20.09.2018
ინტერვიუ. 'ამიტომაც შევაჩერე არჩევანი 'დინამოზე'..' როგორ აღმოჩნდა ლევან შენგელია ბელგიიდან კორეაში და შემდეგ საქართველოში

თბილისის "დინამომ" დედაქალაქური დერბი მოუგო "საბურთალოს" და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ეროვნულ ლიგაში კიდევ უფრო გაამძაფრა.

ამ მატჩში თვალისმომჭრელად ითამაშა თბილისური კლუბის 22 წლის ახალწვეულმა ლევან შენგელიამ, ვინც დიდოსტატური შორეული დარტყმით გადაწყვიტა მატჩის ბედი მაშინ, როცა მსაჯის საფინალო სასტვენს აღარაფერი აკლდა.

"ლელო" შენგელიას დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც აქამდე გორის "დილაში", ქუთაისის "ტორპედოში", ფოთის "კოლხეთში", ბელგიურ "ტუბიცესა" და სამხრეთკორეულ "დეჯონ სიტიზენში" უთამაშია, ერთობ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა...

ფეხბურთის ანბანი გუბაზისგან

- ცოტა შორიდან დავიწყოთ. საინტერესოა, როდის შემოვიდა ფეხბურთი პირველად თქვენს ცხოვრებაში?

- გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ დავიბადე თუ არა, იქიდანვე ერთად ვართ მე და ფეხბურთი. ჩემი ერთ-ერთი პირველი მოგონებაც სწორედ ბურთს უკავშირდება. ამაში მაინცდამაინც გასაკვირი, ალბათ, არც არაფერია, რადგან მამაჩემი წარსულში ფეხბურთელი იყო - ვასილ შენგელია.

ის წლების განმავლობაში თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"... 6 წლის ვიყავი, როცა მამამ ფეხბურთზე შემიყვანა. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო გუბაზ დოლიძე. მან ძალიან დიდი ამაგი დამდო და დღემდე მისი მადლიერი ვარ. სწორედ გუბაზმა მასწავლა ფეხბურთის ანბანი.

- თავიდანვე მარჯვენა ნახევარმცველი იყავით, თუ რომელიმე სხვა პოზიციაზე თამაშობდით?

- სხვათა შორის, თავიდან უფრო მოედნის ცენტრში ვთამაშობდი. 15-16 წლის ვიყავი, როცა ამპლუა შევიცვალე და როგორღაც აღმოვჩნდი მარჯვენა ფლანგზე. ამის შემდეგ სულ მარჯვენა ნახევარმცველს ვთამაშობ.

როგორ აღმოვჩნდი ბელგიასა და კორეაში...

- დროა, პროფესიული კარიერის დასაწყისზე ვილაპარაკოთ. ძალიან პატარა ასაკში მიხვედით გორის "დილაში"...

- მაშინ დიდი ნდობა გამომიცხადა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა და ძირითად შემადგენლობაში მათამაშა. ამის შემდეგ იყო ქუთაისის "ტორპედო". ეს ის პერიოდია, როცა გუნდს რევაზ ძოძუაშვილი ედგა სათავეში. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ, რადგან სათამაშო პრაქტიკა მაკლდა და წავედი ფოთის "კოლხეთში". სწორედ იქ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები. ნდობაც მქონდა და უწყვეტი სათამაშო პრაქტიკაც. ამის შემდეგ იწყება ჩემი კარიერის უცხოური ეტაპი...

- საინტერესოა, ბელგიაში როგორ მოხვდით?

- ვასილ მაისურაძის 19-წლამდელებში ვითამაშე. მაშინ ისრაელთან წავაგეთ 0:1, თორემ ევროპის ჩემპიონატზე გავდიოდით... ჩემი თამაში ნახა ბელგიელმა მენეჯერმა. სწორედ მისი და ლაშა ჯაკობიას დამსახურებაა ჩემი ტრანსფერი ბელგიურ "ტუბიცეში". მეორე სეზონი რომ დაიწყო, კონტრაქტი შემომთავაზა სამხრეთკორეულმა "დეჟონ სიტიზენმა". ბელგიელებმა მითხრეს, პრობლემა არ არის, გაგანათხოვრებთ ამ კლუბში, ოღონდ, იქამდე წლინახევრით გავაგრძელოთ კონტრაქტიო...

- რა გუნდი იყო ეს "დეჟონ სიტიზენი"?

- წარმოიდგინეთ, საქართველოში რომელიმე ძალიან ტრადიციული კლუბი უმაღლესი ლიგიდან პირველში რომ გავარდეს. ასეთი გუნდი იყო "დეჟონ სიტიზენი". კორეული მასშტაბით ძალიან დიდი ტრადიციებისაა, ინფრასტრუქტურაზე ხომ საერთოდ არც ღირს ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, ამ მხრივ კორეა ბელგიაზეც წინაა, ფინანსური თვალსაზრისითაც კი.

- მაშ, რატომ დატოვეთ კორეული კლუბი?

- გეტყვით, რაც მოხდა. პირველი სეზონი მართლაც კარგი იყო, სათამაშო პრაქტიკა და დაფასება არ მაკლდა... მაგრამ გადაწყვეტილი იყო, რომ ახალი სეზონი ახალ გუნდში უნდა დამეწყო და ამ დროს მუხლის ტრავმა მივიღე. ოპერაცია გავიკეთე. მთელი 8 თვე გამიცდა...

რატომ დინამო?

- თბილისის "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ. რატომ გააკეთეთ ასეთი არჩევანი?

- "დინამო" ყოველთვის "დინამოა", უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ვერ ვიტყვი, რომ ოპერაციის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული ევროპული ვარიანტები მქონდა. ამ დროს საქართველოდან იყო რეალური შეთავაზებები. მე "დინამოს" სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი. ძალიან კარგი, მეგობრული და მზარდი გუნდია, შესანიშნავი პირობები აქვს, დიდებული ბაზა...

- საქართველოს ჩემპიონატში ცვლილებებს თუ ატყობთ?

- თუნდაც იმას, რომ შედარებით ნორმალურად შუქდება. ასე თუ ისე, თავს ფეხბურთელად გრძნობ...

- რა მიზანი გაქვთ "დინამოსთან" ერთად?

- მიზანი? როცა "დინამოს" ეხება საქმე, საქართველოს ჩემპიონობა და თასი - თავისთავად, მერე კი ევროტურნირებზე წარმატებით თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
https://bit.ly/2xCxOtU
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018