18.07.2017
"უკვე მომავალი ევროტურნირებისთვის კონკურენტუნარიანი გუნდი უნდა გვყავდეს!

თბილისის "დინამომ" სლოვენიური შეკრება დაასრულა. საქართველოს ეროვნული ლიგის ლიდერმა საკონტროლო მატჩებიც ჩაატარა და რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც მიიწვია.

უკვე იცით, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ "დინამოს" ღირსებას დაიცავენ აკაკი შულაია, ლევან გეგეჭკორი, ნიგერიელი მცველი მუჰამედ ალიუ და უკრაინელი ცენტრფორვარდი მიკოლა კოვტალიუკი.

ამას გარდა, გუნდიდან წავიდა ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი, რომელიც კარიერას ირანულ "ზობ აჰანში" გააგრძელებს.

ფაქტია, "დინამოს" გამოცდილ დამრიგებელ კახა კაჭარავას ერთხელაც მოუწევს ახალი გუნდის "აშენება", თუმცა ამას უკვე მიეჩვია - "დინამოში" იქნებოდა ეს, "ზესტაფონსა" თუ "ცხინვალში", ის არაერთხელ მდგარა ანალოგიური ამოცანის წინაშე და ყოველთვის წარმატებით გაურთმევია თავი ამოცანისთვის...

ეროვნული ლიგის განვლილ მატჩებში "დინამომ" თამასა საკმაოდ მაღლა ასწია. მატჩების უმეტეს ნაწილში ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა გულშემატკივრები ლაღი, შემტევი ფეხბურთით გაანებივრა. რაც მთავარია, არის შედეგიც.

ცხადია, ქომაგი "დინამოსაგან" ჩემპიონატის დარჩენილ ნაწილშიც იმავეს ელის. წლევანდელმა ევროტურნირებმა თბილისური გრანდის გარეშე რომ ჩაიარა, ჩვენი ფეხბურთისთვის ნორმალურ მოვლენად ვერაფრით ჩაითვლება. იმედია, მომავალი სეზონიდან ევროპას იმაზე უკეთესი "დინამო" დაუბრუნდება, ვიდრე ბოლო წლებში იყო.

მოკლედ, თბილისურ კლუბში საინტერესო პროცესები ვითარდება. გუშინ "ლელო" დინამოელთა თავკაც კახა კაჭარავას დაუკავშირდა და იმ თემებზე ელაპარაკა, რომელიც მკითხველისთვის უთუოდ საინტერესო იქნება...
 

შეკრების შეფასება

- ყველა შეკრებას აქვს დადებითი მხარეები, ყველა ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ჩვენი გუნდისთვის სლოვენიური შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ ვნახეთ, რა დონეზე არიან ჩვენი ფეხბურთელები. საკონტროლო მატჩები დიდი გამოცდა იყო ჩვენი მოთამაშეებისთვის. როგორც იცით, აკადემიიდან 11 ფეხბურთელი გვყავდა შეკრებაზე წაყვანილი.

საქმისადმი მათი მიდგომით კმაყოფილი ვარ. იცით ისიც, რომ არაერთი მოთამაშე გვყავდა მივლინებული ასაკობრივ ნაკრებებში.

რაც შეეხება საკონტროლო შეხვედრებს, უნდა გითხრათ, რომ ყველა მატჩი იყო სასარგებლო, მიუხედავად შედეგებისა. განსაკუთრებით გამოვყოფდი უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, "ზორიასთან" გამართულ სპარინგს.

როგორც იცით, ეს გუნდი ევროპალიგაზე ითამაშებს. პირველი 60 წუთის განმავლობაში გვეთამაშნენ შერეული შემადგენლობით, ბოლო ნახევარი საათი კი - უძლიერესით. ვინც ნახა ეს მატჩი, ალბათ დამეთანხმება, რომ ჩვენ უფრო გვქონდა მოსაგები.
 

ახალწვეულები

- კიდევ ერთხელ გვიწევს ახალი გუნდის შენება. გვაქვს კონკრეტული 3-წლიანი გეგმა და ვმუშაობთ მისი განხორციელებისთვის. ჩვენი მიზანია, უკვე მომავალ ევროტურნირებზე "დინამო" უნდა იყოს კონკურენტუნარიანი გუნდი - ისეთი, რომელსაც ყველა ანგარიშს გაუწევს.

იცით, რომ წავიდნენ წამყვანი ფეხბურთელები, რომელთა შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ამ ბიჭებისთვისაც უნდა გაგვეწია ანგარიში. მინდა, ყველა მათგანს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რაც "დინამოსთვის" გააკეთეს...

ძველი შემადგენლობიდან დღეს მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი დაგვრჩა და ისიც ტრავმირებულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს წარმატებული. რაც შეეხებათ ახალ ფეხბურთელებს, ისინი შეირჩნენ ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად და მათი დიდად გვეიმედება.

ეგ არის, რომ ძალიან დიდი შრომა მოუწევთ საიმისოდ, რომ ბოლომდე დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. კი ბატონო, თავიანთ კლუბებში ლიდერები იყვნენ, მაგრამ ახლა ისინი ახალი გამოწვევის წინაშე დგანან.
 

პოტენციურ ახალწვეულებზე

- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და მას ყოველთვის სჭირდება განახლება, გაძლიერება... ასე ვართ ჩვენც. სულ ვაკვირდებით ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელებს. განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც, შეიძლება, გუნდი გააძლიერონ და რომლებიც პროგრესირებენ.

