16.09.2017
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"

თბილისის "დინამო" და მისი პრეზიდენტი რომან ფიფია ბოლო წლებში ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ, მაგრამ ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის მუშაობაზე ცუდს ვერავინ იტყვის - პირველი ორი თაობის მოთამაშეები (გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ზარია, დავით კობოური, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, ბექა მიქელთაძე, ენვერ ლილუაშვილი, მიხეილ ერგემლიძე, დემეტრე ბულისკერია) უკვე მთავარ გუნდში დაწინაურდნენ და ნელნელა წამყვან როლებს ირგებენ, ჩაკვეტაძისა და ლოჩოშვილის ტრანსფერმა კი ყველა აალაპარაკა - ანუ "დინამოს" აკადემიამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო.

რომან ფიფია ახლახანს განხორციელებულ ტრანსფერებზე, აკადემიაზე, "ბაიერნთან" მოლაპარაკებასა და ათას სხვა უმნიშვნელოვანეს თემაზე გველაპარაკა...
 

უშუალო კონტაქტი უცხოეთთან

- დავიწყოთ ჩაკვეტაძისა და ლოჩოშვილის ტრანსფერებით. ბოლო წლების ფონზე დამაიმედებელია, რომ უცხოელები ქართველი ბავშვებით დაინტერესდნენ...
- ორივე ფეხბურთელი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, ხოლო მათი ტრანსფერები "დინამოს" ნამუშევარი. ჩვენ ბელგიელებთან და უკრანელებთან მოლაპარაკებები პირდაპირ ვაწარმოეთ. ჩაკვეტაძეზე შეხება გვქონდა "გენტთან" და მის პრეზიდენტთან, სპორტულ დირექტორთან...

- ლაშა ჯაკობიას როლზე რას გვეტყვით?
- მოლაპარაკებაში კარგი სამსახური გაგვიწია - ფრანგული კარგად იცის და კომუნიკაცია გაგვიადვილა. მაგრამ, მე რომ პრეზიდენტებთან უშუალო კონტაქტი არ მქონოდა, ეს ტრანსფერები ვერ შედგებოდა. მნიშვნელოვანია კლუბის პრეზიდენტთან უშუალო კონტაქტი და პარტნიორული ურთიერთობა, რომ დაურეკო და ჰკითხო - რატომ ხდება ასე? ჩვენ კი "გენტის" პარტნიორები ვართ, რადგან მისი შემდგომი ტრანსფერიდან 50 პროცენტი "დინამოს" ეკუთვნის.

ასევე მოხდა კიევში ლოჩოშვილის გადასვლის შემთხვევაში. სამომავლოდ ფეხბურთელს უცხოეთში მხოლოდ ამ პირობით გავუშვებთ.

- ცხადია, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო თანხა ყველას აინტერესებს, რადგან არაერთგვაროვანი ცნობებია. "ტრანსფერმარკტი" ამტკიცებს, რომ ბელგიელებმა 1,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
- რეალურად, მათ 700 ათასი ევრო გადაიხადეს და არა 1,5 თუ 3 მილიონი, რასაც ამბობენ. ოღონდ, გიორგის შემდგომი ტრანსფერის 50 პროცენტს "დინამო" მიიღებს.

- ასეთ შეთანხმებას როგორ მიაღწიეთ?! ადრე ქართველების მსგავს შეთავაზებაზე ევროპელები ხშირად უარს ამბობდნენ...
- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ. მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.



ბაიერნი, სიტი, ტოტენჰემი...

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძეს სხვა კლუბებიც იწვევდნენ...
- ასეც არის.

- მათ შორის, "ბაიერნის" დაინტერესებასაც ადასტურებთ?
- დიახ, დაინტერესებული ნამდვილად იყო და არა მხოლოდ ის - გიორგის გადაყვანა სურდათ "ლივერპულს", "მანჩესტერს" და "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემს", "ჰოფენჰაიმს", "ლევერკუზენს"...

- ..და ამ გუნდების შემდეგ რატომ "გენტი"?!
- ზოგიერთ გუნდს სურდა, რომ აეყვანა, სხვა კლუბში იჯარით გაეშვა და როცა მომწიფდებოდა, მერე დაებრუნებინა. ეს ის მომენტია, რომელშიც ბევრი ქართველი ბავშვი აღმოჩნდა, რამაც მათი უმრავლესობა დათრგუნა. მე ისეთ კლუბში მსურდა გამეშვა, სადაც ითამაშებდა.

გიორგი ჩვენთან გაიზარდა და მეც კარგად ვიცნობ. მას იმედი თუ არ მიეცი, შესაძლოა, ვერ ითამაშოს. არავინ უწყის, რომ აეყვანათ და გაენათხოვრებინათ, მერე რა განწყობით იქნებოდა და რა მოუვიდოდა. მნიშვნელოვანია, რომ გიორგიმ შემადგენლობაში ითამაშოს და ამიტომაც დავთანხმდი, თორემ ხომ გეუბნებით, სხვებისგანაც აბსოლუტურად რეალური წინადადებები გვქონდა.

