08.08.2013
ჩისკო: მსურს, რომ კარიერის ბოლომდე დინამოში ვითამაშო

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ჩემპიონატი 1990 წელს ჩატარდა. მას მერე ოც წელზე მეტი გავიდა, უმაღლესი ლიგის დონეც შედარებით ამაღლდა და მრავალი პრობლემის მიუხედავად, UEFA-ს კოეფიციენტების რეიტინგში ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა, მაგალითად, ფინეთი, ირლანდია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ა.შ. ამ 23 წლის განმავლობაში, საქართველოს ჩემპიონატში თამაში ბევრმა ლეგიონერმა მოასწრო. ქართული კლუბების მაისურით გვინახავს აფრიკელი ფეხბურთელები, რომელთა დადებითი მხარე მხოლოდ ის იყო, რომ ვიზუალურად წააგავდნენ ამა თუ იმ ნიგერიელ ან კამერუნელ სუპერვარსკვლავებს. ბევრმა კონკურენციას ვერ გაუძლო და კარიერა შედარებით დაბალი რანგის ჩემპიონატში გააგრძელა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ქართულ პუბლიკას თავი კარგად დაამახსოვრა. ასეთი რამდენიმე მახსენდება: ზესტაფონში მოთამაშე ჟილვან ვიეირა, მეტალურგელი ანდერსონ აკინო, დინამოელი დიდიე ოვონო, ზესტაფონელი პოლ კესანი...

კონკრეტულად დინამოში არაერთ ლეგიონერს უთამაშია, ჩემპიონთა ლიგის მომგებ ნედ ზელიჩიდან დაწყებული, ამჟამად ინდონეზიის ჩემპიონატში მოთამაშე ილია სპასოევიჩით დამთავრებული, მაგრამ დღეს რომ ჰყავთ, თამამად შეიძლება ითქვას, ასეთი შედეგიანი ლეგიონერი თბილისელებს არასოდეს ჰყოლიათ.

ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლომპარტი ან უბრალოდ ჩისკო, დინამო თბილისში უკვე მესამე წელია თამაშობს. იქამდე ესპანელი მხოლოდ სამშობლოში ასპარეზობდა და საკმაოდ წარმატებულადაც: ვალენსიის რიგებში 2003-04 სეზონში ლა ლიგა მოიგო, იმავე წელს უეფას თასს დაეუფლა და სუპერთასიც ასწია. ჩისკომ კარგი პერიოდი გაატარა ბეტისში და ლევანტეშიც, შემდეგ კი 30 წლის ასაკში, მაშინდელი დინამოს მწვრთნელის, ალექს გარსიას ინიციატივით, ტიტულოვანი ფეხბურთელი თბილისურ კლუბში ჩაირიცხა.

ხმამაღალი განცხადება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი დინამო თბილისი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. კლუბის ახალმა მეპატრონე რომან ფიფიამ დინამოს თანამედროვე სტანდარტების ბაზა და აკადემია აუშენა. მოკლედ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ყველა პირობაა იმისთვის, რომ ძირითადმა გუნდმა საერთაშორისო ასპარეზზე კარგ შედეგს მიაღწიოს, ხოლო ახალგაზრდა თაობამ პროგრესი განიცადოს.

დინამო თბილისი დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს. ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები და გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ თუ არა ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კლუბი აუცილებლად გავა. ამ მიზნის მიღწევაში, საქართველოს გასული ჩემპიონატის ბომბარდირს ჩისკოს, დიდი როლი აქვს. დინამო თბილისზე, საკუთარ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ტაბულა ჩისკოს ესაუბრა.

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, ესპანეთში გავატარე. სამშობლოში თამაშისას უეფას თასს, სუპერთასსა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს დავეუფლე, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ კარიერის მწვერვალად ვალენსიაში გატარებულ პერიოდს მივიჩნევ. ესპანური ლა ლიგის მოგებას, ძირითადად, მადრისის რეალი ან ბარსელონა ახერხებენ, მაგრამ 2003-04 სეზონში ის ვალენსიამაც მოიგო და ვამაყობ, რომ ამ ტრიუმფის ნაწილი მეც ვიყავი. შემდეგ ბეტისში გადავედი და იქაც უეფას თასზე თამაში მომიწია, რაც ასევე ძალიან წამადგა. ამის მერე, საქართველოში, დინამოში სათამაშოდ ჩამოვედი. მიმიზიდა იმ დიდმა პროექტმა, რომლის დაგეგმვაც მაშინ მიდიოდა. კონტრაქტის მიხედვით, აქ ბოლო წელი დამრჩა და მსურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ.

