
დინამო თბილისმა და ასოციაცია გეორგიამ 22-30 სექტემბერს ლეგენდარული კოტე მახარაძის სახელობის დინამოს თასის გათამაშება ჩაატარეს. გათამაშებაში, რომელიც ირაოს მოედანზე გაიმართა, მონაწილეობდნენ: დინამოს ვეტერანები, პირველი არხი, იმედი, ალანია, რუსთავი 2, მარჯანიშვილი, მედია სახლი პალიტრა და GMG. გუნდები ორ ქვეჯგუფად განაწილდნენ. ნახევარფინალში თამაშის უფლება, დინამომ, პირველმა არხმა, იმედმა და მარჯანიშვილის თეატრმა მოიპოვეს. ფინალში კი ერთმანეთს თბილისის დინამოს ვეტერანები და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გუნდები დაუპირისპირდნენ. კოტე მახარაძის სახელობის დინამოს თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა სიმბოლური გამოდგა - ფინალში გასული გუნდები კოტე მახარაძის უკვდავ სახელს უკავშირდებიან. დინამო - გუნდი, რომლის ყველა დიდ წარმატებას თუ წარუმატებლობას ერთნაირად განიცდიდა და ხარობდა კოტე მახარაძე და პირველი არხი - იმ ტელევიზიის გუნდი, რომლის ეთერითაც ქართველ გულშემატკივართ 1981 წელს, ყველაზე დიდი გამარჯვება - თასების მფლობელთა თასის ფინალური შეხვედრის რეპორტაჟის მიწურულს აუწყა. მატჩი დინამოელებმა დიდი ანგარიშით 5-1 მოიგეს. ფინალური მატჩის დასრულებისთანავე გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო. გამარჯვებულ გუნდს საპატიო თასი ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გადასცა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი ოთარ გაბელიას გადაეცა, საუკეთესო ბომბარდირი კი გიორგი ნემსაძე გახდა.

დინამოს ვეტერანების შემადგენლობაში გამოდიოდნენ: ოთარ გაბელია, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ჯიშკარიანი, ბესიკ ბერაძე, კახა კაჭარავა, გიორგი ფირცხალავა, ლევან ბარათაშვილი, გელა ინალიშვილი, ვაჟა ჟვანია.





























