სიტყვით, ამ ერთ წელიწადს მოსამზადებლად გამოვიყენებთ და ამის შემდეგ 16-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა უფრო გაგვიადვილდება. მომდევნო სეზონში პროფლიგაც ამოქმედდება და იმედი მაქვს, საერთო საქმეს ერთად გაცილებით უკეთ გავაკეთებთ, ვიდრე ახლა.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ 16-გუნდიან ჩემპიონატზე "დინამო" სხვა კლუბებს კი არა, "დინამოს" იქით დაუთანხმებია სხვა კლუბები...
- როგორც გნებავთ, ისე ჩათვალეთ, მე კი ვიტყვი, რომ რომან ფიფიას ქართული ფეხბურთის მომავალზე გული არავისზე ნაკლებად შესტკივა და მის განვითარებაზეც ფიქრობს. ვიცი, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატი სჯობს 12-იანს, მაგრამ საამისოდ, შესაბამისი პირობებია საჭირო. 

შინ მაგიდა და სკამი თუ არ გაქვს, ეზო-კარი თუ არ მოაწყვე, სტუმარს როგორ მიიღებ?!

- თქვით, რომ სახელმწიფო დაფინანსებიდან ოთხი-ხუთი წლის შემდეგ კლუბებში კერძო ინვესტორებიც უნდა გამოჩნდნენო. კი მაგრამ, აქამდე თუ არ გამოჩენილან, რა გარანტია გაქვთ, რომ ოთხი-ხუთი წლის შემდეგ გამოჩნდებიან?
- სწორედ კლუბებმა და პროფლიგამ უნდა იმუშაონ ინვესტორებზე. ჩვენი პროგრამა ქართული ფეხბურთის იმიჯის გაუმჯობესების ხელშემწყობი იქნება, ისეთი, რომელიც კერძო სექტორს დააინტერესებს, რომ ნაშოვნი 10 მილიონიდან ერთი მილიონი მაინც ფეხბურთში მოიტანოს. 

- კიდევ რა საკითხებზე იქნება ყურადღება გამახვილებული სახელმწიფო კანცელარიაში წარსადგენ პროგრამაში?
- ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ჩვენი აზრით, დასავლეთ საქართველოში აუცილებელი იქნება ბავშვთა ორი საფეხბურთო აკადემიის გახსნა, რომელიც სახელმწიფოს ხელშეწყობით იფუნქციონირებს, მომავალში კი მისი გამოსყიდვა იქნება შესაძლებელი. პროგრამაში იქნება სხვა აქცენტებიც, მაგრამ ახლა ყველაფერზე წვრილად ვერ ვისაუბრებ. 

- ვისარგებლებ შემთხვევით და "დინამოს" აკადემიაზეც გკითხავთ...
- ვიდრე მკითხავთ, თავად გეტყვით, რომ აკადემია ჩემთვის ყველაზე დიდი საფეხბურთო პროექტია, რის შედეგსაც 5-6 წლის შემდეგ ველი. სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ მალე აკადემიაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე სამუშაოდ ერთი ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტის მოწვევა გვაქვს გადაწყვეტილი. მის ვინაობას ჯერ ვერ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ბავშვთა ფეხბურთში საკმაოდ ავტორიტეტული მწვრთნელი გახლავთ. 

- ბარემ "დინამოს" მომავალი მწვრთნელისა და გეგმების შესახებაც გვითხარით...
- მწვრთნელს რაც შეეხება, უკვე ვთქვით, რომ მის ვინაობას კლუბი მაისის ბოლოს გამოაცხადებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს სხვას ახალს ვერაფერს გეტყვით. ევროპულ სარბიელზე კი "დინამო" მაქსიმალურად შორს წასვლას აპირებს და კარგი იქნება, თუ ევროპაში ჩვენი წლევანდელი გასვლა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრით დაგვირგვინდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" 30-04-2014

ავტორი  :  კობა ინასარიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019