საერთოდ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლისა და ფეხბურთელის ინტერესი გაითვალისწინო. ამიტომ, მათთან ვათანხმებდით კონტრაქტისა და მოლაპარაკების ყველა დეტალს.

- გინდათ თქვათ, რომ თქვენთვის ნაკლებად სასურველ ფინანსურ ვარიანტს მოთამაშის ინტერესის გამო დათანხმდით?
- დიახ. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩაკვეტაძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს და უფრო ძლიერ გუნდში გადავა. როდესაც იმის ფუფუნება გვექნება, რომ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე სისტემატურად ვითამაშოთ, მსგავსი შუალედური გუნდები, "კიბეები" ნაკლებად დაგვჭირდება. მაგრამ ახლა სხვა გზა არ გვაქვს.

- "გენტი" თავად ისურვა?
- დიახ, რადგან იქ მწვრთნელი და პრეზიდენტი დაინტერესებულები იყვნენ და შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად ათამაშებდნენ.

ლოჩოშვილზეც იგივე ხდებოდა. ჯერ ტრავმა აქვს, მაგრამ ძმებ სურკისებთან პირდაპირი კავშირი მაქვს და დაპირება მაქვს, როგორც კი ვარჯიშს დაიწყებს და ფორმას აღიდგენს, კიევის "დინამოს" ძირითადში თავისი ადგილი ეკუთვნის. მთავარია, თავად არ გაჩერდეს.



სურვილი არის, მაგრამ რეალობა სხვაგვარია

- თქვენ მიმართ პრეტენზია სწორედ ამას უკავშირდება რატომ არ ინარჩუნებთ ნიჭიერ ბავშვებს, მომავალ წელს ძლიერი გუნდი რომ ჩამოყალიბდეს და თუნდაც ევროპის ლიგაზე გახვიდეთ?
- თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ მინდა, ძალიან ცდება. მაგრამ ჩვენ "დინამო" ვართ და ერთდროულად ჩემპიონატშიც კარგად უნდა ვითამაშოთ, ევროგათამაშებაშიც და ბავშვებიც უნდა გავუშვათ - ეს ყველაზე რთული გადასაწყვეტია.

- ხომ არ იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ, რეალობიდან გამომდინარე, ხვალ შესაძლოა, ამ ბიჭებზე ასეთი მოთხოვნაც არ ყოფილიყო?
- ასეც არის, მაგრამ მხოლოდ აქედან არ გამოვდივარ. ვინც ამას ამბობს, არ ინტერესდებიან, თავად ამ ბავშვებს საქართველოში დარჩენა სურთ? გიორგის და ლუკას ბევრჯერ ველაპარაკე, ვარწმუნებდი, რომ კიდევ ერთი წელი დარჩენილიყვნენ. შემეძლო, ჩაკვეტაძე დეკემბერში გამეშვა, მაგრამ კაცს გული სხვა გუნდისკენ რომ მიუწევს, მისი დატოვება გაუმართლებელია. წასვლა თავადაც მთხოვა, დაგვიანებით გაშვებული კი, შესაძლოა, გუნდს ვეღარ აეწყოს, ახლა იყო იღბლიან ტალღაზე, ნიჭიერი ბიჭია და არ მინდოდა, მისი პერსპექტივისთვის ხელი შემეშალა, თორემ გაშვება არ მსურდა.



აკადემიის აღზრდილთა ახალი ტრანსფერები

- ამ ტრანსფერში უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა: თქვენ ხშირად ამბობდით, რომ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის დაფუძნებამ გაამართლა.
- დიახ, სულ ვიმეორებდი, რომ პირველი შედეგების მისაღებად 78 წელიწადი გვჭირდებოდა. მაგრამ "პირველი მერცხლები" უკვე გვყავს 6 წლის შემდეგ გასაოცარი შედეგებია, აკადემიის 11 გაზრდილი მთავარ გუნდში გადავიდა და ისინი ნელნელა ადგილს იმკვიდრებენ. ბევრი ამ წამოწყებას კრიტიკულად აფასებდა. აკადემია მარტო ვარჯიში არაა - აქ არის სწორი კვება, დამატებითი გაკვეთილები, ტურნირებზე სისტემატური მონაწილეობა ნახეთ, რამდენი ტურნირი მოიარეს? მათ გამოსაჩენად მნიშვნელოვანი იყო, დარასელიას სახელობის მემორიალი რომ ჩავატარეთ.

საქართველოში მსგავსი ტურნირები გვინდა და ბავშვები უცხოეთშიც ხშირად უნდა დადიოდნენ, რომ არავის შიში არ ჰქონდეთ. მესმის, ბევრად მეტია საჭირო. მაგრამ აქაც ნახეს და უცხოურ ტურნირებზეც, რომ გერმანელი, შოტლანდიელი, ინგლისელი, ბელგიელი, ჰოლანდიელი, თურქი და უკრაინელი ბავშვები მათზე უკეთესები არ არიან და ბევრ რამეში სჯობდნენ კიდეც. თავდაჯერება აკლდათ და ტურნირებზე ეს შეიძინეს.

