29.03.2018
რომან ფიფია: ფეხბურთი ასეა - გაზრდი და მიდის

ეროვნულმა ნაკრებმა მარტში მოულოდნელად სანახაობრივი და შემტევი ფეხბურთი აჩვენა და ჯერ ლიტვა (4:0), მერე კი ესტონეთი (2:0) დაამარცხა.

ამაში კი ლომის წილი ყოფილმა დინამოელებმა დაიდეს: ლორიამ, კაკაბაძემ, კაშიამ, კვეკვესკირმა, პაპუნაშვილმა, ჯიღაურმა, მერებაშვილმა, ქვილითაიამ, ჩაკვეტაძემ...

დღევანდელმა თუ ყოფილმა დინამოელებმა ახალგაზრდულსა და 17-წლამდელებშიც ივაჟკაცეს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ნემსაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა, ისიც რაღაცას ნიშნავს, რომ ელიტრაუნდის ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, ბოლო დღემდე ინარჩუნებდა შანსს და ორი მნიშვნელოვანი შედეგიც გააუმჯობესა:

ეს ჩვენი პირველი ასაკობრივი ნაკრებია, რომელმაც ელიტრაუნდში 8 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო გუნდის კაპიტანი ზუკა დავითაშვილი 6 გოლით ამავე ელიტრაუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თან ის პირველი ქართველია, ვინც ამ ეტაპზე ამდენის გატანა მოახერხა.

17-წლამდელებში 8 გოლიდან 7 - "დინამოს" აკადემიის აღზრდილებმა გაიტანეს: ერთი ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო 6 - იმავე დავითაშვილმა, რომელიც თბილისის "ლოკომოტივში" წლეულს გადავიდა. სხვათა შორის, თბილისში გამართულ შესარჩევ ციკლში დავითაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, ხოლო კვარაცხელიამ - 2.

დინამოელები უმნიშვნელო როლში არც ახალგაზრდულ ნაკრებში არიან, რომელმაც გია ცეცაძის ხელში მდგომარეობა შედარებით გამოასწორა, ბოლო ორ მატჩში 4 ქულა აიღო და ჯგუფში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

"დინამოს" მეპატრონე რომან ფიფია ესტონეთთან შეხვედრის შემდეგ "მიხეილ მესხის" სტადიონიდან გახარებული მიდიოდა. ჩვენი საუბარიც ამ მომენტში შედგა...

ვაისმა სწორი კურსი აირჩია

- გეტყობათ, ძალიან გაგახარეს ყოფილმა დინამოელებმა?

- ძალიან, და თან მარტო ეროვნულში არა, ასაკობრივ ნაკრებებშიც.

- ეროვნული ნაკრების თამაში მოგეწონათ?

- ჩემი აზრით, ვლადიმირ ვაისმა სწორი კურსი აირჩია. ის საქართველოს ნაკრების წვრილმანებსა და საჭიროებებს ნათლად ხედავს. მინდა ნემსაძეს მივულოცო წარმატება - ჩვენი გუნდის ყოფილ კაპიტანს, რომლის გაწვრთნილმა 17-წლამდელებმაც მშვენიერი შედეგი აჩვენეს.

კარგ თამაშს მივულოცავ ჩვენს ბავშვებს, რომლებიც შესანიშნავად გამოვიდნენ და ყველას დაანახეს, რომ საქართველოში ტალანტები დღესაც მრავლად გვყვანან. ახალგაზრდულიც კარგად გამოიყურებოდა და დინამოელები იქაც გამორჩეულები იყვნენ. მაგრამ არ დავმალავ - კობოურის უთამაშებლობა გამიკვირდა.

- ეს მწვრთნელის შეხედულებაა. შემადგენლობა ყოველთვის საკამათო თემაა...

- მესმის, მის კომპეტენციაში არც ვიჭრები და მით უფრო, მის პატიოსნებას ეჭვქვეშ არ ვაყენებ. უბრალოდ, კობოურის უთამაშებლობას ვერ ვხსნი, რადგან სპეციალიტების აზრით, ის "დინამოში" თავის პოზიციაზე გამორჩეულია. ჩემი სუბიექტური აზრით, კობოურს რომ ეთამაშა, ნაკრებს უკეთესი შედეგი ექნებოდა.

- მარტში ჩატარებულმა თამაშებმა გულშემატკივრები დააიმედა. თქვენც იზიარებთ ამ ოპტიმიზმს?

- აბსოლუტურად! ჩვენ ქართული ფეხბურთის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. დიდი სტიმული და სიამაყე გამიჩნდა, რომ "დინამომ" მოახერხა და ამდენი ნიჭიერი მოთამაშე გაზარდა. მათ გარეშე ეს ნაკრებები წარმოუდგენელია.

