24.06.2017
"არ ჯობია, ცოტა მოიცადონ?! ...ძალით არავის გავაჩერებთ გუნდში"

საქართველოს ეროვნულ ლიგა ეკვატორზეა - ორი წრე მიილია. ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს თბილისის "დინამო". ბოლო ტურში დედაქალაქურმა გრანდმა უპრინციპულესი მატჩი მოუგო ქუთაისის "ტორპედოს" და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

სეზონის დაწყების წინ ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გაახალგაზრდავდა. გუნდი ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა. ასეთ ვითარებაში ჩაიბარა "დინამო" კახა კაჭარავამ. მწვრთნელზე შედეგით მსჯელობენ, შედეგი კი მოსალოდნელზე უკეთესია...

სხვა თემაა "დინამოს" თამაშის ხარისხი. მთელ რიგ მატჩებში და თუნდაც "ტორპედოსთან" მატჩის მეორე ტაიმში კაჭარავას შეგირდებმა ძალზე სანახაობრივი, მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს.

"ლელო" "დინამოს" თავკაცს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- ჩემპიონატის ნახევარი გავლილია. მოდით, ჯერ პირველი ორი წრე შევაფასოთ. როგორი იყო ის "დინამოსთვის"? ვფიქრობთ, უკმაყოფილების საფუძველი არ უნდა გქონდეთ...
- უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. მათ ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. მოგეხსენებათ, გასული სეზონის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა გუნდში. მხოლოდ ორი ფეხბურთელი დარჩა ძველი შემადგენლობიდან...

მაგრამ მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს - ჯერ მთავარი ბრძოლები წინ არის. კი ბატონო, დღეს პირველ ადგილზე ვართ და ეს არის ის ადგილი, რომელიც "დინამოს" ეკადრება.

- თქვენ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააწინაურეთ. გარედანაც ჩანს, რომ მათ გაამართლეს. თავად როგორ აფასებთ ამ ბიჭების გარჯას?
- თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიამ უკვე მოგვცა შევსება და ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენი გეზი გამოკვეთილია: მაქსიმალური ნდობა და შანსი უნდა მივცეთ სწორედ ამ აკადემიის ფეხბურთელებს. კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებით, საქმისადმი მათი მიდგომით... მათ უნდათ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ და ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში.

- ბოლო აკორდი ქუთაისის "ტორპედოსთან" მოპოვებული გამარჯვება იყო. რამ განაპირობა ეს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, მათ ეკუთვნით სამადლობელი სიტყვები. სანამ უშუალოდ მატჩზე ვიტყოდე, უნდა შევეხო მაყურებლის თემას. ეროვნულ ჩემპიონატს თანდათან უბრუნდება მაყურებელი და ეს ამ თამაშმაც გამოაჩინა. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის საკითხი...

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩვენ მოგვიწია შეხვედრა შესანიშნავ ფორმაში მყოფ მოწინააღმდეგესთან. ბოლო დროს "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, ჩემპიონატშიც დაძაბული გრაფიკი იყო და მე მაინც ამ გადაღლილობას ვაბრალებ იმას, რომ პირველი ტაიმი ჩაგვივარდა და წავაგეთ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ მეორე ტაიმში აშკარა იყო ჩვენი უპირატესობა.

ჩემთვის მთავარი ის არის, რომ გუნდი აგებდა და მოიგო. ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა. საქართველოში გუნდი რომ აგებს, უჭირს თამაშის შემობრუნება. ჩვენ, რატომღაც, დიდ ყურადღებას ვაქცევთ პირველ გაშვებულ გოლს...

- "ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ "დინამო" ორმა ლიდერმა - გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ დატოვა. ცხადია, ეს გუნდისთვის ძალიან დიდი დანაკლისია...
- ლობჟანიძე და პაპუნაშვილი, თუ მცირე წყვეტას არ ჩავთვლით, უკვე დიდი ხანია, "დინამოს" ფეხბურთელები არიან. ჩვენ მათ შევთავაზეთ ახალი კონტრაქტები, მაგრამ მათი სურვილი იყო, რომ საზღვარგარეთ მოესინჯათ ძალები, აღარ უნდოდათ საქართველოს ჩემპიონატში თამაში... მინდა, მათ მადლობა გადავუხადო - ორივემ ბევრი გააკეთა "დინამოსთვის"!

რა თქმა უნდა, მათი წასვლა დანაკლისია, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით ამ დანაკლისის შევსებას როგორც ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებით, ისე ლეგიონერებით, ოღონდ ეს არ მოხდება ისე, რომ "დინამოში" ერთბაშად გამოჩნდეს, სიტყვაზე, ათი ლეგიონერი...

რა თქმა უნდა, მესმის ყველა ფეხბურთელის, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, რიგ შემთხვევებში ზოგი ჩქარობს. ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ვთქვათ, ორი წლის განმავლობაში, ესა თუ ის ფეხბურთელი, დარჩენილიყო საქართველოს ჩემპიონატში, კიდევ გაზრდილიყო, მოეტანა სარგებლობა ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებებისთვის და მერე წასულიყო უცხოეთში?

