40-50-იანი წლები. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1945 წელს განახლდა. თბილისელთა შორის ახალი ლიდერები გამოჩნდნენ: გაიოზ ჯეჯელავა, ნიაზ ძიაპშპა, ანდრო ზაზროევი, ვლადიმერ ელოშვილი, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ მარღანია, გიორგი ანთაძე...
სწორედ იმ წლებში გახდა დინამოელი ლეგენდარული ავთანდილ ღოღობერიძე, ფეხბურთელი, რომელიც დღემდე ”დინამოს” მრავალგზის რეკორდსმენია.
ავთანდილ ღოღობერიძე თბილისის ”დინამოში” 14 წელი თამაშობდა, საკავშირო ჩემპიონატებში 341 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 127 გოლი. 1953 წელს თბილისის ”დინამო” საოცრად ახლოს იყო ჩემპიონის ტიტულთან, მაგრამ საქმეში ”ზემდგომი ორგანოები” ჩაერივნენ, ქართველ ფეხბურთელებს მოგებული შეხვედრის გადათამაშება უბრძანეს და ტენდენციური მსაჯობის წყალობით ”დინამოს” ოქროს მედლები დააკარგვინეს.
საბოლოოდ ”დინამო” ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მომდევნო სეზონიდან კი კლუბის ისტორიაში პირველი კრიზისული პერიოდი იწყება - 1954 წლიდან 1958 წლის ჩათვლით ”დინამო” მეშვიდე ადგილზე მაღლა ასვლას ვერ ახერხებს. იმ წლებში გუნდის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებმაც საბოლო ჯამში კლუბს 1964 წელს ჩემპიონის ტიტული მოუტანეს: შოთა იამანიძემ, ვლადიმერ ბარქაიამ, სერგო კოტრიკაძემ, მიხეილ მესხმა, ბორის სიჭინავამ, გურამ პეტრიაშვილმა, ზაურ კალოევმა, ჯემალ ზეინკლიშვილმა და სხვებმა ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის თეთრ-ლურჯი მაისურა ”დინამოსათვის” წარუმატებელ წლებში მოირგეს.





