როდესაც დინამოს მაშინდელმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ და კლუბის მეპატრონე რომან ფიფიამ პირველად დამირეკეს, მიამბეს, თუ რისი გაკეთება სურდათ. პროექტი ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და თბილისში იმ იმედით ჩამოვედი, რომ საქართველოს ჩემპიონატის გარდა, წარმატებას უეფასა და ჩემპიონთა ლიგის ტურნირებზეც მივაღწევდი.

დინამო საქართველოს საუკეთესო კლუბია. მისი სახელი, ისტორია, ინფრასტრუქტურა შესანიშნავია. უკვე მესამე წელია, აქ ვარ და რაც დრო გადის, გუნდი უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს. ვფიქრობ, ეს კარგია არა მხოლოდ ცალკე აღებული ერთი კლუბისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის.

ჩისკოსთან ერთად თბილისში, 3 წლის წინ, თანამემამულეები კარლეს კოტო და ალბერტ იაგუე ჩამოვიდნენ. შემდეგ ესპანელთა რიცხვი კიდევ გაიზარდა და მათ მიკელ ალვაროც დაემატა, თუმცა, საბოლოოდ, კლუბი სამივე მათგანმა დატოვა...

ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ადამიანი თავის გზას ისე ირჩევს, როგორც თავად სურს და ჩემმა რამდენიმე თანამემამულემ დინამო დატოვა. კარლეს კოტოსთან და მიკელ ალვაროსთან ერთად თამაში დინამო თბილისში ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ერთმა აზერბაიჯანში წასვლა არჩია, მეორემ კი – ბელარუსში. რას ვიზამთ, მათ საუკეთესოს ვუსურვებ.

როგორც არ უნდა შევხედოთ, ჩისკო წარმატებული ფეხბურთელია. ტიტულებს თუ გადავხედავთ, ყველაფერი ხომ ცხადი გახდება, მაგრამ სულ რომ არ იცოდეთ მისი წარსული ჯილდოები, მოედანზევე გამოირჩევა ყველასგან. ჩისკო საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია, ამ საკითხზე ორი აზრი არ არსებობს. დინამოს 28 ნომერს თავის დროზე ესპანეთის 17, 18 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, მაგრამ ეროვნულში არასოდეს გამოუძახიათ...

ესპანეთის ნაკრებში თამაში ძალიან რთულია. ის ფეხბურთელები, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ჩემი გუნდელები იყვნენ, მაგალითად, ჩავი და იკერ კასილასი, ახლა ეროვნულ გუნდში ასპარეზობენ. იქ მოხვედრა ურთულესია. წარმოიდგინეთ, თერთმეტმა ფეხბურთელმა მოიგო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი. ამ ადამიანთა შორის რომ მოხვდე, ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილო. ფაქტობრივად, გუნდის ნახევარი ბარსელონაში, ხოლო მეორე ნახევარი მადრიდის რეალში თამაშობს და ისეთ ფეხბურთელს, ვინც შედარებით დაბალ დონეზე თამაშობს, ნაკრებში გამოძახების ნაკლები შანსი აქვს.

პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ ჩისკოსნაირი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს ძალიან გამოადგებოდა. ესპანელი გულშემატკივრებსაც ძალიან უყვართ და გასაკვირი არ არის, რომ ინტერნეტში ჩატარებულ გამოკითხვებშიც ყველა თანხმდებოდა, რომ ჩისკოს ადგილი ქეცბაიას გუნდში უნდა იყოს. სხვა საკითხია, ფიფას კანონმდებლობით რამდენად შეუძლია ჯვაროსნების რიგებში თამაში, მაგრამ ამ თემაზე ჩისკო გულწრფელად საუბრობს...

ვფიქრობ, ეს საკითხი ძალიან მარტივია. პირველი დღიდან, როდესაც აქ ჩამოვედი, ყველა მეხმარება. კლუბში რომ ხელს მიწყობენ, პრინციპში, ეს ნორმალურია, მაგრამ არასაფეხბურთო ცხოვრებაშიც ქართველებისგან ბევრი სიკეთე ვნახე. თუ საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ, ამით ხალხს მადლობას გადავუხდი იმ სიკეთისთვის, რაც ქართველებმა ჩემდამი გამოიჩინეს. მთავარი მიზეზი, რის გამოც ნაკრებში თამაში მსურს, სწორედ ეს არის.

