27.02.2017
"ეს ჩემი პრინციპია... ვინც "დინამოს" არ აფასებს, იმის ადგილი ჩემს გუნდში არ იქნება!"

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, კაჭარავამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად სიმბოლურ პრიზს უსახსოვრებს. 50 წლის სპეციალისტმა აკაკი გვარმიანის შემდეგი კითხვა მოიწონა: "თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა 16-გუნდიან ჩემპიონატს და რა ექნება 10-გუნდიანს?"

მკითხველი:
- ერთ-ერთ გადაცემაში ღიად დააფიქსირეთ, რომ 10-გუნდიანი ჩემპიონატის წინააღმდეგი იყავით. ახლა როგორ ფიქრობთ? თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა 16-გუნდიან ჩემპიონატს და რა ექნება 10-გუნდიანს? გილოცავთ "დინამოში" დაბრუნებას...
- რაც მეტი კლუბი იქნება უმაღლესში, მით უკეთესი - მე ამას ვგულისხმობდი. ვერ წარმომიდგენია, ბათუმში, ფოთში ან იგივე ლანჩხუთში უმაღლესი ლიგა არ იყოს, მაგრამ საამისოდ ამ ქალაქის კლუბებს სათანადო ინფრასტრუქტურა და ელემენტარული პირობები მაინც უნდა ჰქონდეთ.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, 16-ს კი არა, სტადიონი 10 კლუბსაც არ აქვს.

მკითხველი:
- "დინამოს" მწვრთნელად მეოთხედ დაინიშნეთ. მაინტერესებს, რა გრძნობაა თქვენთვის ქვეყნის ფლაგმანის მთავარი მწვრთნელობა და რა მიზნებს ისახავთ გუნდთან ერთად?
- "დინამოში" თამაში და მუშაობა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, მიზნები კი ყოველთვის მაღალი მქონდა. ახლა აქ მუშაობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მომავლის გუნდი ყალიბდება.

მკითხველი:
- მაინტერესებს, იქნება თუ არა თქვენი სამწვრთნელო საქმიანობა დამოუკიდებელი და მისცემთ თუ არა უფლებას ბატონ რომან ფიფიას, ჩაერიოს სამწვრთნელო საქმიანობაში? ვისურვებდი, რომ თქვენმა შვილმა შეუტიოს "დინამოს" სახელით თუნდაც ერთი სეზონით. წარმატებები "დინამოში"!
- ეს არაკორექტული შეკითხვაა! რომან ფიფია ყველაფერს გუნდის საკეთილდღეოდ აკეთებს, მწვრთნელის საქმიანობაში კი ის არასდროს ჩარეულა. მე მასთან პირველად არ ვმუშაობ და ეს ძალიან კარგად ვიცი.

მკითხველი:
- გამარჯობა. რატო არ ვიყენებთ გუჯა კახაძის 47+5 პროგრამას, ფიზიკურ მომზადებას დატვირთვების გარეშე? მადლობა.
- ჩემი სამწვრთნელო ხედვა სხვა მეთოდებს ითვალისწინებს. კლუბის ხელმძღვანელობამ ძალიან კვალიფიციური ფიზმომზადების მწვრთნელი მოიყვანა, რომელმაც თავის დროზე უკრაინის ნაკრებში სამი წელი იმუშავა.

მკითხველი:
- რას ნიშნავს "დინამო" თქვენთვის და თქვენი აზრით, რას ნიშნავთ თქვენ "დინამოსთვის"?
- ნაწილობრივ, ამ კითხვას პასუხი უკვე გავეცი. "დინამო" ჩემთვის ყველაფერია. და ვინ ვარ მე "დინამოსთვის"? ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარიერის ბოლოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის არ შემრცხვეს.

მკითხველი:
- მიიღო "დინამოსგან" წინადადება, საკმაოდ სასიამოვნოა, მაგრამ ამასთანავე, საპასუხისმგებლო. გუნდი თითქმის დაკომპლექტებულია, თქვენმა წინამორბედმა თავისი ხედვებით შეარჩია შემადგენლობა და ერთი შეკრება უკვე მორჩა კიდეც. თქვენ დაგრჩათ მეორე შეკრება. ამ დროის განმავლობაში შესაძლოა კიდევ ვინმე გასინჯოთ ან პირდაპირ დაიმატოთ, მაგრამ ეს მაინც ცაიტნოტურ მდგომარეობაში გაყენებთ. მიუხედავად ამისა, შედეგზე პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ. რა იქნება გუნდის მიზანი პრო ლიგა 1-ში, რა პირობებზე შეთანხმდით კლუბის პრეზიდენტთან (სპორტული კუთხით რა თქმა უნდა)?
- უკეთესი იქნებოდა, მეტი დრო რომ მქონოდა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. "დინამოში" მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელების შემყურე ვიტყვი, რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული გვმართებს. დიდი შედეგები დროს საჭიროებს.

