28.09.2016
ლევან გვანცელაძე: "დინამო" უეფას ახალგაზრდული ლიგისთვის მზად არის!..

29 სექტემბერს, 20 საათზე, "დინამო არენაზე", უეფას ახალგაზრდული ლიგის გათამაშებაში, რაც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ანალოგს წარმოადგენს, თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი ალმათის "ქაირათის" თანატოლებს უმასპინძლებს.

ცხადია, ლევან გვანცელაძისა და მისი გუნდისთვის ეს მატჩი სერიოზული გამოცდა იქნება.

საინტერესოა, რომ ქართველი გულშემატკივარი ამ მნიშვნელოვან მატჩს "სილქ უნივერსალის" ეთერში ცოცხლად იხილავს. იმედია, უპრინციპულეს შეხვედრაში პატარა დინამოელებს ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოაკლდებათ.

"ლელო" დინამოელთა თავკაც ლევან გვანცელაძეს ესაუბრა. თავდაპირველად მას გუნდში არსებულ ზოგად ვითარებაზე დავეკითხეთ...

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და მისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. ეგაა, მატჩისთვის მოსამზადებლად არ გვქონდა დიდი დრო, თუმცა მიმაჩნია, რომ გუნდი თამაშს მომზადებული ხვდება...

სამწუხაროდ, არის დანაკლისიც. ტრავმირებულია ცენტრალური მცველი ლუკა ქაფიანიძე. ამხელა დონეზე თამაშის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გუნდი მზად არის", - გვითხრა გვანცელაძემ.

"დინამოს" ყოველთვის მრავლად ჰყავს წარმომადგენლები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდს თამაშობენ ფინეთში და ცხადია, დინამოელთა თავკაცს ამის თაობაზეც ვკითხეთ.

"მოგეხსენებათ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ფინეთშია და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. ამის გამო დაგვაკლდებიან მეკარე ბულესკირია და ნახევარმცველი დავითაშვილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდს ეს დანაკლისი არ დაეტყოს", - გვეუბნება გვანცელაძე.

ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე ძირითადად 1998, 99 და მომდევნო წლებში დაბადებული ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ყველა გუნდს აქვს 1997 წელს დაბადებული 3 ფეხბურთელის დამატების უფლება. საინტერესოა, აპირებენ თუ არა დინამოელები ამ კვოტის გამოყენებას. ამაზე გვანცელაძე ამბობს:

"დიახ, ჩვენ გვაქვს 1997 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელის დამატების უფლება, ოღონდ ის ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებმაც მინიმუმ 2 წელი გაატარეს კლუბში. ვაპირებ თუ არა ამ კვოტის ათვისებას? დიახ ვაპირებთ - "ქაირათთან" შეხვედრაში "დინამო" დაემატებიან მეკარე გიორგი კულუა, მარჯვენა მცველი ვახტანგ კაპანაძე და თავდამსხმელი გიორგი ზარია. მჯერა, ისინი მაქსიმალურად სასარგებლონი იქნებიან გუნდისთვის".

საინტერესოა, რომ გიორგი ზარიას უკვე "დინამოს" უპირველეს გუნდში ასპარეზობის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მეკარე გიორგი კულუას, მთავარი "დინამოს" განაცხადში ისიც გვინახავს.

გვანცელაძეს მოწინააღმდეგე გუნდის შეფასებაც ვთხოვეთ. ის მიიჩნევს, რომ "დინამოს" საქმე სერიოზულ მეტოქესთან აქვს:

"ზოგადად, ბოლო დროს ყაზახური ფეხბურთის პროგრესი თვალსაჩინოა. "ქაირათი" კი ამ ქვეყნის ფეხბურთის სახეა ისევე, როგორც ქართული ფეხბურთისა - თბილისის "დინამო". ვიცით, რომ ბოლო წლებში დიდი თანხა ჩაიდო "ქაირათის" საფეხბურთო აკადემიაში. ჩვენს მეტოქეს ასაკობრივ ჩემპიონატში არ ჰყავს კონკურენტი და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

"ქაირათის" ბირთვს ყაზახეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ. ჩვენ ვნახეთ "ქაირათის" 21-წლამდელთა გუნდის თამაშის ჩანაწერი და, რა თქმა უნდა, ნანახიდან შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ.

ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ამ მატჩისთვის ერთად ვემზადებოდით, მეტოქეს კი, რამდენადაც ვიცი, ამის საშუალება არ ჰქონია".

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/96774-levan-gvanceladze-qdinamoq-uefas-akhalgazrduli-ligisthvis-mzad-aris.html

ალეკო კაკაურიძე "ლელო" 28.09.2016

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017