დავითაშვილი ჩვენთან აღარ არის, მაგრამ ბედნიერებაა, რომ ნემსაძის გუნდის ლიდერი იყო და ელიტრაუნდის ბომბარდირი ჩვენი აღზრდილია. ასე რომ, "დინამოს" აკადემიის პირველ შედეგებს უკვე ვიმკით.

ფეხბურთი მწვანილი არ არის...

- სულ არის უკმაყოფილება: რატომ ვერ ინარჩუნებს "დინამო" შემადგენლობას? ახლა ბევრი მათგანი, ვინც ამ კონტექსტში იგულისხმება, თავის სიტყვას ეროვნულ ნაკრებშიც ხმამაღლა ამბობს...

- ყველას ეს კითხვა აქვს: რატომ ვერ ვაჩერებთ ამ ბიჭებს? მაგრამ ფეხბურთი ასეა - გაზრდი და ის მიდის. შეიძლება, მათი გაჩერება არც ღირდეს, თუ ამ ყველაფერს არა "დინამოს", არამედ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის გადასახედიდან შევხედავთ.

მთავარი ხომ მაინც ეროვნული ნაკრებია. აკადემიაში ბავშვებს პირობა მივეცი, რომ გამორჩეულებს საუკეთესო გუნდებში გავუშვებდი. მაგრამ ჯერ ნიჭი საქართველოში უნდა გამოავლინონ და შეეცადონ, "დინამოს" მთავარ გუნდში მოხვდნენ.

- მაგრამ, შეიძლება, დრო გავიდეს და არასწორმა მუშაობამაც არ მოგვცეს შედეგი.

- "დინამოს" აკადემია 2013 წელს გაიხსნა და ამ ხუთ წელიწადში უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენს მუშაობას შედეგი მოაქვს. მეც სწორედ ეს მაიმედებს. ეროვნულშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც ერთად ნათამაშებმა ბიჭებმა მოახერხეს და გაგვახარეს. ზოგი უკვე დინამოელი აღარ არის, მაგრამ სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდობა ჩვენთან გაიზარდა.

ცხოვრებაშიც ასეა - ზოგი ნერგს რგავს და ნაყოფს 7-8 წელი ელოდება, ზოგი გამზადებულ ნაყოფს ყიდულობს, რასაც დრო და მოთმინება არ სჭირდება. მე გრძელვადიანი პროექტი ვამჯობინე და მჯერა, ეს ყველაზე გამართლებული გზაა. ფეხბურთი მწვანილი არ არის, შედეგი იოლად არ მოდის...

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენც ვითამაშებთ

- საქართველოს გუნდი ევროტურნირების ჯგუფში ერთადერთხელ მოხვდა და ესეც 2004 წელს "დინამომ" მოახერხა. მაგრამ მას შემდეგ ევროპულ საკლუბო დონეს ძალიან ჩამოვრჩით...

- დარწმუნებული ვარ, რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს ჩვენც მოვახერხებთ. ოღონდ, საამისოდ, ცოტა დრო და მოთმინება გვჭირდება.

მე სულ ვამბობდი: 7-8 წელი გვინდა, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილები წამოვიდნენ. მაშინ უკმაყოფილოები იყვნენ და წერდნენ კომენტარებს - რა ამბავია, "დინამოს" წარმატებებს ამდენი ხანი როგორ ველოდოთო?! მაგრამ ახალგაზრდები, ფეხბურთელები არ გვყავდა და ამას ვერ ვიტყოდი.

- რატომ?

- პრეზიდენტი და მეპატრონე რომ ხარ, ლაპარაკისას სხვებზე მეტი დაფიქრება გმართებს. მაგრამ ახლა თაობა უკვე წამოვიდა.

- თქვენი აზრით, ეს ბიჭები "დინამოს" ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანენ?

- დიახ. რომ იცოდეთ, ახლა კიდევ უფრო უკეთესი ბიჭები მოდიან და ისე ჩანს, რომ 2-3 წელიწადში მართლა კარგი გუნდი გვეყოლება, რომელიც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ყველა ამბობს, რომ ეს ახლაც შეგვეძლო, ლეგიონერებში ფული რომ დაგვეხარჯა. მაგრამ ეს პროცესი დროში გავწელეთ, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებისთვის გზა რომ გაგვეხსნა.

სწორედ ეს თაობა იყო წამყვანი ძალა ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშებში, რომელსაც ლიტვასა და ესტონეთთან ხალხმა ტაში დაუკრა. ლეგიონერებზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ პრიორიტეტი ახალგაზრდა ქართველი ტალანტების დაწინაურებაა.

