16.07.2018
კახა კაჭარავა: იმედი მაქვს!.. თბილისის 'დინამომ' ევროპალიგა ყოჩაღად დაიწყო

კახა კაჭარავა თბილისის "დინამომ"  ევროპალიგა ყოჩაღად დაიწყო. საქართველოს ყველაზე  ტიტულოვანი კლუბი გასვლით  შეხვედრაში დაუზავდა  "დუნაისკა სტრედას" - 1:1.

გასვლით მატჩში გატანილმა  გოლმა "დინამო" წყვილის  ფავორიტად აქცია. გუშინ  "ლელო" თბილისური გრანდის მთავარ  მწვრთნელ კახა კაჭარავას  დაუკავშირდა და სლოვაკური დაპირისპირების შეფასება სთხოვა...

- თავდაპირველად, სლოვაკური მატჩი შევაფასოთ...

- თამაში კარგად დავიწყეთ. შემიძლია ვთქვა, რომ პირველი 15-20 წუთის განმავლობაში "დინამო" შესანიშნავად გამოიყურებოდა, გვქონდა საგოლე მომენტი და მისი გამოყენებაც მოვახერხეთ. ამის შემდეგ თანაბარი თამაში იყო. მეტოქესაც ჰქონდა მომენტები. ბოლოს ისევ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შანსი. მოკლედ, ტიპური გასვლითი მატჩი იყო.

- რამდენად კმაყოფილი დარჩით თქვენი გუნდის თამაშით?

- მინდა, "დინამოს" თითოეულ ფეხბურთელს დიდი მადლობა გადავუხადო! მათ ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ. 2 ფეხბურთელის გარდა, "დინამოში" ყველა 21 წლის და უმცროსი ასაკისაა. მგონი, მიმდინარე ევროტურნირებზე მეორე ასეთი ახალგაზრდული გუნდი არის. რა თქმა უნდა, გამოცდილების პრობლემა გვაქვს. ამას ეშველება აუცილებლად. საამისოდ, რაც შეიძლება, მეტი ასეთი მატჩია საჭირო.

- თქვენ "დუნაისკა სტრედასგან" ძალისმიერ თამაშს და "სტანდარტებზე" აქცენტს ელოდით. პრინციპში, თქვენი მოლოდინი ბოლომდე გამართლდა...

- დიახ, რასაც ველოდით ჩვენი მოწინააღმდეგისაგან, ზუსტად ის მივიღეთ - გოლიც "სტანდარტულიდან" გაგვიტანეს. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო ძალისმიერად მოთამაშე გუნდი.

- თბილისში როგორ თამაშს ელით?
- დიდი იმედი მაქვს ჩემი ფეხბურთელების! თუ ისევე დაიხარჯებიან, როგორც პირველ შეხვედრაში, შედეგიც მოვა. რა თქმა უნდა, იოლი თამაში არ იქნება. ეს ევროპალიგაა და ამაში გასაკვირი არაფერია. მჯერა, ბიჭები ცდასა და მონდომებას არ დააკლებენ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - მე მჯერა ამ ბიჭების!

- თუ მიდის მუშაობა გუნდის გაძლიერებაზე?

- რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თან ყოველღიურად. "დინამო" კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. იცით, რომ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპამდე ფეხბურთელებს ვეღარ დავიმატებთ. მერე კი ყველაფერია შესაძლებელი.

- ცოტა ხნის წინ გვითხარით, რომ შესაძლებელი იყო, "დინამოში" ფეხბურთელები გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან ჩამოსულიყვნენ. რა ხდება ამ კუთხით?

- კი, იყო ასეთი ვარიანტები და ახლაც არის. დასამალი არაფერია, ზოგმა არ ისურვა ჩამოსვლა საქართველოს ჩემპიონატში, ზოგიც იმ ამპლუის მოთამაშე იყო, სადაც ფეხბურთელები საკმარისად გვყავს. ეს საკითხი ახლაც დგას დღის წესრიგში და ვნახოთ...

- მაშ, ისევ "დუნაისკა სტრედასთან" საპასუხო მატჩს რომ დავუბრუნდეთ, იმედიანად ხართ?

- კი, დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით ვითამაშებთ და შევძლებთ ქართველი გულშემატკივრების გახარებას.

სლოვაკური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა "დუნაისკა სტრედას" მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმაც:
"ეს იყო ძალიან საინტერესო მატჩი. ჩვენ თავიდან დასანანი გოლი გავუშვით. მერე გავათანაბრეთ თამაშიც და ანგარიშიც. კიდევ გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ერთი სიტყვით, ყველაფერი თბილისში გადაწყდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
https://bit.ly/2NUDkPL
 
16.07.18
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018