მოგეხსენებათ, ფეხბურთელისთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა. ჩვენ "დინამოში" ბოლომდე ვენდობით ახალგაზრდებს და ეს ჩვენ მიერ არჩეული გზაა, მაგრამ ექნებათ კი მათ ასეთივე ნდობა იმ კლუბებში, სადაც მიდიან სათამაშოდ? არ ჯობია, ცოტა რომ მოიცადონ? უფრო სრულყოფილები წავლენ ევროპაში. კლუბი კი მათ ბოლომდე დაეხმარება კარიერის აწყობაში.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პატივს ვცემთ ფეხბურთელის არჩევანს. ძალით არავის გავაჩერებთ გუნდში. პირდაპირ ვიტყვი - არ არის "დინამო" ორიენტირებული ფეხბურთელების გაყიდვაზე. გვინდა, ისეთი გუნდი გავაკეთოთ, რომელიც სრულფასოვნად, წარმატებით ითამაშებს ევროთასებზე.

- ცხადია, "დინამოში" ახალი ფეხბურთელების გამოჩენას უნდა ველოდოთ...
- ჩვენი ორიენტირი უცვლელია - რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეს მივცეთ თავის გამოჩენის შანსი. ლეგიონერი მოვა მხოლოდ იმ პოზიციაზე, რომელზეც ვერ ვნახავთ შესაბამის კადრს ჩვენს აკადემიასა თუ საქართველოს ჩემპიონატში. არ გამოვრიცხავ გუნდში 2-3 ლეგიონერის დამატებას, მაგრამ ეს იქნება წერტილოვანი გაძლიერება.

- თქვენ სამ ლეგიონერს აკვირდებოდით. დარჩებიან ისინი "დინამოში"?
- ორმა მათგანმა გუნდი უკვე დატოვა. რაც შეეხება ამპლუით მარცხენა მცველ მოჰამედს, ის იანვრამდე დაკვირვების რეჟიმში გვეყოლება და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

- აკადემიიდან კიდევ აპირებთ მოთამაშეების დაწინაურებას?
- აუცილებლად დავაწინაურებთ შვიდ-რვა ფეხბურთელს ძირითად გუნდში და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

- ეროვნულ ჩემპიონატში ერთთვიანი შესვენება გამოცხადდა. როგორ გამოიყენებთ პაუზას?
- 29 ივნისს სლოვაკეთში მივდივართ თორმეტდღიან შეკრებაზე. იქ დაგეგმილი გვაქვს სამი ამხანაგური მატჩი... სხვათა შორის, ბევრ გუნდს უნდა ჩვენთან თამაში, თუნდაც რუსეთისა და უკრაინის პრემიერლიგის გუნდებს...

- საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატს როგორ აფასებთ?
- რასაც ვუყურებ, ამართლებს ახალი ფორმატი. ცხრილს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ დიდი სიმჭიდროვეა. ჩემი თქმა რად უნდა - ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებას მოითხოვს. მერე გვიკვირს, რატომ მიდიან საქართველოდან ფეხბურთელები. არადა, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ყველას უნდა კარგ სტადიონებსა და მოედნებზე თამაში.

- დაბოლოს, თქვენს ვაჟზე, ნიკა კაჭარავაზე უნდა გკითხოთ. "კორონას" ჩვენი დასაწუნი არაფერი სჭირს, მაგრამ ცოტათი მაინც გვეთანაღრება გული - მისი გადაბირება ხომ "რეინჯერსს" სურდა...
- "რეინჯერსის" გარდა, იყო ჩეხეთის, ხორვატიის და პოლონეთის უმაღლესი ლიგის გუნდების ვარიანტები. ჩვენ "კორონაზე" არჩევანი შევაჩერეთ ერთი მიზეზის გამო - ეს იყო ერთადერთი კლუბი, რომელიც ნიკას ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, დანარჩენებს სამწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება სურდათ. ახლა ნიკას თავისუფლად შეეძლება, ერთი წლის შემდეგ გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც მის კარიერას წაადგება...

"რეინჯერსი" მდიდარი ტრადიციების კლუბია და რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის იქ გადასვლაზე უარს?! რეალური ინტერესი მართლაც იყო. შოტლანდიელები ნიკას ოთხი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ მოგეხსენებათ, ბრიტანეთში ფეხბურთელის ტრანსფერი გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. იქ სამუშაო ვიზა რომ მიიღო, არაერთი ბარიერია დასაძლევი, ითვლება სანაკრებო რეიტინგი და ასე შემდეგ...

საბოლოოდ მივიღეთ "კორონას" შეთავაზება. ეს ეტაპი, ჩვენი გათვლით, შუალედური უნდა იყოს ნიკას კარიერაში. დღეს მას თუ რამე სჭირდება, ესაა უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა და ფიზიკური ძალა, რომელიც მოაქვს სწორედ პრაქტიკას. პოლონეთის ჩემპიონატი არ არის უმაღლესი დონის პირველობა, მაგრამ არც დაბალი დონისაა. მე ვიტყოდი, ეს არის საშუალო დონე.

ახლა ყველაფერი ნიკაზეა დამოკიდებული. მერე მას საშუალება ექნება, უკეთეს გუნდში გადავიდეს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ "კორონაში" კარგად წარმოაჩენს თავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/105550-dghis-interviu-qar-jobia-cota-moicadon-dzalith-aravis-gavacherebth-gundshiq.html

ლელო. ალეკო კაკაურიძე 24.06.2017

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017