- ტალანტები ახლაც არიან და რამდენიმე წელიწადში რა შეიცვლება?

- ახლა პირველი თაობის აღზრდილები არიან, მერე ჭარბად გვეყოლებიან. საუკეთესო ფეხბურთელები უცხოეთში ისევ წავლენ, მაგრამ ჩვენთანაც დარჩებიან - 21 წლამდე მაინც. მაშინ ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე თავისუფლად ვითამაშებთ. მთავარი ეს რაოდენობაა. ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

მილიონი დოლარი აკადემიისთვის

- ბოლო წლებში რამდენიმე შედარებით ძლიერი აკადემია გამოჩნდა - ფეხბურთის ფედერაციის, "ლოკომოტივის", "საბურთალოს", ახლა "ტორპედოც" იმავეს აპირებს...

- ...და ეს ძალიან მახარებს, რადგან კონკურენციით ერთმანეთს ვაძლიერებთ. სულ ვამბობ - "დინამოს" მსგავსი 4 აკადემია მაინც რომ გვქონდეს, ქართული ფეხბურთი სულ სხვა დონეზე იქნება.

ჩვენ უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობა გვყავს, უ-ნი-ჭი-ე-რე-სი! ამის დანახვას სპეციალისტობაც არ სჭირდება. უბრალოდ, გვჭირდება უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, სადაც მათ მოვამზადებთ, და კარგი სპეციალისტებიც.

მისასალმებელია, რასაც ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს. მათ რომ ააშენეს აკადემიები, ასეთები ყველა რაიონში უნდა იყოს. ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი კლუბი მოასულიერა და ამისთვის მათ მადლობა ეკუთვნით. თუმცა, ჩემი აზრით, ეს თანხა საფეხბურთო სკოლებს რომ მოხმარდეს, 5 წელიწადში ფანტასტიკურ შედეგს მივიღებთ. შედეგი კი აუცილებლად გვექნება.

- ფეხბურთის განვითარების ფონდი ახსენეთ, რომლის მოხსენებაშიც ეწერა, რომ კერძო კლუბები ადრინდელზე ნაკლებ ფულს აბანდებენ...

- ჩემს კოლეგებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან ჩვენი კლუბი 900 ათას ლარს, პლუს პრემიას და სტიმულირების თანხასაც იღებს. ბევრად მეტს პირადად მე "დინამოს" აკადემიაში ვხარჯავ.

- აკადემიას ასეთი სერიოზული ბიუჯეტი აქვს?

- დიახ, მილიონი დოლარი! ასე რომ, პრეტენზიას, თითქოს, ფეხბურთში ფულს აღარ ვაბანდებ, ვერ მივიღებ. ძალიან ბევრი მწვრთნელი, თანამშრომელი და ბავშვია, რომელთაც საუკეთესო პირობები უნდა შევუქმნათ.

ჩაკვეტაძის მშობლებმა ხელი შეგვიწყვეს...

- ლუკა ლოჩოშვილის საკითხი თუ გადაწყდა?

- მალე ვარჯიშს დაიწყებს და მერე ვნახავთ. სამწუხაროდ, მას კიევის "დინამოში" თავის გამოჩენაში ხელი ტრავმებმა შეუშალა. უკრაინელებთან ასეთი შეთანხმება გვაქვს - როცა ლუკა ფიზიკურ კონდიციებს აღიდგენს, უკან დაბრუნდება. მაგრამ აღდგენა "დინამოში" ურჩევნია, რადგან მშობლიურ გარემოში, ბიჭებთან თავს უკეთესად გრძნობს.

- ერთი ხანობა, თითქოს, ჩაკვეტაძის დაბრუნებაც რეალური ჩანდა, მაგრამ მოითმინა და ბელგიაში წერენ, რომ "გენტმა" ხელში ნამდვილი მარგალიტი ჩაიგდო, კლუბის პრეზიდენტი კი ამტკიცებს, რომ მის ტრანსფერს 15 მილიონ ევროდაც არ გაყიდის - ქართული ფეხბურთის და "დინამოსთვის" მშვენიერი სახელია...

- ყველა ასპექტი მნიშვნელოვანია. ჩაკვეტაძეს ბრწყინვალე მშობლები ჰყავს, რომლებიც ბოლომდე მოგვყვებოდნენ და გიორგის პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ.

ჩაკვეტაძე ახლა პროფესიონალია და იცის, ფეხბურთის სათამაშოდ რა სჭირდება - ეს დაეტყო კიდეც. დარწმუნებული ვარ, გიორგი ევროპაში, და არა მარტო, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
29.03.18    მერაბ მამულაშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018