მკითხველი:
- მას შემდეგ, რაც "დინამოდან" წახვედით, ბევრი რამ შეიცვალა. ფეხბურთი კიდევ უფრო განვითარდა, როგორც სამწვრთნელო, ისე უშუალოდ სათამაშო კუთხით (ყოველ შემთხვევაში ევროპაში). თქვენ კი თითქმის მთელი ეს პერიოდი დასაქმებული იყავით. როგორ ახერხებს მოქმედი მწვრთნელი, ფეხი აუწყოს ფეხბურთის თანამედროვე მოთხოვნებს და ეს ყველაფერი ფეხბურთელებამდე მიიტანოს?
- ქართული ფეხბურთი მსოფლიო ფეხბურთის განვითარებას ვერ მიჰყვება იმ ტემპებით, როგორც საჭიროა. რომან ფიფიას ძალისხმევით, საბედნიეროდ, "დინამოში" მუშაობისა და ფეხბურთელების ზრდისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, მაგრამ ქართულ ფეხბურთს განვითარებისთვის მხოლოდ "დინამოს" კარგი პირობები არ ეყოფა - 5-6 გამართული ინფრასტრუქტურის მქონე კლუბია საჭირო.

მკითხველი:
-  იმ პერიოდში, როდესაც "დინამოს" თავკაცობდით, გუნდში ფინანსურად მთლად სახარბიელო სიტუაცია არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, თქვენმა გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა ტალინის "ფლორას" ბარიერის დაძლევა, თან საკმაოდ იოლად. ასევე წარმატებული იყო თქვენი სამწვრთნელო კარიერა "ცხინვალში", სადაც კიდევ უფრო მწირი ბიუჯეტის პირობებში საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბეთ. თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ერთია, სათამაშოდ განაწყო გუნდი, რომლისგანაც ბევრს არ ითხოვენ, და მეორე შემთხვევაში - თქვენ მოგიწევთ სათამაშოდ განაწყოთ გუნდი, რომლისგანაც მხოლოდ ჩემპიონობას ელიან, მით უმეტეს, ჩაგდებული სეზონის შემდეგ. რამდენად ხართ ამისათვის მზად?
- "დინამოსგან" არამხოლოდ ჩემპიონობას, არამედ ევროასპარეზზე წარმატებულ გამოსვლას ითხოვენ. ამ მიზნებისკენ სვლას ჩვენ დღეს ახალი გუნდით ვიწყებთ. ეს ყველაფერი, როგორც ვთქვი, დროს საჭიროებს.

მოხარული ვარ, რომ კლუბის პრეზიდენტი სწორედ აკადემიის ფეხბურთელებზე დაყრდნობით გეგმავს გუნდის შენებას. აჩქარებითა და ცრუ დაპირებებით არაფერი გამოვა. მოთმინება და სწორი მუშაობაა საჭირო, რისთვისაც მზად ვართ.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში დამკვიდრებული გუნდების ყოველწლიურად გაახალგაზრდავება და ხშირ შემთხვევაში გამოცდილი ფეხბურთელების დეფიციტი ხომ არ არის ევროსარბიელზე ქართული კლუბების წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ხომ არ დგას იგივე პრობლემის წინაშე თბილისის "დინამო"?
- საქართველოში მუდმივად ახალი გუნდები იქმნება, რაც, ცხადია, პრობლემაა. ყველა კლუბს ძირითადი ბირთვი უნდა ჰყავდეს და კონკრეტულ პოზიციებს პერიოდულად აძლიერებდეს. ევროასპარეზის წინ 7-8 ახალი ფეხბურთელი გაძლიერების საბაბს ვერ იძლევა, თუ ძირითადი შემადგენლობა 2-3 წლის შეთამაშებული არაა. ჩვენ სწორედ ამ გზით ვივლით.

მკითხველი:
- თქვენ არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააწინაურეთ უმაღლეს ლიგაში, რომლებმაც თავიანთი ნიჭიერება დაამტკიცეს როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე ევროთასებზე: ფირცხალავა, მამუჩიშვილი, ნემსაძე, ჩადუნელი, კოშკაძე, თექთურმანიძე, თომაშვილი, კაკუბავა და სხვები... როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლეს ამ ბიჭებმა უფრო მაღალ დონეზე თამაში, ვიდრე უმაღლესი ლიგაა?
- ისინი მართლაც ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ სხვა ყველაფერთან ერთად, ფეხბურთი გამართლებაცაა. ზოგმა ტრავმა მიიღო, ზოგმაც თავად არ ისურვა აქტიური კარიერა. სამაგიეროდ, გურამ კაშიამ, გიორგი ლორიამ, სანდრო კობახიძემ, გიორგი მერებაშვილმა მოახერხეს უცხოეთში თამაში.