ჩისკომ გასულ სეზონში დინამოს მაისურით 24 გოლი გაიტანა და საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. წინა წელს ესპანელი ასევე შედეგიანი იყო – 15-ჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდების მეკარეები. თუ მის კარიერას გადავხედავთ, თვალშისაცემია, რომ მსგავსი შედეგიანობა რაც ჩისკომ საქართველოში გამოავლინა, არცერთ ყოფილ გუნდში არ ჰქონია. კითხვაზე, თუ რატომ არის ამხელა სხვაობა ციფრებში, ალბათ ყველაზე მარტივი პასუხია, რომ უმაღლეს ლიგასა და ესპანურ ლა ლიგას შორის სხვაობა დიდია, მაგრამ თავად ჩისკო ფიქრობს, რომ როლი სათამაშო პოზიციის ცვლილებამაც ითამაშა. ეროვნული ჩემპიონატის თემის წამოჭრისას, ფეხბურთელი გულისტკივილს ვერ მალავს, ინფრასტრუქტურის მხრივ რეგიონებში არსებული მძიმე სიტუაციის გამო...

ვალენსიაში ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობდი, აქ კი ფორვარდი ვარ და, აქედან გამომდინარე, გოლის გატანის მეტი შანსი მაქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დინამოელი მეგობრები ძალიან მეხმარებიან. მერებაშვილი, გრაიციარი და დანარჩენები ისეთი პასებით მამარაგებენ, რომ გოლის გატანა მიმარტივდება.

ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატი კარგ დონეზეა. თუმცა არის რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, თუ ქართული ფეხბურთის პროგრესი გვსურს. იმისათვის, რომ ხალხი სტადიონებზე დადიოდეს, საჭიროა უკეთესი ინფრასტრუქტურა იყოს. უნდა არსებობდეს დიდი სტადიონები, ბევრი კარგი მოედნის საფარი. ქართველი ხალხი სულელი არ არის, ძალიან პრაგმატულად აზროვნებენ და სურთ, რომ კარგი ფეხბურთი ნახონ. როდესაც უეფას თასზე ასპარეზობ, სტადიონი ივსება, რადგან გულშემატკივრები კარგ არენაზე კარგ ფეხბურთს ხედავენ. იმ შემთხვევაში, თუ შელახულ ბალახზე თამაშობ, ეს კატასტროფაა. ამას ფეხბურთსაც ვერ ვუწოდებ, ტალახში ბრძოლა უფროა და ლამაზი ფეხბურთის ჩვენებაც შეუძლებელია. საქართველოში მხოლოდ 4-5 სტადიონია, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს და კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტი არენა არსებობდეს. ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია და საწყენია, რომ მათი პროგრესი ასეთი ფაქტორებით ფერხდება.

ჩისკო კარგი სპორტსმენი და, ამასთანავე, შესანიშნავი ადამიანია. ვარჯიშების შემდეგ, ესპანელი ხშირად რჩება დინამოს ბაზაზე და ასაკით პატარა დინამოელებს რჩევებს აძლევს, ეთამაშება და ამით მომავალ თაობას სტიმულს აძლევს...

მიყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა. 17-წლამდელთა გუნდში ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს, ასევე ჩემი თანაგუნდელი ახალგაზრდებიც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ქართულ ფეხბურთში შესანიშნავი თაობა მოდის. ეს ფეხბურთელები აკმაყოფილებენ სამ კრიტერიუმს: კარგად არიან მომზადებულები ტაქტიკურად, ფიზიკურად და ტექნიკურად. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ იყო დაბალანსებულად კარგ დონეზე, ამ ბიჭებს კი ყველა მონაცემი აქვთ იმისთვის, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ. საბოლოო ჯამში, ეროვნულ ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელების სახით რამდენიმე წელიწადში შესანიშნავი შევსება ექნება.