ჩვენი მთავარი გეზი კი ძირითად გუნდში "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის კადრების დაწინაურებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ ვწყვეტთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ "დინამო" იყოს უფრო ძლიერი და კონკურენტუნარიანი.
 

კონკურენტები

- საქართველოს ჩემპიონატს ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და თამამად შეიძლება ითქვას, ყველა მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება. მე არ და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე გუნდია ჩვენი მთავარი კონკურენტი ეროვნულ ჩემპიონატში. ჩვენ გვყავს არა ერთი და ორი, არამედ 9 კონკურენტი.

დამეთანხმებით, ეროვნულ ჩემპიონატში დონე ძალიან გათანაბრებულია. ვერავინ იტყვის გადაჭრით, რომელი გუნდი რომელს დააკარგვინებს ქულებს. ასე რომ, ყველა შეხვედრაში გუნდი ბოლომდე უნდა იყოს მობილიზებული და კონცენტრირებული. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს.
 

ევროპული კრახის ანალიზი

- ჩემი აზრით, ის, რაც მოხდა ევროთასებზე, არ არის კონკრეტული კლუბის, კონკრეტული ხელმძღვანელის, ან ფეხბურთელთა კონკრეტული ჯგუფის პრობლემა. ეს არის ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემა და ჩვენც ასე უნდა მივუდგეთ საკითხს. აქ არის ზოგადი პრობლემები.

ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართულ ფეხბურთში რაც შეიძლება, მეტი კერძო ინვესტორი უნდა იყოს. რით უნდა დავაინტერესოთ ისინი? ჩემი აზრით, მათ სჭირდებათ გარკვეული შეღავათები იმისთვის, რომ მიმზიდველი იყოს მათთვის ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება.

ჩვენ ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ იმ კერძო ინვესტორებს, რომლებიც ფულს დებენ ქართულ ფეხბურთში. უნდა შევუქმნათ მათ იდეალური პირობები და არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი წასვლაზე დაფიქრდნენ...

მერწმუნეთ, ქართული ფეხბურთის განვითარებას დიდ დაღს ასვამს ის ფაქტი, რომ დროებით აფხაზეთი და სამაჩაბლო მოწყვეტილია საქართველოსგან. კარგად იცით, რამდენი ფეხბურთელი, ძალიან მაღალი დონის მოთამაშე მოდიოდა ამ რეგიონებიდან. ახლა ეს საკადრო რესურსი აღარ გვაქვს...

აქვე, მინდა მივმართო ჩვენს ლეგიონერებს, რომლებმაც უკვე ითამაშეს კარგი ფეხბურთი და თანდათან ამთავრებენ კარიერას - დაბრუნდნენ და დაასრულონ კარიერა საქართველოში.

გამოცდილი ფეხბურთელისგან ახალგაზრდა ძალიან ბევრს სწავლობს, შეუფასებელ რჩევებს იღებს, პროფესიონალად ყალიბდება...

გვინდა თუ არა, ბოლოს მაინც ფინანსებამდე მივდივართ. "ყარაბაღის" და "სამტრედიას" თამაში ყველამ ვნახეთ. აზერბაიჯანის ჩემპიონში ამინდს ქმნიან მაღალი დონის ლეგიონერები. ლეგიონერის გვერდით აზერბაიჯანელი ფეხბურთელებიც უმატებენ, იზრდებიან - კონკურენციას გრძნობენ და იმიტომ.

საერთოდ, კონკურენცია ფეხბურთში ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია. მე, როგორც "დინამოს" მწვრთნელი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით - ბედნიერი ვიქნები, რაც მეტი კონკურენტი მეყოლება ინფრასტრუქტურით, შემადგენლობით... ყველა იმ კომპონენტით, რაც სოლიდურ და ამბიციურ გუნდს უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი დონის ამაღლება.

რეგიონებში უნდა იყოს შესაბამისი პირობები. ბავშვი ერთხელ რომ დაარტყამს ბურთს ფეხს, ეგრევე თბილისში არ უნდა წამოიყვანონ. ჯერ ადგილზე გაიაროს რაღაც ეტაპი. რამდენადაც ვიცი, დასავლეთ საქართველოში ერთი საფეხბურთო აკადემიაც კი არ არის. ან საერთოდ რაზეა ლაპარაკი, როცა "კოლხეთს" არ აქვს სტადიონი. იმ ქალაქის გუნდს, საიდანაც მოდის ქართული ფეხბურთი. არ აქვს საკუთარი სტადიონი ბათუმის "დინამოს"...

ჩვენ სწრაფად გვინდა შედეგი, მაგრამ ერთ და ორ წელიწადში ყველაფრის გაკეთება რთულია. ჩვენ უნდა ვიამაყოთ წარსულით, მაგრამ მხოლოდ ამით არ უნდა ვიცხოვროთ. არადა, ხშირად სწორედ ასეა. მომავლისკენ უნდა გავიხედოთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ ყველამ, რაღაც უნდა შევქმნათ...

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დადგება ის შედეგი, რომელსაც ყველა ველოდებით. ახლა ქათულ ფეხბურთში ისეთი ვითარებაა, რომ საჭიროა მთელი ჩვენი საფეხბურთო თემის კონსოლიდაცია. რა თქმა უნდა, ჩვენს ფეხბურთს ბოლომდე მაშინ ეშველება, როცა ქვეყანა ფეხზე დადგება, მაგრამ მანამდე ჩვენ ცდა და მონდომება არ უნდა დავაკლოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/106462-qukve-momavali-evroturnirebisthvis-konkurentunariani-gundi-unda-gvyavdes.html

18.07.17              ალეკო კაკაურიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017