26.07.2018
ექსკლუზივი რომან ფიფიასთან: ჩემი ბრალია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო... სასამართლოში ვარ გაჩხერილი

"გამოჩნდა სერიოზული ადამიანი, რომელსაც აფრიკაში უდიდესი კავშირები აქვს. იმედი გაჩნდა, რომ ამ საკითხს მალე მოვაგვარებ"

თბილისის "დინამო" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედასთან" 1:2 დამარცხდა და ევროპალიგას გამოეთიშა. აპირებს თუ არა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია კლუბში სიტუაციის შეცვლას, რატომ ვერ მოხერხდა გუნდის გაძლიერება და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "ლელომ" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა...

გამოუცდელობის შედეგი

- გუნდი ევროპალიგას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა, მაშინ, როცა ყველას მეორე ეტაპზე გასული ეგონეთ. ამან გულშემატკივრებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია...

- რა თქმა უნდა, ეს დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა ცხოვრება გრძელდება. სხვათა შორის, დუნაისკა სტრედაში 22 ათასი ადამიანი ცხოვრობს და 10-ათასიანი სტადიონი შეავსეს...

მე კი მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც საპასუხო თამაშზე მოვიდა და გვერდში დაგვიდგა. მესმის, ხალხი სტადიონიდან გულნატკენი წავიდა, ფეხბურთია და ასეთებიც ხდება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ეს ხალხი მალე "დინამო არენიდან" გუნდის წარმატებით გახარებული წავა.

- რა გაიმედებთ?

- სწორედ "დუნაისკა სტრედასთან" ნაჩვენები ფეხბურთი. სლოვაკეთში ცუდად რომ გვეთამაშა და აქაც მოგების ღირსები არ ვყოფილიყავით, იმედიანად არ ვიქნებოდი. პირველი შეხვედრაც და საპასუხოც მე-60 წუთამდე კარგად ვითამაშეთ. მაგრამ ბიჭებმა შეცდომები ახალგაზრდობის, გამოუცდელობის გამო დაუშვეს. ეს გულისტკივილს ვერ შველის, მაგრამ პირადად მე, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმედიანად ვარ.

ლეგიონერების უარი

- აშკარად ჩანდა, რომ გუნდს სწორედ გამოცდილება და გამოცდილი მოთამაშეები დააკლდა."დილა" და "ტორპედო" ორი-სამი საკმაოდ კარგი ლეგიონერის ჩამოყვანას თუ ახერხებენ, "დინამოსთვის" რატომ იქცა ეს პრობლემად?

- ეს კითხვა ბევრმა დამისვა. "დილა" და "ტორპედო" ახერხებენო... დავიღალე უკვე იმის ახსნით, რაში გვჭირდება ისეთი ლეგიონერი, რომელიც ქართველებს ვერ სჯობია.

სიტყვების ბრახუნი არ მსურს, მაგრამ ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოვიყვანე, ძალიან დიდი ფულიც დავხარჯე და ამის გაკეთებას ახლაც ვაპირებდი - ძლიერი მოთამაშეების დამატება მსურდა. მენეჯერებს ველაპარაკე და ვთხოვე, რომ შესაბამისი მოთამაშეები ჩამოეყვანათ...

- და რატომ ვერ მოახერხეთ?

- სამწუხაროდ, სამწვრთნელო შტაბს ვინც მოეწონა, ვერავინ ჩამოვიყვანეთ, მეორე ბუნდესლიგიდანაც კი.

- პირობებზე ვერ მოილაპარაკეთ?

- პირიქით, ეს პრობლემა არ იყო და დიდ ხელფასებსაც ვთავაზობდი, მაგრამ მათ, უბრალოდ, საქართველოში თამაში არ ისურვეს. იყვნენ შედარებით დაბალი კლასის მოთამაშეებიც, მაგრამ მერე დაიწყებდნენ ლანძღვას: ნახეთ, ეს ვინ ჩამოიყვანესო?! მწვრთნელიც უხერხულ ვითარებაში იქნებოდა და ჩვენც.

ამაში ხელი როგორ უნდა შეუშალო?!

- წერენ, ქართული ფეხბურთი ფიფიამ დაანგრიაო. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ფეხბურთის მომავლისთვის საფუძველს ვაშენებ და "დინამოს" ახალი თაობის ბიჭები რამდენიმე წელიწადში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

- "დინამოში" ახალგაზრდების აღზრდა ყველას ახარებს, მაგრამ გულშემატკივრისთვის გაუგებარი და მიუღებელია, გუნდი ყოველწლიურად რომ ახლიდან ყალიბდება და ბირთვის შენარჩუნება არ ხერხდება - ასე ხომ გუნდი ვერ შენდება?