მკითხველი:
- თურქულ შეკრებაზე "დინამო" კარგად გამოიყურება, მაგრამ ბევრი მინუსიც ჩანს. ერთ-ერთი მთავარი ფლანგის შემტევებია. ისინი თითქოს მხოლოდ ცენტრისკენ იწევიან ბურთით და მოწინააღმდეგეს შეტევის გაგრძელების სხვა ვარიანტს ვერ სთავაზობენ. ეს იმის ბრალია, რომ ორივე ფეხით არ შეუძლიათ თამაში, თუნდაც ჩაწოდება მეორე ფეხით. ხომ არ აპირებთ, რამდენიმე ფეხბურთელი დამატებით ავარჯიშოთ ამ პრობლემის გამოსასწორებლად?
- არ ვიცი. შესაძლოა, ადრე ფეხბურთელებისგან ამ სტილში თამაშს ითხოვდნენ. მე ჩემებური შეხედულებები მაქვს და ვცდილობ, ის ფეხბურთელებს ავუხსნა.

მკითხველი:
- საინტერესოა, რა განსხვავებას ხედავთ 2009-11 წლების "დინამოსა" და დღევანდელ "დინამოს" შორის?
- ზუსტად ის წლები მახსენდება. მაშინ გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები მყავდნენ: ლორია, კაშია, კობახიძე, მერებაშვილი, ვაწაძე, თარგამაძე, კაკუბავა... მათ პროგრესი განიცადეს. ახლაც ნიჭიერი თაობა გვყავს აკადემიიდან. მათ ნამდვილად შეუძლიათ დიდი ფეხბურთი ითამაშონ, რისთვისაც დრო და ჩვენი მუშაობა სჭირდებათ.

აკადემიაში არიან კიდევ მოთამაშეები, რომლებსაც ასაკის გამო ვერ ვიწვევ მთავარ გუნდში. ეტაპობრივად, მათაც მიეცემათ შანსი პირველ გუნდში თავის წარმოჩენის.

მკითხველი:
- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ "დინამომ" მოახერხოს და ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელიც თქვენ გსურთ? რას ხედავთ ხელის შემშლელ ფაქტორად და როგორ ფიქრობთ, რამდენი დრო დასჭირდება ამ ყველაფერს?
- უპირველესად, გუნდის შენება. უცებ არაფერი კეთდება. 2-3 წელი ამ ფეხბურთელებმა ერთად უნდა გაატარონ, ერთად გაიზარდონ. ეტაპობრივად, ვნახავთ, რომელ პოზიციებზე ვსაჭიროებთ გაძლიერებას. თუ საქართველოში არ მოიძებნა საჭირო ფეხბურთელი, მომავალში 1-2 ლეგიონერზეც ვიფიქრებთ და არა 7-8-ზე, რაც ჩვენი ფეხბურთელების ზრდას ხელს შეუშლის.

მკითხველი:
- რომელ კლუბს მიიჩნევთ "დინამოს" მთავარ კონკურენტად ახალ ჩემპიონატში?
- "დინამოს" წინააღმდეგ ყველა გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულად იბრძვის. ამიტომ ჩვენთვის ყველა მთავარი კონკურენტია.

მკითხველი:
- რა შეხედულების ხართ ლეგიონერებზე?
- ძირითადი დასაყრდენი ჩვენი აღზრდილი ფეხბურთელები უნდა იყვნენ, მაგრამ, ვფიქრობ, დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში 1-2 ლეგიონერიც საჭირო გახდება.

მკითხველი:
- აპირებთ თუ არა შემადგენლობის გაძლიერებას და თუ გაქვთ შერჩეული კანდიდატები ამისათვის? დატოვებს თუ არა შემადგენლობას ზოგიერთი ფეხბურთელი?
- ჩემპიონატის დაწყებამდე ცვლილებები აღარ იქნება, თუმცა გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და გზადაგზა ვიღაც წავა, ვინმეს დავიმატებთ.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა და ესაა ჩემი პრინციპი: "დინამოში" ითამაშებენ ისინი, ვინც აცნობიერებს, რას ნიშნავს "დინამოს" მაისურით მოედანზე გასვლა. ვინც ამას არ აფასებს, იმ ფეხბურთელების ადგილი ჩვენს კლუბში არ იქნება.

 

27.02.2017   sportall.ge

http://www.sportall.ge/mtavari/preskonferencia/101210-kakha-katcaravam-sportallge-s-mkithkhvelebs-upasukha.html

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017