დინამო თბილისი ამჟამად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს მართავს. ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს დიდი იმედი აქვთ, რომ საქართველოს საუკეთესო კლუბი თუ არა ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მაინც მოხვდება. საგულისხმოა, რომ ჩისკოს ინტერვიუს ჩასაწერად სწორედ მაშინ ვეწვიე, როდესაც დინამოს შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი ერთად იყო შეკრებილი და უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას უყურებდა. გაირკვა, რომ დინამოელები რუმინულ სტიაუასა და მაკედონიურ ვარდარს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. სტიაუა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ერთხელ უკვე მოგებული აქვს, ძლიერი გუნდია და ნებისმიერი კლუბისთვის უხერხული მეტოქეა. ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ და მრავლისმთქმელად მომეჩვენა ჩისკოს რეაქცია, როდესაც სავარაუდო მეტოქის ვინაობა შეიტყო. ესპანელს სახიდან ღიმილი არ მოსცილებია და ოდნავი ნერვიულობაც კი არ ეტყობოდა...

გასულ სეზონში, დინამო ჩემპიონატის ლიდერი იყო. პირველ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში ვიმყოფებოდით და ჩემპიონობა ნამდვილად დავიმსახურეთ. ახლა, დინამო თბილისი საქართველოში ყველაზე ძლიერი გუნდია. დადგა ის მომენტი, რომელსაც ასე ველოდით. ვფიქრობ, ახლანდელ დინამოს შესწევს ძალა, მოხვდეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ფეხბურთი თამაშია და არ იცი როდის რა მოხდება, მაგრამ მჯერა, რომ დინამო ძლიერი გუნდია. მოსამზადებელ ეტაპზე გუნდის თითოეული წევრი სერიოზულად იყო განწყობილი, ბევრი ვიმუშავეთ, რომ მიზნისთვის მიგვეღწია და ევროტურნირებზე წარმატებით გვეთამაშა.

დღეს დინამოს არაფრის ეშინია. სავარაუდოდ, ბუქარესტის სტიაუასთან მოგვიწევს თამაში და მერწმუნეთ, ჩვენს შანსებს რეალურად ვაფასებ. ნამდვილად შეგვწევს ძალა, რომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. გუნდს ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა აქვს, არჩეულ გეზს მივყვებით და უნდა ვიფიქროთ, რომ ერთად შეგვიძლია იმ მიზნის მიღწევა, რომელიც ასე გვსურს. რატომაც არა? უმნიშვნელოვანესია, რომ დინამოს წარმატებაში წვლილი ყველამ შეიტანოს. ხალხი სტადიონზე უნდა მოვიდეს და მხარი დაგვიჭიროს – ეს მოთამაშეებისთვის დიდი დახმარება იქნება. დიახ, სტიაუა კარგი გუნდია, მაგრამ ასევე დინამოც.

კუნძულ მალიორკაზე მდებარე ქალაქ მანაკორში დაბადებული ჩისკო, საქართველოს დედაქალაქში თავს მშვენივრად გრძნობს. ამბობს, რომ თბილისში ყველაფერი აკმაყოფილებს, მაგრამ გაგრძელდება თუ არა კონტრაქტი დინამოსთან, რომელიც ერთ წელიწადში ეწურება, ჯერ არ იცის...

საქართველოში ბედნიერად ვცხოვრობ. მომწონს ჩემს მეუღლესთან ერთად თბილისში ყოფნა, რადგან აქ ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია. უკვე სამი წელია, რაც აქ ვცხოვრობ და პროგრესს ყოველ წელს ვატყობ. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადგილია, სადაც დროის კარგად გატარება შეგიძლია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ქართული ხასიათი მომწონს. ჩემი ოჯახისთვის თბილისში ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა.
კონტრაქტის მიხედვით, ერთი წელი კიდევ თბილისში უნდა ვიყო, შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება. პირადად, მსურს, რომ კარიერა დინამოში დავასრულო. რომან ფიფია ძალიან კარგი ადამიანია და მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. თუ რომანი მოისურვებს, მე აქ დავრჩები, თუ ასე არ მოხდება, რა გაეწყობა. გადამწყვეტი სიტყვა ამ შემთხვევაში კლუბის პრეზიდენტს ექნება. მითხარით, რომელი ფეხბურთელი არ ისურვებდა ისეთ ძლიერ გუნდში დარჩენას, როგორიც ახლანდელი დინამოა?!

 

ჟურნალი ტაბულა

24 ივლისი. 2013

ავტორი: ირაკლი მაღრაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019