მეორე მხრივ, რა მოხდა - სტუმრებმა ევროპაში ამბავი გაიტანეს, რომ, თურმე, საქართველო არ არის ჩამორჩენილი, რომ აქ არის თანამედროვე საფეხბურთო ბაზა და კლუბი, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს ზრდის. ამას დაემატა საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარება - ეს ბრწყინვალე ღონისძიება იყო! ამ ყველაფერმა ბავშვები ფსიქოლოგიურადაც გაზარდა, გამოცდილებაც შეიძინეს და აშკარა ნახტომი გააკეთეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ყველაფერი მიღწევადია, თუ საქმეს სწორად მივუდგებით.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც.
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.

ძლიერი თაობები მოდიან რუსეთში - საუკეთესო აკადემია "კრასნოდარს" აქვს, რომელსაც ჩვენმა ბიჭებმა "კასპიის თასზე" მოუგეს, ახლახან კი პეტერბურგში 2004 წელს დაბადებულებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ეს ყველაფერი დამაიმედებელი და დიდი სტიმულია.



ჩვენი ბრაზილია და მშობლები

- რეალურად, "აიაქსის" პოლიტიკას მისდევთ - მოთამაშეებს აკადემიაში ზრდით და ყიდით, კლუბი რომ გამდიდრდეს და ფეხბურთელებმა კარიერა აიწყონ. ასე არიან ხორვატები, სერბები, ირლანდიელები...
- დიახ, ეს მნიშვნელოვანია და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა დაინახონ მაგალითები - "დინამო" თავად არის ტრამპლინი. აქ უნდა ივარჯიშო და თავი დაიმკვიდრო, მერე კარგად რომ გადახტე. ამას ბავშვები ხვდებიან, ზოგიერთი მშობლისგან განსხვავებით. ახლა ზოგიერთი ფეხბურთელი 16 წლისაა და სამწუხაროდ, კონტრაქტს არ აფორმებს, რადგან მშობლებს მათი უცხოეთში წაყვანა სურთ - კვიპროსში, რუსეთში, ბონუსი ახლავე რომ აიღონ. მაგრამ ასეთი სიჩქარით ბავშვებს მომავალს უფუჭებენ.

თუმცა, უმეტესობა გვენდობა და მოგვყვება. არავის უნდა ბავშვი, რომელსაც ჩვენს უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია, რადგან მას ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბება ესაჭიროება.

- "დინამოს" არ აქვს ევროპელებივით ფული, "აიაქსისა" და "მანჩესტერის" მსგავსად, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში საფეხბურთო სკოლები რომ გახსნათ. მაგრამ ჩვენი ბრაზილია სამეგრელოა, თქვენ კი სამეგრელოში საფეხბურთო სკოლა გახსენით.
- დიდი ხანია, ამის ინტერესი მქონდა და წლეულს გავაკეთე, რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი ტალანტი ისე იკარგება, მოედნამდეც ვერ მიდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვებს ადგილზე გაზრდაში დავეხმაროთ და გამორჩეულები 13 წლის შემდეგ აკადემიაში წამოვიყვანოთ.

ხომ გითხარით, პირველივე თაობიდან 5 ტრანსფერის გაკეთება შეგვეძლო. ანუ თბილისის "დინამოს" აკადემიამ დაარსებიდან 6 წელიწადში შედეგები მოგვცა. ახლა აკადემიაში უკრანიდან ფიზმომზადების მწვრთნელი ჩამოვიყვანეთ, რომ ბავშვები უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდნენ. ჩვენ "დინამოში" ძალიან ძლიერი გუნდი შევკარით, სადაც ყველა კლუბის ინტერესისთვის მუშაობს. მაგრამ აკადემიას უნდა დიდი ფული და დიდი მოთმინება, შედეგს 8 წელიწადში მიიღებ, 34 წელში ეს შეუძლებელია.

- მსგავსი ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ 10 აკადემიას რომ ჰქონდეს, ალბათ, სერიოზული წინსვლა გვექნება...
- 10 აკადემიაც არ არის საჭირო. მიხარია, "ლოკომოტივს" და "საბურთალოს" ძლიერი სკოლები რომ აქვთ. ქვეყანაში სულ 4 ძლიერი აკადემიაც რომ იყოს, რომლებიც ყოველწლიურად ჯამში 45 მოთამაშეს გაზრდის, ქართული ფეხბურთის მომავალს არაფერი დაემუქრება და წარმომიდგენია, რა ნაკრები გვეყოლება.

ფეხბურთის განვითარების ფონდზეც უნდა ვთქვა: მისი დაფუძნებით უდიდესი საქმე გაკეთდა. ჩემი აზრით, ფონდიდან ბავშვთა ფეხბურთზე მეტი სახსრები რომ დაიხარჯოს, ეს ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია იქნება. მიხარია, რომ ამაზე უკვე არის კიდეც ლაპარაკი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

16.09.2017    მერაბ მამულაშვილი

https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/skhvadaskhva/109042-es-bitcebic-da-transferebic-thbilisis-qdinamosiaq.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017