09.03.2018
ნიკა ძალამიძე: დინამოსნაირი პირობები ბევრ ევროპულ კლუბს არა აქვს

თბილისის "დინამოს" ღირსებას ნიკა ძალამიძე რომ დაიცავს, მკითხველმა ეს უკვე იცის. 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც ადრეულ ასაკში წავიდა ევროპაში, პოლონეთის ექსტრაკლასას ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელიც ყოფილა.

ერთი ხანობა, მისი გადაბირებით გერმანული ბუნდესლიგის ბინადარი "ვოლფსბურგიც" იყო დაინტერესებული...

მერე ძალამიძის კარიერა ისე ვეღარ განვითარდა, როგორც ყველა ვისურვედით. თურქულ "რიზესფორში" ჩვენებურს სათამაშო პრაქტიკა მოაკლდა, რასაც მცირე ხნით პოლონეთში დაბრუნება მოჰყვა, მერე კი იყო ბუქარესტის "იუვენტუსი", რომელიც ჩვენებურმა ნაადრევად დატოვა, რადგან კლუბში ფინანსური სიტუაცია აირია...

ძალამიძე თავის თაობაში გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა. მას იწვევდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც. ახლა მის კარიერაში ახალი გამოწვევაა - თბილისის "დინამო". საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ახალწვეულთან ინტერვიუ ჩავწერეთ...

- მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით დიდი მადლობა გადავუხადო "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას და მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას. ჩემთვის საამაყოა და დიდი პატივია, ვიყო ისეთი დიდი გუნდის წევრი, როგორიც არის თბილისის "დინამო".

ეს ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის ასეა და არც მე ვარ გამონაკლისი. პირდაპირ უნდა გითხრათ - სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი "დინამოში" შექმნილი პირობებით, საწვრთნელი ბაზით... ნამდვილად არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ "დინამოში" ისეთი პირობებია, როგორიც არ არის ბევრ ევროპულ კლუბში. ასეთ დროს, ფეხბურთელს ისღა რჩება, იფიქროს მხოლოდ ფეხბურთზე.

- საქართველოს ჩემპიონატზე უკვე გაქვთ რაღაც შთაბეჭდილება?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შთაბეჭდილება ძალიან ღრმაა. ჯერ ბევრი თამაში ნამდვილად არ მინახავს. იმედი მაქვს, მალე დავიწყებ თამაშს და მერე უფრო ბევრი გვექნება სალაპარაკო.

- ტრავმა ხომ არ გაწუხებთ?

- არა, არანაირი ტრავმა. უბრალოდ, თავადაც იცით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. წამითაც არ გავჩერებულვარ, მაგრამ დამეთანხმებით, გუნდთან ერთად ვარჯიში მაინც სხვა რამეა. უკვე ვვარჯიშობ "დინამოსთან" ერთად და, წესით, მალე უნდა შევძლო გუნდის დახმარება.

- ბოლო დროს გუნდებს ხშირად იცვლიდით. კარგია, რომ თქვენს კარიერაში გაურკვევლობას წერტილი დაესვა...

- დამიჯერეთ, გუნდების ხშირი ცვლა ნამდვილად არავის სიამოვნებს. ჩემი კარიერა მას შემდეგ აირია, რაც "რიზესფორში" წავედი სათამაშოდ. პოლონეთის ჩემპიონატიდან თურქეთში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ისე ვერ აეწყო ყველაფერი, როგორც ვისურვებდი.

იყო გარკვეული პრობლემები, რომლებზეც ახლა არ მინდა ლაპარაკი... ფაქტი ისაა, რომ არ მქონდა სათამაშო პრაქტიკა. კარგია, რომ დღეს "დინამოში" ვარ. გავაფორმეთ ერთწლიანი კონტრაქტი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს.

- არადა, იყო დრო, თქვენი სამსახურით ბუნდესლიგური "ვოლფსბურგი" იყო დაინტერესებული...

- ეს მაშინ, როცა "იაგელონიაში" ვთამაშობდი... საერთოდ, ძალიან ახალგაზრდამ, 19 წლისამ ვითამაშე პოლონეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ვერ მოგატყუებთ, "ვოლფსბურგს" ჩემთვის გამზადებული კონტრაქტი არ შემოუთავაზებია, მაგრამ იყო რეალური ინტერესი - უახლოესი 6 თვის განმავლობაში დაგაკვირდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მერე მივიღებთო.

მერე მოხდა ისე, რომ "იაგელონიასთან" ერთად თურქულ შეკრებაზე ვიყავი და იქ მივიღე ტრავმა, რომელმაც მთელი ორი წელი გამაწვალა. სამი ოპერაცია დამჭირდა. მერე დაბრუნება მაინც შევძელი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდ ფორმაში ვიყავი. "იაგელონიასთან" ერთად ბრინჯაოს მედლებიც მოვიგე.

კლუბთან კონტრაქტი მეწურებოდა, ექვსი თვე იყო დარჩენილი და გამოჩნდა თურქეთის სუპერლიგის ვარიანტი. "იაგელონიას" ჩემი გაყიდვა ხელს აძლევდა და სპორტული თვალსაზრისითაც წინ ვდგამდი ნაბიჯს. "რიზესფორში" რაც მოხდა, უკვე გითხარით.

ამის შემდეგ ვეღარ მოვახერხე ძველი ფორმის აღდგენა. დიდი იმედი მაქვს, ამას "დინამოში" შევძლებ. მიმაჩნია, რომ ჯერ დაკარგული არაფერია. მთავარია, მაქვს დიდი სურვილი წინსვლის და მოვხვდი ამბიციურ კლუბში, რომელიც მიზნად მხოლოდ გამარჯვებებს ისახავს.

- "დინამო" ძალიან ახალგაზრდული გუნდია. როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი, ძველი ნაცნობები თუ დაგხვდნენ კლუბში?

- ძალიან ახალგაზრდული გუნდია და მჯერა, ამ ბიჭებს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. უკვე ოთხჯერ ვივარჯიშე გუნდთან ერთად და ძალიან კარგადაა ყველაფერი.

ვუყურე "რუსთავთან" თამაშს... ჩემი აზრით, "დინამოსთვის" მოსაგები თამაში იყო. რაც შეეხება ძველ ნაცნობებს, შორიდან თითქმის ყველას ვიცნობდი, პირადი ნაცნობობა კი ორ ფეხბურთელთან, ლაშა თოთაძესა და გიორგი ივანიშვილთან მაკავშირებდა.

- ცხადია, "დინამოდან" კარგი შანსი გეძლევათ საქართველოს ნაკრებში დასაბრუნებლად...

- ნაკრებში თამაშის ჯანსაღი ამბიცია მაქვს. მიმაჩნია, რომ ამაში არარეალური არაფერია. ეგაა, ჯერ ჩემი ოპტიმალური ფორმა უნდა აღვიდგინო. უპირველეს ყოვლისა, ფიზიკურ კონდიციებს ვგულისხმობ. ამასთან, მინდა, ერთა ლიგის გათამაშებაში წარმატებები ვუსურვო საქართველოს ნაკრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
 
 
ალეკო კაკაურიძე
09.03.2018
http://bit.ly/2p2SBCu  
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018