- მე ასე გეტყვით: გუნდი ყოველწლიურად ახლიდან იმიტომ ყალიბდება, რომ, სამწუხაროდ, ბირთვის შენარჩუნება ვერ ხერხდება. მაგალითად, კიტეიშვილიც მიდის.

ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ყველა ქვეყანაში გუნდები თავის ლიდერებს ელევიან. როგორც კი ინტერესი ჩნდება, ძნელია მოთამაშის გაჩერება. დღესაც იყო ერთი ბავშვის მშობელი და ვუთხარი, რომ არ იჩქარონ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ჩქარობენ.

წლის ბოლომდე მოვიცადოთ, ერთი წლით კი არა, წლის ბოლომდე... მაგრამ ასეა ცხოვრება - როგორც კი ვინმე თავს გამოიჩენს, აგენტები მშობლებთან მიდიან და ამ ბავშვების შეჩერება მერე შეუძლებელი ხდება.

- ამის ბერკეტი არ გაქვთ? მაგალითად, ფინანსური...

- ამ ბავშვებს უნდათ ევროპის წარმატებულ კლუბებში გადასვლა, სადაც, რა თქმა უნდა, მეტს სთავაზობენ. შარშანდელი მაგალითი ავიღოთ - ჩაკვეტაძე გავუშვით და ახლა ამ ბიჭით ძალიან ცნობილი კლუბები დაინტერესდნენ. ამაში ხელი როგორ უნდა შეუშალო?! ადრე ამაზე დიდი ჭიდაობა მქონდა: სად უნდა წახვიდეთ, დარჩით-მეთქი, ვეუბნებოდი და ასე შემდეგ...

- დღეს?

- რომ დაფიქრდე, ძნელია გაჩერება. ფეხბურთს მაქსიმუმ 15 წელი თამაშობენ და იმ ბავშვს უნდა კარიერის აწყობა, უფრო დიდი კარის გაღება, სადაც მეტ შესაძლებლობებს ხედავს და სახლში დოვლათს შეიტანს.

ოქროს შუალედი

- ეს ყველაფერი ნორმალური, ადამიანური მოთხოვნებია. მაგრამ, მეორე მხრივ, გულშემატკივრების მოთხოვნებიც მესმის. მათ ლიდერების შენარჩუნება სურთ და არც არის გასაკვირი.

- თქვენ ამ ორ მოთხოვნას შორის ოქროს შუალედის მოძებნა გიწევთ, რაც დღემდე ვერ მოახერხეთ...

- სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე. სიმართლე გითხრათ, ერთი წლის წინ იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ დარასელიას ტურნირის დროს დავრწმუნდი, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს და დღეს ეს მაიმედებს. მათი ნიჭიერება ევროპელმა სელექციონერებმაც დაინახეს. მაგალითად, დაინტერესდნენ ირაკლი აზაროვით. კაჭარავა ენდო ჩაკვეტაძეს, ხარაბაძეს და გაამართლეს. აზაროვი შედარებით პატარაა, თორემ მასაც ათამაშებდა. ეს ბიჭები იზრდებიან და სელექციონერები მათზე თვალებს ხომ ვერ დახუჭავენ? გეზს, რაც სამწვრთნელო სტაფს დავუსახე, კახა კაჭარავა და მისი გუნდი მშვენივრად მიჰყვებიან და ასრულებენ. მწვრთნელის ნდობა კი ბევრს ნიშნავს. მაგრამ ეს ოქროს შუალედი როგორ უნდა მოვნახო, როცა ყველას წასვლა სურს?

სასამართლოში ვარ გაჩხერილი...

- სხვის ომში ყველა ბრძენია, მაგრამ ამ ოქროს შუალედის მოძებნა "შერიფში" მოახერხეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე დაბალი დონის ლიგაში გამოდის. ამაზე თავადაც ბევრს იფიქრებდით...

- (პაუზა) შესაძლოა, ამაზე ლაპარაკი არც ღირდეს, მაგრამ ჩემი ფინანსური მდგომარეობა 2-3 წლის წინ ბევრად უკეთესი იყო. სამწუხაროდ, დღეს სასამართლოში ვარ გაჩხერილი და, რა დასამალია, ამან "დინამოსაც" დაატყო კვალი.

- ასეთ სიტუაციაში ლეგიონერებს კარგ პირობებს როგორ სთავაზობდით?!

- ამის მიუხედავადაც კი ვთავაზობდით! სამი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის ჩამოყვანა მსურდა. მოლაპარაკება კარგად დაიწყო, მათ ინტერესი გამოხატეს, მაგრამ მერე იუარეს. გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოვუხადო, რომ "დინამო" ლეგიონერებით ვერ გავაძლიერე. მაგრამ რეალურად, ისინი იმიტომ ვერ ჩამოვიყვანეთ, რომ მათ ეს, უბრალოდ, არ ისურვეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ბრალია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.

- რეალურად, პოსტსაბჭოეთის ყველა ახალწამოჩიტული გრანდი ასეა - "ასტანაში", "ყარაბაღში", "გაბალაში", "შერიფში"... ამინდს 3-4 ძლიერი ლეგიონერი ქმნის. ანუ, მათი საშუალებით შედეგის მიღწევა შესაძლებელია...

- რა თქმა უნდა, თუმცა "შერიფის" მეპატრონეს დიდი ბიზნესი აქვს. მე კი მესამე წელია, ქვეყანაში შემოსავალი არ გამაჩნია. მინდა, ეს ჩვენმა გულშემატკივარმა იცოდეს.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ "დინამოდან" წასვლა გსურთ?

- წასვლა?! ვინ არის ის ადამიანი, ვინც "დინამოში" ამხელა ფულს დახარჯავს?! ლეგიონერების ვერჩამოყვანაზე კრიტიკა მესმის, მაგრამ მე ვერ ვხედავ ადამიანს, რომელიც კლუბს შეინახავს. თუ ასეთს მოძებნით, დავფიქრდები. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში - როგორც სასამართლოში, ასევე - ფეხბურთში.

აუცილებლად დადგება ის დრო, როცა "დინამო" ევროთასებზე დამაჯერებლად ითამაშებს.

აფრიკული ბაზარი

- საამისოდ, რეალურად რამე უნდა შეიცვალოს...

- სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, გავიდეთ იაფ სატრანსფერო ბაზარზე, როგორც "ყარაბაღი", "გაბალა", "შერიფი" და "ასტანა" აკეთებენ.

- ეს როდის მოხდება?

- დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვხედავ აუცილებლობას, რომ 3-4 კარგი ლეგიონერი გვყავდეს. ამისთვის, საჭიროა ისეთი იაფი ბაზარი, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლა გაუხარდებათ. ასეთი კი აფრიკაშია. მთელი ევროპა და უკრაინა ამ არხზე ზის და ჩვენი ინტერესით არაფერი დაშავდება. რაც მთავარია, ხარისხი ფასს აღემატება. ჩვენთან აქამდე უკუღმა იყო - ფასი ხარისხს აღემატებოდა, ოღონდ, აქ ჩისკოს არ ვგულისხმობ. ახლა ამაზე ვმუშაობ, რომ აფრიკიდან კარგი, საინტერესო მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ.

- რომელი ქვეყნებიდან?

- კონგოდან, კოტ დ"ივუარიდან... სხვა ქვეყნებიდანაც... ამაზე უკვე ჩამოყალიბებული ვარ. უახლოეს მომავალში დაცვასა და თავდასხმაში რამდენიმე კარგი ლეგიონერი გვეყოლება. ერთი თვის წინ გამოჩნდა სერიოზული ადამიანი, რომელსაც აფრიკაში უდიდესი კავშირები აქვს. იმედი მაქვს, ამ საკითხს მალე მოვაგვარებ. ეს ადამიანი ცოტა ადრე რომ გამეცნო, დარწმუნებული ვარ, "დუნაისკა სტრედას" სხვა გუნდითა და ხარისხიანი მოთამაშეებით შევხვდებოდით.
- ეს პიროვნება აფრიკელია?

- დიახ, წარსულში ფეხბურთელი იყო და ძლიერ აკადემიებთან თანამშრომლობს.

- ყველაზე მძიმედ გადასატანი არა იმდენად "დუნაისკა სტრედასთან" წაგება იყო, რამდენადაც - მორიგი იმედგაცრუება. რას ეტყვით ქომაგებს?

- მინდა ვუთხრა მათ - მე რაც შემიძლია, ვაკეთებ და "დინამოსთვის" არაფერი დამიკლია. 6 თვეა, ლეგიონერების ჩამოყვანაზე ვმუშაობდით. მესმის, რამხელა გულისტკენა ჰქონდათ ქომაგებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ აუცილებლად გავახარებთ. მთავარი ისაა, რომ "დინამო" სწორ გზაზე დგას. 3-4 საქმის მკეთებელი ლეგიონერიც ძალიან წაგვადგება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
26.07.18    https://bit.ly/2LKJZhz
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018